კარს მომდგარი სიკეთე... - როგორ ვუშველეთ გამჯაშვილებს
10-11-2014
კარს მომდგარი სიკეთე... - როგორ ვუშველეთ გამჯაშვილებს
"მას შემდეგ რაც ხალხი გვეხმარება, არ მძინავს სიხარულისაგან" - თემის გაგრძელება

"კვირის პალიტრას" ვუხდით მადლობას, რომ სიკეთე გაგვაკეთებინა"


როგორც ქოხი ქათმის ფეხებზე ან ჯადოსნური ციხე-კოშკი ზღაპრებში, სინამდვილეშიც არსებობს სახლები, რომელთაც ვერასოდეს დაივიწყებ. ასეთია გამჯაშვილების სახლი სოფელ გლდანში. ამ ხუხულაში ენით აუწერელი სიღატაკე სუფევს, მაგრამ როცა ამ სახლში შედიხარ და გამჯაშვილების 12 ბავშვი ერთად გაგიღიმებს, თვალში ნათელი ჩაგიდგება... გამჯაშვილებიდან შინ დაბრუნებულს მთელი ღამე არ მიძინია - ამ ოჯახში ყველა ბავშვი, რომელსაც
ფეხზე დგომა შეუძლია, 15  ლარად სოფლის ნახირს მწყემსავს, მაგრამ მათ გაჭირვებას ეს რას უშველის - ჩასაცმელ-დასახურავად ეყოფათ, საჭმელ-სასმელად, სკოლაში სასიარულოდ თუ გასათბობად?!

"კვირის პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გამჯაშვილების ოჯახში მადლი დატრიალდა - ეს სიღატაკის სახლი სურსათით, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით აივსო - სახლის
პატარა ბინადრებს მათზე ოცნებაც არ შეეძლოთ...

როცა გამჯაშვილებს კვლავ ვესტუმრე, რათა მათი გაბრწყინებული თვალები მენახა, სახლთან საძოვრიდან მობრუნებული 10 წლის ანტონი დამხვდა - საჩუქრებში წყალგაუმტარი ქურთუკი მოვძებნე და დღეს წვიმაში არ დავსველებულვარო, მითხრა. ცალი თვალი ქუჩისკენ გაურბოდა, სადაც მათ დასახმარებლად 3 მანქანა მოსულიყო. მკითხა, ხომ არ იცით, ვინ არიანო? ალბათ საჩუქრები მოიტანეს-მეთქი. ასე შევხვდი გამჯაშვილებთან ჟურნალისტ ქეთი მიქაძეს, რომელმაც მათ დასახმარებლად აქცია მოაწყო. მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა ამ სიკეთისთვის, მაგრამ აქეთ დამასწრო, "კვირის პალიტრას" ვუხდით მადლობას, რომ სიკეთე გაგვაკეთებინაო და დაამატა, - თეატრებს ვთხოვთ, საქველმოქმედო სპექტაკლები გამართონ, იმ ფულით ამ დანგრეულ სახლში პატარებს საძინებელ ოთახებს მოვუწყობთო...

გამჯაშვილების სახლში იმდენი ტანსაცმელი და საჩუქარი დახვავებულიყო, რომ დასაჯდომი ადგილიც ვერ მოვძებნე. 4 წლის ტყუპი - მარიამი და ანი კი სათამაშოებით ისე გართულიყვნენ, რომ მათთან შესული ვერც კი შემამჩნიეს. დანარჩენ და-ძმებს სიხარულისგან სახე გაბრწყინებოდათ. ცოტა ხანში უფროსი ძმაც მოვიდა და ეზოში გამიყვანა, - მალე შვილი შემეძინება, აქამდე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ ქირის გადახდა გვიჭირს, ახლა კი ერთ ოთახს ჩემს ეზოში ჩავდგამო. ამ საუბარში ვიყავით, რომ ეზოში გამჯაშვილების ბებია და პაპა შემოვიდნენ - ღმერთმა ყველა გაახაროს, ვინც ჩვენი ბავშვების მადლი მოისხაო, ილოცებოდნენ მოხუცები.

ლალი გამჯაშვილი: - ამდენი შვილი სხვისი იმედით არ გამიჩენია, შრომა ვასწავლე, მთელი ოჯახი სოფლის პირუტყვს უვლის, მაგრამ ჩემს შვილებს იმდენი რამ აკლიათ, გული დარდით მაქვს სავსე... მას შემდეგ რაც ხალხი გვეხმარება, არ მძინავს სიხარულისაგან. უკვე იმდენი ტანსაცმელი შემოგვივიდა, ჩემს შვილებს ალბათ წლების მანძილზე ეყოფათ. სურსათიც ბევრი მოგვიტანეს, - ზეთია თუ მაკარონი, უკვე ვეღარსად ვატევთ... მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს გაგვწვდება ეს პროდუქტი, არამედ ის, რომ ჩემს შვილებს სიკეთე დაამახსოვრდებათ და თვითონაც სიკეთეს გააკეთებენ... განსაკუთრებით სარეცხმა მანქანამ გამახარა...

- სახლის შესაკეთებლად ხომ არ მოსულა ვინმე, ყველა ბავშვი ერთ ოთახში იძინებს...
- ჩვენს სანახავად გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებიც იყვნენ მოსული. აქამდე არასოდეს მოუკითხავთ, ახლა ჩვენი გაჭირვება საკუთარი თვალით ნახეს და იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან...
ამასობაში მოსაღამოვდა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სიკეთე ხვალ გამჯაშვილებს ფეხზე დადგომაში დაეხმარება. ყოველთვის ასე ხდება - როცა დაცემულს ვინმე ხელს გამოგიწვდის, ცხოვრებისა აღარასოდეს შეგეშინდება...
xatia
06 დეკემბერი 2014 09:19
არასდროს დამავწყდება ამ ბავßშვების გახარებული სახეები იმედი მაქვს შევძლებთ ოთახიც გავურემონტოთ
eter erazes
12 ნოემბერი 2014 21:04
თქვენ გაოხარეტ ყველამ, ქარტვველებო სიკეტის ხალხხო, დადე ერტი ბანკის რეკვიზიტები, სხვებმაც შევიტანო წვლილი, რატომ არ დებტ, ოდესრაცც სტატია სადღაც წავიკიტხე და არ მახსოვს ტუ გადავურიცხე, ასე რომ იმდენჯერ დაწწერეტ სანამ ასე ხალხს არ მოაგონებტ და გადავრიცხოტ, განა ბევრი გვყავს ამდენ შვილიანნი ოჯახები, აი, ასეტებზეე უნდა წეროტ,



ანგარიშ დადეთ კიდევ და კიდევ და მუდამ რომ გადავრიცცხოტ ჩვენც

ეთერ ერაზე სენ გაიხარე კაი გოგო ხარ, სულ ეგეტები წერე, უფალი გადმოგხედავს
gavazeli
11 ნოემბერი 2014 16:13
ვაჰ თქვენ გენაცვალეთ, ამრავლოს ღმერთმა საქართველოში 10-12 ბავშვიანი ოჯახები და ვინც ასეთ ოჯახს რაიმეთი დაეხმარება, უფალმა ათმაგი დაუბრუნოს. ესენია ნამდვილი საქართველო და ქართველები და არა გაქსუებული "სვეტსკები"

რედაქტორის რჩევით