"ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა დიდი შეცდომაა" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა დიდი შეცდომაა"

"წუთში მინიმუმ 10 აზიდვა იყო დაწესებული, მე კი წუთში 37 გავაკეთე და მსოფლიო რეკორდი დავამყარე"

"მომავალში ჩემს თავს სამხედრო ატაშედ ვხედავ"

23 წლის თემოს მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრების წინ შევხვდი. მარტო ცხოვრობს და საოჯახო საქმესაც თავად უძღვება. კაპრალ თემო დადიანს ბედმა ორი დაბადება არგუნა. მეორედ მაშინ დაიბადა, როდესაც ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში - ჰილმენდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხის კიდური დაკარგა. 28 ოპერაციის შემდეგ, ჯარისკაცი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა, მალე კი, უნგრეთში მოფარიკავეთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

თემო დადიანი: - უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე  ჩავაბარე, მაგრამ საბუთები გამოვიტანე და სამხედრო სამსახურში წავედი. მე-3 ქვეით ბრიგადაში მოვხვდი. გავიარე სწავლება კრწანისში, შემდგომ ერთთვიანი სწავლება გერმანიაში და 2011 წლის აპრილში, 19 წლისა, წავედი ავღანეთში, სადაც 4 თვე ვიმსახურე, მეტი არ დამცალდა. ჰილმენდის პროვინციაში ვმსახურობდი. 3 აგვისტოს, დილით  რამდენიმე საეჭვო სახლი უნდა შეგვემოწმებინა. ბოლო სახლს ვამოწმებდით, გალავანში ნაღმი ყოფილა ჩადებული და ჩვენი შესვლისას აფეთქდა.  ორი ქართველი მსუბუქად დაიჭრა, მე კი მყესები ისე დამიზიანდა, რომ ორივე ფეხზე, მუხლს ზემოთ გამიკეთდა ამპუტაცია. ბაგრამში ორი დღე ამერიკელების ბაზაში დავყავი, მერე გერმანიაში  ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში 26 ოპერაცია გამიკეთეს. მარჯვენა ხელზე 7 ოპერაცია დამჭირდა. მერე სისხლის მოწამვლა დაიწყო, ძლივს გადავრჩი და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ჩამომიყვანეს გორის ჰოსპიტალში. ბოლოს, სარეაბილიტაციოდ გამგზავნეს ამერიკაში, სადაც კიდევ 2 რთული ოპერაცია დამჭირდა.

მეგობრებმა  და ოჯახის წევრებმა გადამატანინეს მძიმე დღეები,  მეც მოვინდომე, რათა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი და გავაგრძელე ცხოვრება. ამერიკაში ყოფნისას,  დავიწყე ვარჯიში სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აქ რომ ჩამოვედი, ფარიკაობით დავინტერესდი. ჩვენი მწვრთნელი, მალხაზ მესხი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორია. დიღომში აშენებს რეაბილიტაციის ცენტრკომპლექსს და მერე იქ გადავალთ სავარჯიშოდ.

- აზიდვებში მსოფლიო რეკორდიც დაამყარეთ.

- წელს, 3 აგვისტოს (ჩემი აფეთქების დღეს) თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა შეჯიბრება აზიდვებში. წუთში მინიმუმ 10 აზიდვა იყო დაწესებული, მე კი წუთში 37 გავაკეთე და მსოფლიო რეკორდი დავამყარე. 20-დან 24 ნოემბრამდე უნგრეთში გაიმართება მსოფლიო თასის ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც საქართველოდან 3 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი ვიღებთ მონაწილეობას. მანამდე პოლონეთში მივდივართ ვარჯიშებზე. წელს შავი ზღვის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე, მომავალში ჩემს თავს სამხედრო ატაშედ ვხედავ.

- ჩანს, ჯარს თავს არასდროს დაანებებთ.

- ჯარიდან არც არასდროს წამოვსულვარ. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კურსანტებს ვუტარებ ბრძოლის იმიტაციის კურსს.

- ხომ არ ნანობთ, რომ ავღანეთში მოხალისედ წახვედით?

- თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, ალბათ, იმავეს გავაკეთებდი. ავღანეთში მე ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის ვიბრძოდი. ახლაც იქ მინდა  დაბრუნება, მაგრამ  ჩემს მდგომარეობაში ეს შეუძლებელია.

ვფიქრობ, ჯარისკაცობა ყველაზე ღირსეული და საამაყო პროფესიაა.

მინდა ვურჩიო ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს: მთავარია, მიზანი დაისახონ და ყველაფერი გამოუვათ. ყველას ჰქონია იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის პერიოდი, მაგრამ როცა დაფიქრდები, მიხვდები, რომ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა დიდი შეცდომაა.

ნანა ფიცხელაური