"დე, თუ გიყვარვარ, წინ ნუ გადამიდგები. გპირდები, აუცილებლად დავბრუნდები!" - როგორ იბადებიან გმირები...
10-11-2014
"დე, თუ გიყვარვარ, წინ ნუ გადამიდგები. გპირდები, აუცილებლად დავბრუნდები!" - როგორ იბადებიან გმირები...
საბედისწერო რეისი #8563. 22.09.93წ. ბაბუშერა

"სამივე ძმა ომის დროს მოგვნათლა მეუფე დანიელმა. მირონცხებულები, უფრო გაძლიერებულნი ვაპირებდით ომიდან დაბრუნებას..."

1993 წლის 29 სექტემბერი. ბაბუშერის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია აფხაზების მიერ განუწყვეტლივ იბომბება... ის-ის იყო, თვითმფრინავი აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, რომ აფეთქების ხმა გაისმა. თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა. იმ დღეს 95 მგზავრი დაიღუპა. საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის იყო ალგეთის ხეობის "ასურეთის საძმოს" შვიდი მებრძოლიც: ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე,
ბესიკ მურუსიძე, დათო ავალიანი და როსტომ გურგენიძე.
რამდენიმე მებრძოლი დიღმის საძმო სასაფლაოზე განისვენებს, დანარჩენებს კი ასურეთში დღესაც ელიან.

სოსო და კობა გურგენიძეები

მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გაისმა მოწოდება - ვისაც გული გერჩით, იარაღი აისხითო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ბიჭები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ომში წამსვლელთა
რიგებში ჩაეწერნენ. გურგენიძეების ოჯახიდან სამი ძმა წავიდა: იმედა, სოსო და კობა. თავიდან საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში იყვნენ. შემდეგ კი "ასურეთის საძმო" შექმნეს და საბრძოლო ოპერაციებში ჩაებნენ. სოფელ არადუზე ძლიერი შეტევისას 14-კაციანმა საძმომ აფხაზთა 100-კაციანი ჯგუფის უკუქცევა შეEძლო. წარმატებული საბრძოლო ოპერაციისთვის მთავარსარდალმა მეომრები ჯილდოებზე წარადგინა.

- სამი შვილის მამას სახლში რა გამაჩერებდა, - ამბობს რამიკო გურგენიძე, - ოჩამჩირეში რომ ჩავედი, კობა და მისი თანამებრძოლი, ასურეთელი თემურ აღდგომელაშვილი ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული. მეორე დღეს შეძლეს ჩვენებმა მათი დახსნა. ცნობილი ფილმის გმირის, გიორგი მახარაშვილისა არ იყოს, თავიდან იარაღს არ მაძლევდნენ, მერე მეც ჩავერთე სადაზვერვო ოპერაციებში... ასე მგონია, დღესაც ომში ვარ! უფროსი შვილის, იმედას იმედად დარჩა ჩემი ოჯახი, კობა "დაბრუნდა" ომიდან, სოსოს კი დღესაც ველოდებით.

იმედა გურგენიძე: - სამივე ძმა ომის დროს მოგვნათლა მეუფე დანიელმა. მირონცხებულები, უფრო გაძლიერებულნი ვაპირებდით ომიდან დაბრუნებას... ჯარისკაცები ბრძოლებს იგებენ, მათ პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა, აფხაზეთის ომში სწორედ ქართული პოლიტიკა დამარცხდა. არადუსთან, ტამიშთან, მერკულთან, მოქვთან, ლაბრასთან ყველა ბრძოლა მოვიგეთ. "საძმოს" რომ არ დასტყობოდა, ორ-ორი დღით მორიგეობით ჩამოვდიოდით შინ და სწრაფად უკანვე ვბრუნდებოდით. როდესაც სოხუმს დაცემის საფრთხე დაემუქრა, გამგზავრება გადავწყვიტეთ. "იმელის" შენობაში მისულებს (მაშინ იქ იყო პარლამენტი) გვითხრეს, ბიჭებო, უსაფრთხოდ ფრენის შანსი თითქმის არ არსებობს. ვერც იმას გეტყვით - გაფრინდით და ვერც იმას - დარჩითო. ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების უარყოფა კაცობის, ღირსების უარყოფას ნიშნავს. ასე ფიქრობს ის, ვინც მეომრად იბადება. "თვითმფრინავის ბიჭებმა" იცოდნენ, რომ დაიღუპებოდნენ, მაგრამ მათ სხვანაირად არ შეეძლოთ.

ხვიჩა კაციტაძე


ია კაციტაძე, ხვიჩა კაციტაძის დედა: - ხვიჩა დაოჯახებული არ იყო. მის ფეხთაზე (მემკვიდრე - რაჭულად) რომ ვინმეს ვზრდიდე, ჩემს შვილს გარდაცვლილად არ ჩავთვლიდი... ერთ-ერთი შეტაკების დროს თანამებრძოლ ელგუჯა გოცირიძისთვის ნდომებია სისხლის გადასხმა. ექიმს უთქვამს, შენც დაჭრილი ხარ, უფეხოდ დარჩებიო. არ მენანება, ელგუჯასთვის ერთ ფეხს გავწირავო. გამოჯანმრთელებას არც ერთი დაელოდა და არც მეორე, ისე წავიდნენ ფრონტის ხაზზე... ხვიჩა ავიაციის ინჟინერი იყო და თვითმფრინავი მისი ბედისწერა გახდა... 

