ათასკომლიანი სოფლის გასაჭირი
17-11-2014
ათასკომლიანი სოფლის გასაჭირი
არც წყალი, არც საბავშვო ბაღი და თითქმის ცარიელი სკოლა (?!)

"ბალღი თუ ბაღში არ ატარე, სკოლაში რო მიიყვან, პირდაღებული დაჯდება გაკვეთილზე!"


ღამით მთაში კენტად მოკიაფე ნათურას რომ დაინახავ, სიცოცხლის შეგრძნება გიმძაფრდება. მთის სოფლებს ხომ შავი დღე ადგათ, არც ბარის სოფლებია უკეთეს დღეში - თელავის რაიონის ათასკომლიან სოფელ შალაურში, ერთადერთი წყაროდან გლეხობას წყალი ფეხით კილომეტრზე მიაქვს...  

თინა ძალოსაც 10-ლიტრიანი პლასტმასის ბოცა მიჰქონდა. მე წაგაღებინებთ-მეთქი. სად უნდა წამაღებინო, კილომეტრიანი გზა მაქვს
გასავლელიო...

- განა მარტო მე მიმაქვს აქედან წყალი. მთელი სოფელი ასეა. ონკანებში ზოგან სულაც არ მოდის, ზოგან გრაფიკით მოწანწკარებს... ზოგს რატო 3-4 კილომეტრზე არ დააქვს წყალი სარეცხად და სასმელად!  
ადრე წყაროს წყალი გვქონდა გამოყვანილი, მაგრამ დაშრა, სადღაც დაიკარგა... ახლა ამოდენა სოფელს ერთი ბურღით გამოყვანილი
ეს წყარო დაგვრჩა და სულ რიგი დგას...   
მთავრობა გვპირდებოდა, ახალი ადგილიდან გამოგიყვანთ წყალს და დაისვენებთო. ეგრე დაისვენოს მტერმა. წყლის ზიდვით წელი გვაქვს ჩაქცეული... გვინდა თუ არა, ისევ ხნიერები დავდივართ წყლის საზიდად, აბა, ბავშვებს ხომ  არ მოვწყვეტთ გულმაგარას...

- ბავშვები ალბათ ბევრი გეყოლებათ, დიდი სოფელი გაქვთ...
- გვყავს, მა არ გვყავს?! - თინა ძალოს სიტყვას გივი ტოტიკაშვილი ართმევს: - ბაჯაღლო ოქრო ბალღები გვყავს, მაგათთვის ხო მაინც უნდა იზრუნოს მთავრობამ, მარა... მშობლები წამოაგდებენ დილაადრიან 3 წლის ბალღებს, ჩასხამენ საწვავის სუნით აყროლებულ "მარშრუტკებში" და მიჰყავთ თელავში, საბავშვო ბაღი მხოლოდ იქ არის... არადა, ბალღი თუ ბაღში არ ატარე, სკოლაში რო მიიყვან, პირდაღებული დაჯდება გაკვეთილზე!

- სოფელში საბავშვო ბაღიც არ გაქვთ?

- წლებია, ჩვენს სოფელში ბაღი არ ყოფილა. ვისაც მანქანა არა ჰყავს ან "მარშრუტკის" ფული არ აქვს, იმათი ბალღები შინ გუბეში კენჭების სროლით ერთობიან...

- არ მითხრათ, სკოლაც არ გვაქვსო...
- გვაქვს, მაგრამ რად გინდა, თუ იქ ბალღმა ცოდნა ვერ მიიღო! ჩვენს სკოლაში რომ წესიერად ასწავლიდნენ, მთელი სოფლის ბავშვები თელავის სკოლაში არ ივლიდნენ.

სკოლა რომ დაცარიელდება, არ უნდა გამოიკითხო, ასე რატომ ხდებაო?
ამოდენა ფულს რომ "მარშრუტკებში" დახარჯავს მშობელი, იმან შვილს რა უნდა აჭამოს და ჩააცვას?! რომელი მდიდრები ჩვენ ვართ... ბევრს ძროხაც კი არ შეგვრჩა - საძოვრები აღარ გვაქვს, თითო-ოროლა ჩვენებურმა ჩაიგდო ხელში - ვიყიდეთო. რით იყიდეს? მთავრობა გაიძახოდა, - საძოვრებს დაგიბრუნებთო, მაგრამ რაც მოვიდნენ, განაბულები არიან... ვისაც მაინც დაგვრჩა პირუტყვი, ორღობეებში დავდევთ, რომ ვინმეს ხეხილს არ გადასწვდეს და არ გააფუჭოს... აგე, ცხენებიც სკოლის ეზოში ძოვენ, სკოლის ეზოში ცხენს რა უნდა?!

ორღობეს ჩავუყევი და დამშრალ წყაროსთან  გოგონას გადავეყარე - ძაღლს ეთამაშებოდა. გზის გაღმიდან  ვირუკელამ ბოსლიდან თავი გამოყო და დაიყროყინა. გულმა არ მომითმინა, ღობესთან მივედი და სევდიან თვალებზე მივეფერე. თან ვფიქრობდი, პატრონმა რომ გამოიხედოს, არ იფიქრებს, ეს ქალი, ჩემს ეზოსთან რატომ დგასო. მაგრამ არ გამოუხედავს. ეტყობა, თავისი ვირის ყროყინი არ გაუგია... მაგრამ რაც ახლა სოფელ შალაურზე მოვყევი, აუცილებლად უნდა გაიგოს ხელისუფლებამ.
qeta
19 ნოემბერი 2014 19:59
ელემენტარულად არ ზრუნავენ ხალხზე!!!! ნეტა როდის გახდება ხალხი მნისჰვნელოვანი საზრუნავი ამ ჯიპებიანი და ჰალსტუხიანი მტავრობებისტვის!!!???
qeta
19 ნოემბერი 2014 19:59
ელემენტარულად არ ზრუნავენ ხალხზე!!!! ნეტა როდის გახდება ხალხი მნისჰვნელოვანი საზრუნავი ამ ჯიპებიანი და ჰალსტუხიანი მტავრობებისტვის!!!???

რედაქტორის რჩევით