"მიფიქრია სიკვდილზე... მე იმდენი ჩემიანი მყავს იქით, სულ არ მეშინია..." - - გურამ ფირცხალავა წავიდა - კვირის პალიტრა

"მიფიქრია სიკვდილზე... მე იმდენი ჩემიანი მყავს იქით, სულ არ მეშინია..." - - გურამ ფირცხალავა წავიდა

"ეგაა, მეზარება სიკვდილი... ვერ ვიტან, შეცხადება რომ იციან. მინდა ვუთხრა ჩვენებს: "წივილ-კივილი არ დავინახო აქ!"

ყველას მხიარული და უდარდელი ეგონა, სინამდვილეში დიდხანს და უსაზღვროდ იცოდა დარდი

სამგლოვიარო განცხადებასა და ფოტოს დავხედე. რაღაც ძალიან დიდი შეუსაბამობა იყო მათ შორის. თითქოს ფოტოზე ასახული არტისტი სიცოცხლეს ასხივებდა, მისი ომახიანი ხმა და გამორჩეული იუმორიც კი თითქოს ფოტოზეც აისახებოდა და როგორ არ უხდებოდა ამ ყველაფერს წარწერა: გარდაიცვალა...

გურამ ფირცხალავას ნიჭსა და განსახიერებულ როლებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი - მთელმა საქართველომ იცის. მინდა, როგორც მოყვასზე ვისაუბრო... რა დროც უნდა ყოფილიყო და როგორ დუხჭირადაც უნდა ეცხოვრა იმ პერიოდში, კარს გაგიღებდა და ომახიანად შესძახებდა: მობრძანდით, ბატონო! მერე სუფრას აუცილებლად გაშლიდა, თუნდაც მწირს, აუცილებლად ჭიქასაც ასწევდა. ხშირად მიფიქრია, რომ თავისი სათაყვანებელი ფოთი არსებაში ჰქონდა გამჯდარი და იქაური სტუმარმასპინძლობა, ბებია-ბაბუასთან ნანახი და ნაგრძნობი ქართული გულგაშლილობა და ხელგაშლილობა საგზლად მოჰყვებოდა...

ის მართლა ყველას უყვარდა. მარტო იმიტომ კი არა, ნიჭიერი და მომხიბვლელი რომ იყო, სიალალისა და კეთილი გულის გამოც. ვერავინ იტყოდა, მაწყენინაო. ყველას მხიარული და უდარდელი ეგონა - არავის აწუხებდა თავისი საწუხარით. სინამდვილეში დიდხანს და უსაზღვროდ იცოდა დარდი.

როცა გურამ ფირცხალავა რამეს მიამბობდა, ჩვეული რიხით ჰყვებოდა: "ერთხელ დოდო აბაშიძე, სესილია თაყაიშვილი და რეზო ესაძე ჰყვებოდნენ, ვის რა ასაკიდან ახსოვდა თავი. დოდომ თქვა: კი ბატონო, ტოლსტოისაც ახსოვდა, მაგრამ მეც მახსოვს აკვანში ჩემი თავიო. ქალბატონმა სესილიამ თქვა, მე აკვნიდან არა, მაგრამ ძალიან პატარაობიდან მახსოვს ჩემი ცხოვრებაო. რეზო ესაძემ - დედის მუცლიდან მახსოვს ყველაფერიო... მე ჭაობები მახსოვს ფოთში ჩვენი და ჩვენი მეზობლების სახლების ირგვლივ. იყო მაგარი ქარი... მერე ქარსაფრებად ხეები დარგეს. ახლა ის ხეებიც მოჭრეს, შეშა არ აქვს ხალხს და იმიტომ. მოხუცი ქალები მთხოვდნენ, წურბელა დამიჭირე, ნენაო. მეც სიხარულით ვუჭერდი. ამიტომაც ყველას ბებიას ვუყვარდი".

მისი ნაამბობი საბჭოთა ჯარში მსახურობის პერიოდზე, შეიძლება ითქვას, ქართული იუმორის კლასიკად იქცა: "ჯარში წასვლა ბევრს არ უნდოდა, მე კი მინდოდა. დედას ვეუბნებოდი, ჯარში აუცილებლად წავალ და არც გამაცილოთ-მეთქი. გაცილების დროს ტირილი იციან და მაგის ატანა არ შემეძლო. შეიძლებოდა, მეც წამცდენოდა ცრემლი. მარტო ჩემი და მოვიდა სადგურში. ჩემ წინ არ იტირებდა, მაგარი გოგო იყო...