ჯუმბერ გოცირიძე

ნინა გოცირიძე, ჯუმბერის დედა: - 25 წლისა იყო ელგუჯა, ომში რომ წავიდა,  ქალიშვილი და ფეხმძიმე მეუღლე  დატოვა. ლაბრასთან დაიჭრა, მაგრამ საავადმყოფოში ერთი თვეც არ გაჩერდა - ბიჭებს ვერ მივატოვებო. უფროსი შვილი მყავს ტრაგიკულად დაღუპული და მეშინოდა, ერთიღა დამრჩა და ისიც ომმა არ წამართვას-მეთქი. ისე წამართვა, დღემდე ვერ ვპოულობ!..
22 სექტემბერს ჯერ გმირთა ობელისკთან მივდივარ, შემდეგ - დიღმის სასაფლაოზე. შვილის საფლავი არ მაქვს, არ ჩანს ელგუჯა, არც ცოცხალი და არც - მკვდარი!..

ბესიკ მურუსიძე

იზოლდა მურუსიძე, ბესიკ მურუსიძის დედა:
- ბესიკი 1992 წლის 11 ოქტომბერს  უბნის ბიჭებთან ერთად ომში გაიპარა.   ბავშვობიდან საოცრად გულჩვილი იყო. თანამებრძოლები მიამბობდნენ, ქართველი დაიღუპებოდა თუ აფხაზი, ორივეს ტიროდაო!.. ორი დღით სახლში ჩამოსული მეტყოდა: ნუ გეშინია, ტყვია არ მეკარებაო... საღ-სალამათი შინ როგორ ვიჯდე, როცა იქ ჩემი ტოლა ბიჭები იხოცებიანო. 19 სექტემბერს ჩამოვიდა, მაგრამ როგორც კი შეიტყო, სოხუმი საფრთხეშიაო, უკან გაბრუნდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: "დე, თუ გიყვარვარ, წინ ნუ გადამიდგები. დავბრუნდები, გპირდები, აუცილებლად დავბრუნდები!"

ახალმა ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებს 500-ლარიანი კომპენსაცია დაგვინიშნა. ამ თანხის შეგროვება დავიწყე... მინდა, ჩემმა შვილმა დამმარხოს!

დათო ავალიანი

6 წლის დაობლებული ბიჭი ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. მშობლების სითბოს მოკლებული, ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყოო, - ამბობენ მეზობლები.  ვერც დათო გაჩერდა შინ, უბნის ბიჭებთან ერთად წავიდა ომში, მათთან ერთად ვაჟკაცურად იბრძოლა და მათთან დაიფერფლა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II  ხარისხის ორდენით.

როსტომ გურგენიძე

- როსტომი ჩემი მაზლიშვილი იყო, ჩემს შვილებთან თანშეზრდილი, - მიყვება მარიეტა გურგენიძე, - თავიდან იარაღის ეშინოდა,  მაგრამ როდესაც ბიჭებმა სროლა ასწავლეს, იარაღჩახუტებულს ეძინა, არავინ მომპაროსო. პირველად მიდიოდა ომში და იმ საბედისწერო თვითმფრინავში დაიწვა.

P.S. ასურეთში დაღუპული მამების ნატერფალზე ახლა მათი შვილები და შვილიშვილები დადიან... ალგეთის ხეობის ამ თაობას მამათა მაგალითით ეცოდინება, როგორ იბადებიან გმირები და როგორ იწერება ისტორია.

სვეტლანა კვიკვინია

ლია ბედოშვილი
14 ნოემბერი 2014 11:23
ჩემი იმედა....ჩვენი ბიჭები...ასურეთის შემზარავი ტრაგედია...მაგრამ სიამაყეც ქართველი გმირების,ქართველი ვაჟკაცების მებრძოლი გულების გამო,საქართველოს ჭირისუფლობისა და უანგარო მამულიშვილობის გამო...გახსოვს იმედა,რომ გითხარით,გრიპით სიკვდილს ტყვიით სიკვდილი სჯობია-მეთქი,რამდენის ფუყე სიცოცხლეს ბიჭების სიკვდილი სჯობს,რამდენის ტახტზე გაცვეთილი უკანალით სვლას ბიჭების მრავლისმთქმელი საფლავები მეტობს....გაგიმარჯოთ,ბიჭებო,ცოცხლებსაცა და მკვდრებსაც,ვინც სამშობლოსათვის იბძოდით და იბრძვით...მიყვარხართ და მეამაყებით..
vaxo
13 ნოემბერი 2014 03:52
ვკითხულობ და ცრემლები მომადგა
ეკო
12 ნოემბერი 2014 16:23
დიდება პირნათელ, ღირსეულ მამულიშვილებს!

რედაქტორის რჩევით