"გაზეპირებული პასუხებით ვეღარავინ შეძლებს მართვის მოწმობის აღებას" - კვირის პალიტრა

"გაზეპირებული პასუხებით ვეღარავინ შეძლებს მართვის მოწმობის აღებას"

"15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ"

ერთი თვე გახდება, რაც მართვის მოწმობის ბილეთებს ჩავკირკიტებ. ვცდილობ, შაბათ-კვირა ავტომობილის მართვის პრაქტიკულ გაკვეთილებს დავუთმო, მაგრამ ყოველთვის არც ეს გამომდის. ამ "რეჟიმით" გამოცდაზე გასვლას ორ თვეში ვგეგმავდი... რამდენიმე დღის წინ ყური მოვკარი, შუა დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს ახალი წესებით მოუწევთ თეორიული გამოცდების ჩაბარებაო. ვინც ჩემსავით რამდენიმე თვეში გეგმავთ მართვის მოწმობის აღებას, გაცნობებთ, რომ ახლანდელ ბილეთებს 15 დეკემბრიდან ახალი ბილეთები შეცვლის.

მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსის, იმედა მაკასარაშვილის თქმით, ახალი ელექტრონული ბილეთების (ტესტები), კითხვის შინაარსი, ფორმა და ვიზუალი უფრო დახვეწილია. სიახლეა ისიც, რომ თითოეულ საკითხზე გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმა-გაანალიზების საშუალებას მისცემს.

იმედა მაკასარაშვილი: -  ევროდირექტივების შესაბამისად, შემუშავდა ახალი  კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელმაც შემოიტანა ახალი რეგულაციები და, რა თქმა უნდა, გააუქმა აქამდე არსებული კანონი მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, რომლის საფუძველზეც იყო მომზადებული დღემდე არსებული ბილეთები.  ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა მართვის მოწმობის თაობაზე, ითვალისწინებს მართვის მოწმობის გაცემის და გამოცდების ჩაბარების წესის ამ დირექტივასთან დაახლოებას, რის საფუძველზეც განხორციელდება ცვლილებები.

2014 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდება საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც იყო შექმნილი ძველი საგამოცდო ბილეთები. ამავე დღეს ამოქმედდება ახალი კანონი. მასზეა მორგებული მართვის მოწმობის ახალი ბილეთები.

- კონკრეტულად რა შეიცვლება ბილეთებში?

- საგამოცდო ტესტების ელექტრონულ ვერსიაში მოხდება საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალისა და ქუჩების ფოტოვიდეომასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა. ახალი ბილეთები უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზეც. 15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ.

- ბილეთები უფრო გართულდა?

- კანონის ცოდნა ადრეც სავალდებულო იყო და ახლაც სავალდებულოა. როგორ ისწავლიან კანონს, ეს მართვის მოწმობის აღების მსურველებზეა  დამოკიდებული. ტესტირება ამ კანონის ცოდნის გამოცდაა. ვისაც კარგად ეცოდინება, მისთვის ადვილი იქნება, ცუდად მომზადებულისთვის ახლაც ძნელია და მერეც ძნელი იქნება გამოცდის ჩაბარება. ახალი ბილეთების პლუსი ის არის, რომ დაზეპირებას ვერ შეძლებენ თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორი პასუხის ვარიანტი მუდმივად ცვლადი იქნება ბილეთში შინაარსის შეუცვლელად. თუ პიროვნებამ სწორად არ იცის, რა კითხვაზე რა პასუხი უნდა გასცეს, ან მომზადებული არ არის და დაზეპირებული აქვს სწორი ვარიანტის ნომერი, ამ ნომრით სწორად ვერ უპასუხებს. თუ გააზრებულად არ იცის, ვერ მიხვდება, რომელ ვარიანტში არის სწორი პასუხი.

გამოცდაზე ლოგიკურად აზროვნება იქნება საჭირო და დაზეპირებულიც რომ ჰქონდეთ ტესტები, მაინც ვერ გამოიყენებენ.

სწორად ან არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში საშუალება ექნებათ, ნახონ ვიდეომასალა იმ კონკრეტული სიტუაციისა, რა კითხვაც არის მოცემული ბილეთში.

- საკითხებიც ხომ არ დაემატება?

- რახან ტესტში სწორი პასუხების თანამიმდევრობა შეიცვლება, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რამდენი ბილეთი იქნება. პროგრამა სპეციალურად დამუშავებულ საკითხებს თვითონვე ჩაუშვებს.

- ეს ცვლილება ხომ არ გამოიწვევს მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობის შემცირებას?

- მას შემდეგ, რაც დაანონსდა ინფორმაცია ახალი საგამოცდო ბილეთებით თეორიული გამოცდის ჩაბარების შესახებ, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობა არ შეცვლილა. ახალი ბილეთების ჩაშვების შემთხვევაში არ ველოდებით მსურველთა შემცირებას.

- პრაქტიკულ გამოცდაზეც ხომ არ იგეგმება სიახლე?

- სიახლეებს მომსახურების სააგენტო პერიოდულად შესთავაზებს მოსახლეობას.

ჟურნალ "ავტობილდ საქართველოს" რედაქტორი შალვა ბუაჩიძე მიესალმება სიახლეს და ამბობს, რომ მომავალში ახლანდელზე უკეთესი მძღოლები იმოძრავებენ ქუჩებში.

შალვა ბუაჩიძე: - ვფიქრობ, მართვის მოწმობის აღების ახალი გამოცდა გართულებული იქნება და კარგიც არის. ზოგიერთს მისი აღება გაუჭირდება და მეტი შრომა დასჭირდება მიზნის მისაღწევად. მივესალმები იმასაც, რომ მომავალ მძღოლს თეორიული გამოცდის ჩაბარების დროს ლოგიკურად აზროვნების საშუალება ექნება და გაზეპირებული პასუხებით ვეღარ შეძლებს მართვის მოწმობის აღებას.

მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის ბილეთები კვლავ იქნება ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

თორნიკე ყაჯრიშვილი

(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე)