"როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი..." - კვირის პალიტრა

"როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი..."

დიდი პოეტის გახსენება ვთხოვეთ მის ძმისწულს, ნოდარ ტაბიძეს, გალაკტიონოლოგს, თემურ დოიაშვილსა და პოეტ ლია სტურუას.

"ყველა დიდი პოეტი მისი მტერი იყო, - ასე ფიქრობდა, ყველა უმნიშვნელო კი - მეგობარი"

ნოდარ ტაბიძე, პროფესორი: - ხალხს აინტერესებდა, 1937 წელს გალაკტიონი როგორ გადაურჩაო. ერთხელ ეს ვკითხე კიდეც. მიამბო: 37 წელს რუსთაველის მოედანზე ჩავჯექი ტრამვაიში და სახლთან გაჩერებაზე ჩამოვედი. კართან სამი საეჭვო პიროვნება შევნიშნე. გავიფიქრე, - გალაკტიონ, ცუდადაა შენი საქმე, დაგიჭერენ და ვერაფერი გიშველის-მეთქი. რა ვქნა, გავიქცე? სად გავიქცე, დამეწევიან. დავეკიდე ტრამვაის სახელურს და ვიყვირე, - ხალხო, უშველეთ საქართველოს სახალხო პოეტს, იჭერენ, კლავენ-მეთქი. გაჩერდა ტრამვაი, ჩამოცვივდნენ ლომებივით ბიჭები და სად აორთქლდა ის სამი კაცი, ვერ გავიგე...

2-3 წლის წინ არქივში წავაწყდი გალაკტიონის დედის წერილს - ვანში დას სწერს: - გატუნიამ (ასე ეძახდა დედა), 12 წლისაა და ლოთობა დაიწყოო. მაშინ არც ხელისუფლებაზე იყო გაბრაზებული და არც არავისზე. ეტყობა, მოთხოვნილება ჰქონდა...

ჩემთვის ღვინო არასოდეს შემოუთავაზებია. ყველგან თან დავყავდი. გაიშლებოდა სუფრა და იტყოდა, - ჩემს ნოდარს ლიმონათი მოართვითო. არადა, უკვე სტუდენტი ვიყავი, მინდოდა ღვინის დალევა... იტყოდა ხოლმე, - ღვინო ძაღლს რომ ჩაასხა ხახაში, ტურად აქცევსო. თანაც ამწევ-მტვირთელიც ხომ უნდოდა - ვინ აიყვანდა მეორე სართულზე, მეც რომ დავმთვრალიყავი?

წვალებით ავიყვანდი კიბეზე. სანამ კარს გავაღებდი, ხარხარებდა სარკასტულად. მერე შევიყვანდი ოთახში და ვაწვენდი.

უცნაური იყო მთელი თავისი ბუნებით. მეგობარი თითქმის არ ჰყოლია. ჩვენთან იშვიათად მოდიოდა სტუმარი. კაბინეტი ყოველთვის ჩარაზული ჰქონდა. კაცი ვერ შევიდოდა, მეც კი - ნებართვის გარეშე. ოთახში ყველაფერი ერთმანეთში ჰქონდა არეული. რომ გარდაიცვალა, პირდაპირ მწერალთა კავშირში წაასვენეს და იქიდან - მთაწმინდაზე. მისი გარდაცვალებისთანავე დავლუქეთ კაბინეტი. სამი კაცი ვიყავით კომისიაში - მე, სერგი ჭილაია და ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი. ვერაფერს გაარკვევდით ოთახში. ქაოსი იყო. ბუნებით იყო დიდკაცი, შემოქმედი, მთხზველი... ლექსებს კაბინეტში ჩაკეტილი წერდა... ერთხელ გამომიტანა ხელნაწერი და წამიკითხა, რუსულად დაეწერა ლექსი... მას ყოველ სიტუაციაში შეეძლო ლექსის წერა. ერთი სიტყვით, ეს იყო ფენომენი, რომლის მსგავსი ქართულ ლიტერატურას არ ჰყოლია.

ყველა დიდი პოეტი მისი მტერი იყო, - ასე ფიქრობდა, ყველა უმნიშვნელო კი - მეგობარი.

- როგორ აღნიშნავდა დაბადების დღეს?

- ზოგჯერ აღნიშნავდა, ზოგჯერ საერთოდ არა.  დილით გამომძახებდა ხოლმე ოთახიდან, - მიშველე, ნოდარ, ვკვდებიო. ჩავირბენდი მაღაზიაში, ამოვუტანდი არაყს. გადაკრავდა და ამოისუნთქებდა - აგაშენა ნოდარ, ღმერთმა, მეშველაო...

გადაყოლილი იყო წიგნზე.

უზარმაზარ ენერგიას ხარჯავდა, რომ როგორმე წიგნი გამოეცა. ტანჯვით და ბრძოლით არის გამოცემული მისი ყველა წიგნი, რომელიც მის სიცოცხლეშივე გამოიცა.

სასიამოვნოა, რომ დიდი გალაკტიონის დაბადების დღეს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მისი ლექსების კრებული მიუძღვნა.

ლია სტურუა, პოეტი: - ლიტერატურულმა დაჯგუფებებმა დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს ქართული ლიტერატურისთვის - მას ესთეტიკური ფასეულობა, მხატვრული ღირებულება დაუბრუნეს, მაგრამ მისი წევრი პოეტები რაღაცით, გავდნენ ერთმანეთს და გალაკტიონი, თუ შეიძლება ითქვას, იმავე მიწაზე, მაგრამ სრულიად ურაღაცო საძირკველზე იდგა. ვთქვათ, "დგება თეთრი დღეები რიდეების სეზონი, გაჩნდნენ ორხიდეები, ყოვლად უმიზეზონი"... თითქოს რა არის, რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული ამ სიტყვებში, მაგრამ არაფერი ალბათ, გარდა იმისა, რომ საკუთრად მისია და არავის ასე არ უთქვამს არც იქამდე და არც მერე...

გალაკტიონი ისე ამბობდა, როგორც ხედავდა, თვალში სხვა ბროლი ედგა. გახსოვთ ალბათ, მყინვარს როგორ მიმართავდა - "ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი". იდგა მყინვარის სიმაღლეზე წარმოსახვით და იქიდან უყურებდა ბევრ რაღაცას. ამიტომ არის ღვთაებრივი სტრიქონები, ვთქვათ, "ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმანებით, ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით." ასეთი ლურჯი ხმით ნათქვამი ლექსი იშვიათია.

ჩემთვის გალაკტიონი და პოეზია არის სრულიად იდენტური ცნებები. ძალიან ცოტას შეუძლია თქვას: "მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა", ესე იგი, როგორც უნდა, ისე რომ წეროს.

აქვს გალაკტიონს ასეთი სტრიქონები - სილაჟვარდე, სილაში ვარდი, როგორი რითმაა? ანდა "დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით". ივლისი და ყინვა? მაგრამ ორივეს გულში ჭინჭარი უდევს და ისუსხება.

გალაკტიონს მართლაც რომ მუსიკალური ლექსები აქვს, იგივე "ლურჯა ცხენები" პოლიფონიური მუსიკაა. გალაკტიონის ლექსი ისეთი მუსიკაა, რომ არ სჭირდება სხვა მუსიკა, საოცარია, და ვერ მიუყენებ მელოდიას - ორი მუსიკა მოკლავს ერთმანეთს; თუმცა კი კომპოზიტორს აქვს უფლება, დაწეროს მასზე სიმღერა.

გალაკტიონის თითოეული ახალი წიგნის გამოცემა მის ხელახლა დაბადებას ნიშნავს, ამიტომაც სასიხარულოა, რომ საიუბილეოდ მისი ახალი კრებული გამოიცემა.

მას აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი, - შიშველ ვარდს სცივა და მშვიდობა ყველას, ვინც იმ ზამთარში მოკვდება გარეთ... სულ მგონია, რომ ასე უპატრონოდ და ობლად დადიოდა, სციოდა და ახლა, როგორც იქნა, იპოვა თავშესაფარი მუზეუმში. როცა ჩვენ არ ვართ, ალბათ მოდის თავის სახლში, მისი ლანდი ზის საწერ მაგიდასთან და ფიქრობს, რომ სიკვდილის მერე მაინც ეღირსა თავშესაფარი, თუმცა სიკვდილამდე ამბობდა, - სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლოო.

მე მგონი, ჩვენი სიყვარული და დამოკიდებულება მის მიმართ, რაღაცნაირად გამოასხივებს ამ სითბოს.

თემურ დოიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი: - ჩვენს თაობას ჭეშმარიტი გალაკტიონის შესახებ, სამწუხაროდ, წარმოდგენა არ ჰქონდა.

გალაკტიონი აღმოვაჩინე ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას, ხოლო სამეცნიერო ინტერესი და ყურადღება გამიჩნდა რევაზ თვარაძის წიგნის წაკითხვის შემდეგ, რომელშიც, ჩემი აზრით, პირველად იყო საბჭოთა სივრცეში გარკვეული სიმართლე, ნათქვამი იმ ტრაგედიაზე, პიროვნულზეც და შემოქმედებითზეც, რომელიც ეპოქის ამ უზარმაზარმა შემოქმედმა განიცადა.

მე გალაკტიონის წიგნების გაცნობა მიხდება არა მხოლოდ როგორც ლიტერატორს, არამედ როგორც ვიწრო სპეციალობით გალაკტიონოლოგს. მეცნიერულ კვლევას გალაკტიონზე საფუძველი ჩაუყარა 1965-75 წლებში გამოცემულმა მისმა 12-ტომეულმა.

17 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი ქართული კულტურის ისტორიაში. ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ნიშნავს არა მარტო კონკრეტული ლიტერატორის დაბადებას, არამედ ჩვენი ეროვნული იდეის აღორძინებას, გალაკტიონის დაბადებით მოხდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართული პოეზიის ხელახლა დაბადება - ეს იყო კაცი, რომელმაც ქართულ პოეზიას დაუბრუნა უნივერსალური ხასიათი და განახორციელა ისეთი დონის პოეტური რეფორმა, რომელმაც მსოფლიო ძიებათა რკალში მოაქცია ქართული პოეზია.

ლიტერატურის ინსტიტუტში გალაკტიონის კვლევის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავართ, ყოველ წელიწადს ატარებს  გალაკტიონის დღეს. ოღონდ ეს დღე აღინიშნება გარდაცვალების დღეს, 17 მარტს.  რაც შეეხება 17 ნოემბერს, მასაც ვეხმიანებით ხოლმე, ტარდება სესია, რომელზეც რამდენიმე მოხსენება იკითხება გალაკტიონის შემოქმედებაზე.

გალაკტიონის დაბადებიდან 125 წლისთავი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ პოეტის იუბილე გადავიხადოთ იუნესკოს ეგიდით, რათა ადგილიდან დაიძრას დიდი საქმე - გალაკტიონი ჩაეწეროს ამ დასავლური კულტურის კონტექსტში.

ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი და ნოვატორი. ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და როგორც ჩვენი კულტურული შუბლი, როგორც ჩვენი ნიჭიერების გამოხატულება, 125 წლისთავი აღვნიშნოთ საერთაშორისო მასშტაბით.

***

შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში

ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს

გადირეკს ნოემბრის ბაღები.

მხურვალე ვნებები გამივლის,

სასახლის ჩაქრება ჭაღები.

დარჩება აუზთან სანდალი

და ძველი ფოთლები, ყვითელი...

რომანზე ისვენებს შანდალი,

რომანში - შეშლილი სკვითელი.

ვეწვევი განდეგილ მამათა

"უმანკო ჩასახვის" სავანეს:

იქ შავი თოვლივით დამათოვს

ჭვარტლი და ბურუსი თავანის.

სიმკაცრით შემხედავს საშვენი

თვალები შეკრული კამარის:

ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი

არ არის, არ არის, არ არის!

დაჰქრიან უდაბნოს ქარები,

მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!

სამრეკლოს ანგრევენ ზარები...

წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

გრიგალთა სადაურ შებერვას

მისდევენ ფოთლების შვავები...

თებერვალს უხმობენ, თებერვალს,

სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

და ვიცი ღელვათა საგანი,

როდესაც ღამეა უკუნი,

და ჩემი მდუმარე საკანი

და ცეცხლის მფარველი გუგუნი

ერთგვარად მიიტანს ამ სახის

ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:

გაზელებს - მგოსანი სასახლის,

ხელთათმანს - სასახლის მდივანი.

***

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,

მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;

მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,

მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,

გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.

წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,

სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს

და კედლებს,

ძილით დაბურულს არ გრძნობდა

მხარეს.

ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,

როგორც სიზმარში მხარე ცვლის

მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.

ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.

მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,

ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

***

რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო

ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი - როგორც მზის

სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

მე დღეს არ ვნაღვლობ,

დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ

მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.