რა ხდება ღამით გოგოლზე?! - რეპორტაჟი "წითელი ფარნების" თბილისური ქუჩიდან
10-11-2014
რა ხდება ღამით გოგოლზე?! - რეპორტაჟი "წითელი ფარნების" თბილისური ქუჩიდან
"- საათი 40 ლარი.
- რა შედის შენს მომსახურებაში?
- ჩვეულებრივი სექსი."

"სოფლებს ტოვებენ, თბილისში ვითომ სამუშაოს საძებნელად ჩამოდიან და ამ უბედურებაში ყოფენ თავს"


წინა კვირას დასავლეთ საქართველოდან მატარებლით მომავალი ნათესავის ლოდინში რომ არ გავყინულიყავი, ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩას შორის დაახლოებით ერთი საათი "ვაბირჟავე". ვისაც ამ ადგილას ერთხელ მაინც გაუვლია, კარგად მოეხსენება, რა ხდება აქ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. ერთი სიტყვით, სხეულით მოვაჭრე "ქალბატონები" იმ დღესაც, მეტისმეტად "დამაკიაჟებული"
მზერითა და "სექსუალური" ჩაცმულობით, გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩემი უმისამართო წინ და უკან სიარული "გოგონებს" ვერ გამოვაპარე...


"თუ გაწყობს, წავიდეთ..."


ახალგაზრდა, კარგად ჩასუქებული, დაახლოებით 20-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემხტარი და გულამოჭრილმაისურიანი "გოგონასგან" პირველი შემოთავაზება მივიღე.  
- საათი 40 ლარი.
- რა შედის
შენს მომსახურებაში?
- ჩვეულებრივი სექსი. სასტუმრო აგერაა (ამ ტერიტორიაზე ე.წ. ბარ-რესტორნები და სასტუმროები მრავლად არის. - ავტ.).
- სასტუმრო რა ღირს?
- ხუთი ლარი. აგერაა, წავიდეთ?
- ნათესავს ველოდები, მატარებლით მოდის... აქ ხარ ხოლმე ყოველთვის?
- სხვა დროს შეიძლება არ დაგხვდე, თუ გაწყობს, ახლა წავიდეთ!
- ნათესავს ველოდები...
- (ქალი უკმაყოფილებას ვერ მალავს და ტონს უწევს) ერთი მე ველოდები ახლა ნათესავს და მეორე შენ!!!
- ასე აგრესიულად რატომ მელაპარაკები, გაბრაზებული ხარ?
- არ ვარ გაბრაზებული.
- მაშინ რატომ მეჩხუბები?
- თუ გაწყობს, წავიდეთ...
- რამდენი წლის ხარ?
- 1982-იანი. ბებერი კი არ ვარ.
- ვინ გაკადრა... ისე, მთელი ღამე "მომსახურება" რა ჯდება?
- მაგას მოვილაპარაკებთ. მცირე პაუზის შემდეგ, - მთელი ღამე - 100 ლარი.
- ეუფ... სასტუმროც შედის ამ ფასში?
- კი, მე წაგიყვან სასტუმროში...
დიალოგი მისმა "კოლეგამ", წითელ ქურთუკსა და ტყავის ჩექმებში გამოწყობილმა შუახნის ქალმა გაგვაწყვეტინა. კონკურენტ "კოლეგაზე" განაწყენებული (მათი საუბრიდან გავიგე, წითელქურთუკიანს ერთ-ერთმა "კოლეგამ" კლიენტი წაართვა) გულს ჩემს "შემბმელთან" იოხებდა იმერული აქცენტით.
- იმნაირმა გასრიალებულმა ჯიპმა ჩამომიყვანა აქ, ქეთინოს ახლობელმა, რომ გასკდა გულზე და შვიდჯერ მკითხა ამ კახპამ, ვინაა მაი ბიჭიო. მაძუნგალა მაგი... იმ ბიჭმა, იცი, რა მითხრა? თუ ვინმემ რამე გითხრა, მითხარი და იმწუთას მაქანე გავჩნდებიო. მეტიც არ მინდა, აგი კახპა რომ შემეხოს ხელით, მაი სულ დაკარგავს ამ ადგილს...
ამასობაში ახალი კლიენტი გამოჩნდა და წითელქურთუკიანიც მისკენ გაემართა.

- არ გცივა? - ისევ ვცადე საუბრის გაგრძელება "ჩემს გოგოსთან".
- არა (მკერდზე დაიხედა, დეკოლტე უფრო ქვემოთ ჩაიწია და "ტერიტორიაზე" ახალშემოსული "ნადავლისკენ" სწრაფად გაემართა. მიხვდა, რომ ვერ დამიყოლიებდა).

"სეილი"


ორიოდ წუთში თეთრი ტყავის ჩექმებში, ვარდისფერ ქურთუკსა და შორტებში გამოწყობილი გოგონა მომიახლოვდა.
- რამდენი გითხრა იმან?!
- 40 ლარი...
- ეგ 10 ლარიც არ ღირს... იმას შეხედე და მერე მე... ფუი, რას გავს (მეგრული აქცენტით)...
- იმ ქალმა 40 ლარი მითხრა, შენ 50-ს მეუბნები...
- იაფად მხოლოდ ნახევარი საათი, სიხარულო (დუმილს ისევ ეს "გოგონა" არღვევს). არ გდომებია, შენ, ბიჭი, არაფერი... იაფი და მუქთა მარჯვენა ხელია და აწი შენ იცი, - განაწყენებული გატრიალდა და მახლობლად მდგარი ბიჭებისკენ გასწია.

ხანმორეული ქალბატონი კი ერთსაათიან მომსახურებას 50 ლარად მთავაზობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ 10 ლარზეც თანახმა იყო.

"კივიან, იგინებიან, ჩხუბობენ... დავიღალეთ!"


ლალი ტალიკაძე, გოგოლის ქუჩის მცხოვრები: - წლებია, მთავრობისგან დახმარებას ვითხოვთ, მერიაში განცხადება არაერთხელ შევიტანეთ, ქუჩაც გადავკეტეთ, თუმცა ამაოდ...

- უკვე გაუსაძლისია აქ ცხოვრება. ოთხი შვილიშვილი მყავს, გოგონები, მათი გარეთ გაშვებისა მეშინია. სკოლაში ვაცილებ და მოსვლისას გარეთ ველოდები. კაცები მოგვდევენ - აქაური მცხოვრებლებიც იმნაირები ჰგონიათ. დაგადებენ ხელს და გეკითხებიან: რამდენი გინდაო?

-  თქვენ გაუჩერებიხართ?
- რამდენჯერაც გინდა... ჩემი სახლის წინ ნაგავი ვეღარ გამიტანია, რომ ვინმემ რამე არ მითხრას. ჩემი ფანჯრები პირდაპირ გადაჰყურებს ამ ქუჩას, არც დღე მძინავს და არც ღამე. პატრული დღისით არ არის, საღამოს მოდის. თუმცა მერე რა - ჩვენი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გაყრის ხოლმე გოგოებს და რამდენიმე წუთში ისევ მოდიან... პოლიციაშიც ბევრჯერ შევიტანე განცხადება, შს სამინისტროშიც, მერიაშიც, მაგრამ ვერავინ გვიშველა. ხომ შეიძლება რაღაც გამოსავალი მოიძებნოს?! ჩვენი საქმე არ არის, ვინ რითი ვაჭრობს და როგორ ცხოვრობს, მაგრამ ჩემს 14-15 წლის შვილიშვილებს რომ ესმით, როგორ ევაჭრებიან ქალებს მთვრალი მამაკაცები, ამის ატანა არ გინდა?! თუ ფანჯრიდან გადასძახე, აქედან წადითო, ისე გამოგლანძღავენ, სად დავიმალო, აღარ ვიცი... ძალიან ბევრმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ ეს ვერ აიტანა და შეებრძოლა ამ ქალებს, მაგრამ დაიჭირეს. ქალაქში ბევრი ბორდელია, იქ წაიყვანონ ეს ქალები და დაფარულად "იმუშაონ"?! ვის მივმართოთ, არ ვიცი. ყველა მოქალაქის უფლება ხომ უნდა იყოს დაცული?! ჩვენც ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. ან ეს პატრული რისთვის დგას, ვის იცავს - ჩვენ თუ ამ ქალებს? რაც ხდება, ხედავენ, მაგრამ უძლურნი არიან - დაკავების უფლება არ გვაქვს, რამდენჯერმე წავიყვანეთ პოლიციაში, მაგრამ სასამართლომ გაათავისუფლაო.

მერი ბერუკაშვილი, გოგოლის ქუჩის მცხოვრები: - ერთხელ, ჩემი რძალი შემოდიოდა ეზოში, ვიღაც ნასვამი კაცი გამოეკიდა. უკან მოდიოდა ჩემი ვაჟი და, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ჩხუბი მოხდებოდა... მეზობელს სახლის გაყიდვა უნდა, მაგრამ ყველა კლიენტი იწუნებს - აქ ცოლ-შვილს როგორ ვაცხოვრებთო... იცით, რაზე მტკივა გული?! პატარა გოგონები რომ დგანან და მათმა მშობლებმა არც იციან, სად არიან და რას აკეთებენ... სოფლებს ტოვებენ, თბილისში ვითომ სამუშაოს საძებნელად ჩამოდიან და ამ უბედურებაში ყოფენ თავს.

"ეს დაწესებულებები არის ბორდელები!"

მზია ჩეკურაშვილიც გოგოლის ქუჩაზე ცხოვრობს: - ისე იდგნენ ეს ქალები, ეზოში შემოსასვლელად ჩხუბი მიხდებოდა. ჩემი შვილი მღვდელია. მეშინოდა, ვინმეს შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, მაგრამ ახლა იციან, რომ ამ ეზოში ცხოვრობს და ერიდებიან.

საუბარში სხვა ქალბატონი ჩაერთო: - ახლომახლო მდებარე ბარები და სასტუმროები უნდა დაიხუროს. ეს დაწესებულებები არის ბორდელები! ამ ზაფხულს, ღამის სამ საათზე, აქ ორი ახალგაზრდა ქალის გამო ნასვამ კაცებთან ჩხუბს შეეწირა. მერე თქვეს, ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენო. ეს ინფორმაცია არსად გაშუქებულა. სამი სასწრაფო მოვიდა, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო..."
გოგოლის ქუჩის მცხოვრებნი კიდევ ერთი ტრაგედიის დატრიალებამდე მთავრობას დახმარებას ისევ სთხოვენ...

თორნიკე ყაჯრიშვილი
ზასტაველი
19 აგვისტო 2017 20:26
ნეტავ საქართველოს ოდესმე ეროვნული ხელისუფლება ეღირსება?
ilia
23 ნოემბერი 2016 09:31
კარტველები ამბობენ ეუროპიდან მოდის კველაპერი ცუდიო, მიდიტ ეუროპის კულტურამდე გატახსირებულებო,, ასეტს აკ გარეტ ვერც ნახავტ,, ცგალცაგებულებო,
ნანა
01 სექტემბერი 2016 21:02
საიდან ასკვნიან რომ სოფლებიდან ჩამოდიან? აქცენტის მქონე ბევრი ცხოვრობს თბილისში. აბა ხოხობი ხომ არ დადგება გოგოლზე?

რედაქტორის რჩევით