საქართველოს ილუსტრირებული ისტორია გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა - კვირის პალიტრა

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა

"მეფე თამარი" ახლა XXI საუკუნის საქართველოში "მოგზაურობს"

რამდენიმე დღის წინ "პალიტრამედიის" კიდევ ერთი ახალი პროექტის, საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 24-ტომეულის პირველი წიგნი შევიძინე. იმის გამო, რომ ოჯახში ჯერ მხოლოდ დაწყებითი, მეორე კლასის მოსწავლე გვყავს, რომელიც ისტორიას არ სწავლობს, ვერ წარმომედგინა ჩემი შენაძენით მისი დაინტერესება. ბავშვის  ყურადღება ილუსტრაციებმა მიიქცია, ჯერ უფროსებს გვკითხა მათი შინაარსის მნიშვნელობა, შემდეგ კი წიგნს ჩაუჯდა და... ხომ ამბობენ, ბავშვები ყველაზე უკეთესი შემფასებლები არიანო, - შვიდი წლის ვახტანგმა გამოგვიცხადა, რომ 24-ტომეულის პირველი ტომი, რომელიც მეფე თამარს ეძღვნება, ძალიან საინტერესო წიგნია. მან მეგობრებიც დააინტერესა - ახლა ისინი არა მხოლოდ კითხულობენ საინტერესო ამბებს, ილუსტრაციების დახმარებით ხედავენ კიდეც, რა ხდებოდა ძველ დროში.

ილუსტრირებულმა ისტორიამ გამოსვლისთანავე გამოიწვია მკითხველის დიდი ინტერესი. სულ რაღGაც ერთ კვირაში ათასობით წიგნი გაიყიდა წიგნის მაღაზიებსა თუ პრესის გავრცელების წერტილებში.

პროექტის ავტორების ჩანაფიქრმა გაამართლა, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ყველა თაობის, ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის მიმზიდველი და საინტერესო უნდა ყოფილიყო.

მკითხველი გაეცნობა საქართველოს ისტორიის მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციას, მნიშვნელოვან ფაქტებს, რეალურ ამბებს, რომლებიც ცალკეულ წიგნებად იყოფა და ერთ დიდ სერიად ერთიანდება.

დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო და საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ. ყოველი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატის ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს.

პირველი ტომის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც პროექტის მონაწილე და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. 24-ტომეულს  "პალიტრა  L" გამოსცემს. თვეში ერთხელ ახალი ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: - საქართველოს ილუსტრირებული ისტორია არ არის ჩვეულებრივი პროექტი. ეს არის მცდელობა, თითოეულმა მკითხველმა წიგნთან ხელის შეხებით გააცოცხლოს უმდიდრესი წარსული და 24-ტომეულის საშუალებით ეს წარსული თითოეული ოჯახის საკუთრება გახდეს. ძალიან დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, ეროვნულ მუზეუმს, იმ მასალისთვის, რომელიც გამოყენებულია ამ წიგნებში. მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს, ხელნაწერთა ინსტიტუტსა და საქართველოს არქივს. სამი წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე მხატვრებთან, ილუსტრატორებთან, ვინც უზარმაზარი სამუშაო გასწია.

ჯაბა სამუშია, პროექტის ხელმძღვანელი: - ასეთი გამოცემები აქვთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩვენც გადავწყვიტეთ საქართველოს ისტორია ილუსტრირებული ვერსიით გაგვეცოცხლებინა. გვინდოდა მთლიანობაში შეგვეხედა წარსულისთვის, აღგვედგინა მთელი რიგი მოვლენები. არ დაგვიკლია მცდელობა, რომ თითოეული დეტალი მაქსიმალურად მიგვეახლოებინა იმ რეალობისთვის,  რომელიც კონკრეტული ეპოქებისთვის იყო დამახასიათებელი.

როინ მეტრეველი, ისტორიკოსი, მეცნიერი: - ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ასეთი პროექტები და საქართველოს ნაკლი ის იყო, რომ მსგავსი წიგნების სერია დღემდე არ გვქონდა. შესანიშნავია, რომ გამომცემლობა "პალიტრა LLL"-მა“ითავა ეს საშვილიშვილო საქმე.“

გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე: - შესანიშნავი პროექტია, რომელიც  დაგვეხმარება ჩვენი შვილების ცნობიერებაში ეროვნული ნიადაგის მოსამზადებლად, რათა გაუღრმავდეთ საკუთარი ხალხის, ერისა და კულტურის სიყვარული.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მონეტების წიგნის სასიგნალო ეგზემპლარი. ეს არის მონეტების ენით გადმოცემული საქართველოს ისტორია.  წიგნში შესულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური მონეტები, რაც მნიშვნელოვანია  მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის პოპულარიზაციისთვისაც. პროექტი გათვლილია საგანმანათლებლო კუთხით. შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ წიგნის წაკითხვა, მასში წარმოდგენილი მონეტების ასლების შეგროვებაც.

პრეზენტაციის დასასრულს მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებს ოქროს ფონდში უმასპინძლა, რათა კიდევ უფრო დავახლოებოდით ისტორიას.