XVI საუკუნის უნიკალური "სამეგობრო ალბომი" - კვირის პალიტრა

XVI საუკუნის უნიკალური "სამეგობრო ალბომი"

პირველად "კვირის პალიტრაში"

"როგორ მოხვდა გამოცემა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არავინ იცის. შემოსვლის თარიღად 1934 წელია მითითებული"

"ეს უნიკალური ალბომი შესანიშნავი წყაროა შუა საუკუნეების ევროპელი საზოგადოების მისწრაფებებისა და  სოციალური ურთიერთობების შესასწავლად"

რამდენიმე დღის წინ, სამსახურში მიმავალი დიდი ხნის უნახავ კლასელს შევხვდი. კარგა ხანს ვიხსენებდით სკოლის პერიოდს. თურმე ანა დღემდე ინახავს მაშინდელ "მეგობრობის დღიურს", სადაც სხვების ჩანაწერებთან ერთად ჩემიც არის. მახსოვს, მსგავსი დღიურები თითქმის ყველა გოგონას ჰქონდა და ძირითადად ბიჭებს გვავსებინებდნენ - რომელი მსახიობი მოგწონს? რომელი ნაწარმოების გმირი იქნებოდი? გყავს თუ არა შეყვარებული?.. სხვადასხვა კითხვას ბავშვური ლოგიკით ვუპასუხებდით და ფურცელზე დარჩენილ ცარიელ სივრცეებზე ფლომასტერით ვხატავდით. დანამდვილებით ვიცი, ასაკში შესულს ხშირად მომინდება ამ ჩანაწერების წაკითხვა და ფრაგმენტებად ამოტივტივებულ ბავშვობის მოგონებებს შვილიშვილებსაც მოვუყვები.

ამ ფიქრებში გართულმა შევაბიჯე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში  პირველად რამდენიმე წლის წინ მოვხვდი. ახლაც მახსოვს მაშინდელი შეგრძნება. ეს არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება და წარსულში მოგზაურობას იწყებ. განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მაგიდაზე რამდენიმე გადაშლილ წიგნს ვამჩნევ. მათ შორის არის ორნამენტებით გაფორმებული ლურჯყდიანი სქელი გამოცემა. ინტერესის მიზეზი მისი ოქროსფერი ფურცლის კიდეები და ალაგ-ალაგ სანიშნედ ჩალაგებული ფერადი ფურცლები ხდება. ჩემდა გასაკვირად, XVI საუკუნით დათარიღებული წიგნი "სამეგობრო ალბომი" აღმოჩნდა, რომლის პირველი მეპატრონე ბრანდენბურგელი ერუდიტი და პედაგოგი იოჰან სალაგასტი გახლდათ.

მანანა სამაშვილი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი: - "სამეგობრო ალბომი" ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში XVI საუკუნით დათარიღებული ერთადერთი გამოცემაა.

ევროპის ქვეყნების წიგნსაცავებში არის ამგვარი ალბომები. მათი შესწავლა ბევრ საინტერესო ფაქტს ავლენს. მაგალითად, შექსპირის ეპოქის შესასწავლად მკვლევრები "სამეგობრო ალბომებს" იყენებდნენ.

- ვინ გაშიფრა ალბომის პირველი მფლობელის ვინაობა?!

- იოჰან სალაგასტის ვინაობა ინტერნეტში შემთხვევით აღმოჩენილი გერმანელი ისტორიკოსის, ალენ დოლფის სტატიით გავიგეთ. მას XIX საუკუნის 60-იან წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში უნახავს ალბომი, აღუწერია მისი 20 გვერდი, გაუშიფრავს ავტოგრაფების ავტორები, მათი გერბები და იქვე მიუწერია... სწორედ აქედან ვიგებთ, რომ ალბომის პირველი მფლობელი არის სალაგასტი. როგორ მოხვდა გამოცემა ჩვენს ბიბლიოთეკაში, არავინ იცის. შემოსვლის თარიღად 1934 წელია მითითებული.

ავტოგრაფები, მინაწერები და გერბები...

ალბომის ილუსტრაციებისგან თავისუფალ, სუფთა გვერდებზე ისტორიული პირების გამონათქვამებსა და ავტოგრაფებს ვხვდებით. ესენი არიან: შვეიცარიელი რეფორმატორი, ჟან კალვინის მოწაფე თეოდორ ბეზა, გერმანიის იმპერატორ მაქსიმილიან  II  ჰაბსბურგელის ვაჟები - მათიასი და მაქსიმილიანი, პოლონეთის მეფე მაქსიმილიან II ბრანდენბურგის კურფიურსტის, იოაჰიმ ფრიდრიჰ ჰოენცოლერის (1546-1608) შვილები - ანა კატარინა და ბარბარა სოფია, ცნობილი გერმანელი ფილოლოგი, სტრასბურგის უნივერსიტეტის დამაარსებელი, აღიარებული პედაგოგი იოჰან შტურმი (1507-1589) და სხვები. მოგვიანებით ალბომი მოხვედრილა გერმანელი თეოლოგისა და ლიტერატორის, ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორის, იოჰან ფრიდრიჰ ბურშერის (1732-1805) ხელში, რომელმაც წიგნს წინ დაურთო სარჩევი და ძველი ავტოგრაფების დიდ ნაწილს ლათინურ ენაზე განმარტებები მიაწერა. გამოცემაში საგანგებოდ ჩართულ ფურცლებზე, სავარაუდოდ ერთი ხელით, აკვარელის საღებავებით დახატულია 30-ზე მეტი საგვარეულო გერბი. მკვლევრების თქმით, იშვიათ გამოცემათა ფონდის ეს უნიკალური ალბომი შესანიშნავი წყაროა შუა საუკუნეების ევროპელი საზოგადოების მისწრაფებებისა და ლიტერატურული გემოვნების, სოციალური ურთიერთობებისა და ტრადიციების შესასწავლად. წიგნი ფრანკფურტში, G1573 წელს, ვინმე გეორგ კრვინის სტამბაშია დაბეჭდილი.

მინაწერები "სამეგობრო ალბომში"

თითქმის ყველა მინაწერი ბერძენი ფილოსოფოსების გამონათქვამებით იწყება. მეორე აბზაცზე ავტორები ორიოდე სიტყვით საკუთარ თავს აცნობდნენ მკითხველს, ბოლოს კი ავტოგრაფს ხშირ შემთხვევაში ინიციალებსა და თარიღს აწერდნენ. ალბომში პირველი მინაწერი 1577 წლით თარიღდება.

424-გვერდიანი გამოცემის ამონარიდებს და ფოტოებს, საუკუნეების შემდეგ, ქართველი მკითხველი პირველად "კვირის პალიტრის" ფურცლებზე ნახავს.

სამახსოვრო ჩანაწერები

"სამეგობრო ალბომების" შემოღება გერმანელი ჰუმანისტისა და თეოლოგის, ევანგელისტი რეფორმატორის, ფილიპ მელანხტონის (1497-1560) სახელს უკავშირდება. მელანხტონმა პირველად განმარტა ასეთი ალბომების დიდი მნიშვნელობა სწავლასმოწყურებული ახალგაზრდებისათვის, რომელთაც არ აწყენდათ უფროსი მეგობრების გამოცდილების გაზიარება და ერუდირებული ადამიანებისგან რჩევა-დარიგებების მიღება. "სამეგობრო ალბომებისთვის" გამოიყენებოდა ლამაზი, ტყავისყდიანი წიგნები, რომელშიც მრავლად იყო სუფთა ფურცელი. ალბომები გერმანელი სტუდენტებისა და მათი აღმზრდელების საყვარელი ნივთი გახდა, რომელსაც არ იშორებდნენ მოგზაურობისა და სწავლისას. ალბომების პატრონები სამახსოვრო ჩანაწერებს აკეთებინებდნენ არა მარტო მეგობრებსა და ლექტორებს, არამედ იმ დროის ცნობილ ადამიანებს: პოლიტიკოსებს, იურისტებს, თეოლოგებს, დიპლომატებს, ფილოსოფოსებსა და პოეტებს. ალბომის მეპატრონეები ცდილობდნენ, სამახსოვრო ავტოგრაფები გაეფორმებინათ ჩანაწერების ავტორების საგვარეულო გერბებითა და ფერადოვანი გრაფიკული ჩანახატებით.

ავტოგრაფების ამ განუმეორებელ კრებულებს დროის სვლასთან ერთად ემატებოდა მნიშვნელობა, რადგან მათ ფურცლებზე ისტორიული პიროვნებების მიერ დათარიღებული მინაწერები, უძველესი გერბები და ჩანახატები ისტორიკოსთა, ხელოვნებათმცოდნეთა, ჰერალდიკოსთა, ლიტერატორთა, ბიბლიოფილთა და კოლექციონერთა კვლევის განსაკუთრებული ობიექტი ხდებოდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი