სვანეთი - აღმოჩენილი სამოთხე - კვირის პალიტრა

სვანეთი - აღმოჩენილი სამოთხე

ფოტოგრაფის დაუვიწყარი მოგონებები

ხელსახოცზე დახატული რუკით ნაპოვნი საოცრება

"სვანეთზე მითხრეს მწვერვალების სამყაროა და მოსახლეობა ლაპარაკობს ენაზე, რომელსაც დამწერლობა

არ გააჩნიაო"

National Geographic"-ის ფოტოგრაფი, აარონ ჰიუი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა 1998 წელს სვანეთი - "სამყაროს მოწყვეტილი ადგილი".

- როგორ გაიგეთ საქართველოს შესახებ და რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი პატარა და, იმ დროისათვის არც ისე ცნობილი ქვეყნის სტუმრობა?

- იმ დროს უბრალო მოგზაური ვიყავი. გერმანელი ლინგვისტისგან შევიტყვე სვანეთის შესახებ. მითხრა, - მწვერვალების სამყაროა, მისი მკვიდრი მოსახლეობა ლაპარაკობს ენაზე,  რომელსაც დამწერლობა არ გააჩნიაო. რადგანაც გზამკვლევი რუკაც კი არ არსებობდა სვანეთისთვის რომ მიმეგნო, მომიწია ხელსახოცზე დახატული რუკით მესარგებლა.

- შეგიძლიათ 1998 წლის და დღევანდელი საქართველო შეადაროთ ერთმანეთს?

- დღეს თითქმის შეუძლებელია, საქართველო იცნო.  ქალაქები დანგრეული და დევნილებით  სავსე იყო. მესტიაც ნანგრევებში იყო, პოლიციის შენობა - გადამწვარი. იმ დროს იქ არც რესტორნები იყო, არც მაღაზიები, მხოლოდ ჯიხურები. მე მიყვარდა წყნარი, ტურისტებისაგან ცარიელი 1998 წლის საქართველო, მაგრამ ამავდროულად მიხარია მისი წინსვლა და განვითარება.

- როგორც ვიცი, ფული საგანგებოდ შეაგროვეთ და ზედიზედ სამჯერ ესტუმრეთ სვანეთს, რათა შეგექმნათ თქვენი პირველი ფოტოისტორია.

- არსად მინახავს სვანეთის მსგავსი ადგილი. ის მოწყვეტილი იყო მთელ სამყაროს, მხოლოდ ერთი ქვაღორღიანი გზა მიდიოდა. ოქტომბერში მომიწია ჩასვლამ, სწორედ იმ დროს, როცა სეზონი იცვლება. მოვიხიბლე ბუნების სილამაზითა და ფერებით, ეშხიანი ქალბატონებით, გემრიელი კერძებით, ნაციონალური სიმღერებით, ცეკვებითა და გასაოცარი მთებით, რომლის მსგავსიც არსად მენახა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ახალი შენობა გაჩნდა და ტურისტებიც მომრავლდნენ, ის მუსიკა და სული არ გამქრალა.

- ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მღერით და ცეკვავთ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს.

- სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცეკვო, უბრალოდ იმპროვიზება შემიძლია. სიმღერა კი ჩემი მასპინძლების, ფილფანების ოჯახში ვისწავლე. როცა იქ ვიყავი, თითქმის ყოველდღე ვმღეროდით. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისევ და ისევ ვბრუნდებოდი საქართველოში.

- რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს ძველ მეგობრებს, როდესაც თოთხმეტი წლის მერე კვლავ შეხვდით მათ?

- უბედნიერესი ვიყავი, როდესაც შევხვდი ჩემს სვან დედას, ნუნუს. სანამ არ ჩავეხუტე, მანამდე ვერც კი გავაცნობიერე, თუ როგორ მომნატრებოდა. ბედნიერება იყო კვლავ მათთან ყოფნა. სამწუხაროდ, დიდხანს ვერ დავყავი იქ, თუმცა ბოლო დღეს უმცროსი გოგონას, ანა ფილფანის ქორწილში კარგად მოვილხინე, რაც ჩემი მოგზაურობის მშვენიერი დასასრული იყო.

- ჩანაწერები, სადაც სვანეთს აღწერთ, ასე დაასათაურეთ: "დაკარგული სამოთხე". ამით რისი თქმა გსურდათ?

- ამით ის ვიგულისხმე, რომ სვანეთი მოწყვეტილია სამყაროს და ძნელად საპოვნია მოგზაურებისთვის. პირადად ჩემთვის ეს იყო აღმოჩენილი სამოთხე", რომელიც ძალიან შემიყვარდა. სწორედ ამიტომ შევადარე ის ჯონ მილტონის "დაკარგულ სამოთხეს".

- თუ აპირებთ ახლო მომავალში კვლავ ესტუმროთ საქართველოს?

- იმედი მაქვს, რომ ისევ დავბრუნდები. გამოფენის მოწყობას ვაპირებ, მაგრამ სამწუხაროდ, სპონსორი ვერ ვიპოვე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში კვლავ ჩამოვალ და ჩემს ნამუშევრებს უკეთ გავაცნობ ქართველებს.

ლამპრობა

ლამპრობა წარმართული, მიწათმოქმედთა ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია. შემორჩენილია მხოლოდ სვანეთში. ის თებერვლის დასაწყისში იმართებოდა. ამ დღეს მლოცველნი ღვთისგან გამოითხოვდნენ ბუნების გაღვიძებას, გაზაფხულის დროზე დადგომას, მოსავლიანობას, საქონლის, კაცის სულის გამრავლებას... "ლამპრებს" აკეთებდნენ არყის ან მუხის ხმელი ტოტებისგან. ერთი ლამპარი ენთებოდა ოჯახის სახელზე და თითოც - ოჯახის თითოეული მამაკაცის სახელზე.

ლამპრებს სვანები გარდაცვლილთა სულებისთვისაც ანთებდნენ. მათი რწმენით, ჩირაღდანი მათ სულებს უთბობდა და საიქიოს გზას უნათებდა.

დღეს ამ ტრადიციას წმინდა გიორგის სახელსაც უკავშირებენ და ლამპრობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება - ერთი აღდგომამდე ათი კვირით ადრე, მეორე (რომელსაც ლამპრობა-სვიმნობას უწოდებენ) ემთხვევა მირქმას. სახელწოდება "სვიმნობა" უკავშირდება სვიმეონ უფლისმიმრქმელის სახელს, რომლის ხსენებას ეკლესია 1-ელ თებერვალს აღნიშნავს.

გათენებამდე ანთებული ლამპრები წმინდა გიორგის სალოცავში მიაქვთ, შემდეგ კოცონის გარშემო ზეიმი გრძელდება. იმართება ფერხული "ლამპრული", ჭიდაობა და გუნდაობა. ლამპრების წვის დროს ოჯახებიდან მოაქვთ ხონჩაზე დაწყობილი სამ-სამი ყველიანი პური (ლემზირი). ხონჩას გადაფარებული აქვს ყველის სუფრა (ძალიან თხლად გაბრტყელებული სულგუნი). ერთი მოხუცთაგანი ხონჩას შეულოცავს, შემდეგ იმართება ტრაპეზი და ზედაშეს რიტუალური სმა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი წმინდა მარიამის სახელზე იყო, მეორე - წმინდა გიორგის და მესამე - ცის საკეთილდღეოდ. კვირა დილას თითოეული ოჯახი აანთებდა ლამპრებს. ერთი დიდი ლამპარი მიჰქონდათ ეკლესიაში, ერთი - კალოში. წმინდა მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველად მიიჩნევენ. ღამით კონებს ეკლესიის ეზოში, სასაფლაოზე წვავდნენ... ლამპრობას ყველას შეეძლო ოჯახში დაუპატიჟებლად მისვლა. სტუმარს, თუნდაც მტერი ყოფილიყო, მაინც პატივით მიიღებდნენ.

ესაუბრა ლიკა ჭიღლაძე

გაზეთი Georgian Journal  #37