მურმანსკში მოვხვდი... ბევრმა ბიჭმა ვერ აიტანა იქაური კლიმატი, სიცივისაგან ტიროდნენ. ვამშვიდებდი ბიჭებს, რა იყო, მაცივარში არ შეგიყვიათ ხელი-მეთქი?

პირველად რომ პოსტზე დავდექი, მომცეს ავტომატი... იქ ხომ ასეა: დაღამდება და სულ ღამეა. გათენდება და სულ დღეა. ბნელა. ვიყურები აქეთ-იქით, "შპიონი" არ მოვიდეს საიდანმე. უცებ მთელი ქვეყანა განათდა. მერე ცოტა მიილია სინათლე და ისევ განათდა. ვიფიქრე: ან ააფეთქეს რაღაც და ახლა ხმას გავიგებ, ან სხვა უბედურებაა-მეთქი. ვიყურები დაძაბული და ვხედავ, მოედო ცას ცეცხლი. ვეცი ტელეფონს და ვყვირი:

- ტავარიშჩ ნაჩალნიკ კარაულა, დაკლადივაეტ პირცხალავა, ტაკოი-ტა პოსტ!

- ნუ ჩტო უ ტებია ტამ?

- ნებო გარიტ, ტავარიშჩ სერჟანტ!

- კაკ გარიტ?

- სილნო გარიტ! ჩტო დელატ?

- პატუში! - ასე არ მითხრა იმ ოხერმა? ვიფიქრე, არ სჯერა და მაშაყირებს-მეთქი.

- კლიანუს მამოი! - ვეუბნები.

- ტი ბროს! პატუში!

- კაკ?

- პადუი.

მერე მითხრა, - სკოლაში არ გივლიაო?.. თავში დამარტყა! - შავ-თეთრი წიგნი გამახსენდა, იქ თეთრი ხაზები იყო დახატული და ჩრდილოეთის ნათებააო, - ეწერა. აბა, რას მივამსგავსებდი. მერე შემრცხვა და ვიცრუე, ვიხუმრე-მეთქი...

ეს ამბავი თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებისას მოვყევი. ისე იცინეს, პროზის გამოკითხვა დაავიწყდათ".

სხვათა შორის, მამამისიც ზუსტად 74 წლისა გარდაიცვალა. ამ ამბავს სულ სხვანაირად ჰყვებოდა: ცოტა უფრო ჩუმად და თვალებწყლიანი: "დედა რომ მოუკვდებათ, ბიჭები მერე სხვანაირად იწყებენ ფიქრს. ახლა ხშირად ვფიქრობ დედაზე და ვწუხვარ, ისე არ ვეფერებოდი ბიჭობაში, როგორც ეკუთვნოდა. მოხუცს კი ვიკრავდი გულში... ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდებოდი და სულ გავრბოდი. ახლა ამასაც ვნანობ... უფრო ხშირად ვყოფილიყავი მასთან, რა იქნებოდა!.. მამა გულში ჩახუტებული ჩამაკვდა. 74 წლისას სარკომა გაუჩნდა... გარდაცვალების დღეს უთქვამს: გურამს არ უთხრათ, 9 საათზე მოვკვდებიო. ვერმიშელის წვნიანი მოითხოვა. გამიხარდა, იქნებ გადავრჩით-მეთქი. იმ საღამოს 9 საათზე ხელში ჩამაკვდა... მანამდე მეგობარი მომიკვდა, - ბენო. კინაღამ მოვკვდი, ისე ვიდარდე. მერე ძმა დავკარგე. ღვინო მშველოდა...

მიფიქრია სიკვდილზე... ცოდვა ის არის, ვისაც ახლობლები არ ჰყავს იქ და თვითონ პირველი კვდება. მე იმდენი ჩემიანი მყავს იქით, სულ არ მეშინია... ეგაა, მეზარება სიკვდილი... ვერ ვიტან, შეცხადება რომ იციან. მინდა ვუთხრა ჩვენებს: "წივილ-კივილი არ დავინახო აქ!" ამბობენ, თუ სიკეთე გაქვს გაკეთებული, ძალიანაც კარგია საიქიოშიო"...

ძნელი წარმოსადგენია, რომ გურამ ფირცხალავა სააქაოს აღარ არის... მისნაირი ადამიანები თითქოს დაუსრულებლად უნდა ცოცხლობდნენ, მხიარულება და სიყვარული შეჰქონდეთ ყველგან...

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა...