გალა -"რუსი კახპა", "ავხორცი ვალკირია"... სალვადორ დალის "სიურრეალისტური მადონა"
17-11-2014
გალა -"რუსი კახპა", "ავხორცი ვალკირია"... სალვადორ დალის "სიურრეალისტური მადონა"
გალამ არ იცოდა, რა იყო სირცხვილი. "ნებას ვრთავ ჩემს გალას, იმდენი საყვარელი ჰყავდეს, რამდენიც მოეგუნებება..."

32 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ქალი - გალა დალი აღესრულა. მას უნარი შესწევდა, მამაკაცთა გულებში ბობოქარი ვნების კოცონი დაენთო, არ იცოდა, რა იყო სირცხვილი...  

1934 წლის 30 იანვარს თითქოსდა ჩვეულებრივი ამბავი მოხდა: ორი ადამიანი დაქორწინდა. ნეფე - სალვადორ დომენიკ ფელიპე ჯასტინ დალი, პატარძალი კი ელენა დიაკონოვა, მომავალში–გალა დალი იყო. არაჩვეულებრივი კი
ის გახლდათ, რომ წყვილმა 50-ჯერ მაინც იქორწინა. ყველა ცერემონიაზე იცვლებოდა მხოლოდ ქვეყნები. გGემოვნების ამბავია - ზოგი უცხო ქვეყნის ნახვისას მუზეუმს ესტუმრება, სხვები - მაღაზიებს, ეს წყვილი პირდაპირ ეკლესიაში მიდიოდა, რათა ოჯახური სტატუსი კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ და დამატებითი თაფლობის თვეც მოეწყოთ... სალვადორ დალის მოწიფულ ასაკში განუცხადებია:
"გალა დედაჩემზე, მამაჩემზე, პიკასოსა და ფულზე მეტადაც კი მიყვარს!"...

მანამდე კი იყო 1929 წელი, კადისი, ესპანეთი, კატალონია. შეხვედრა. საღამო. ზეთისხილი და მთვარე. 11 წლით უმცროს სალვადორს ელენა ეტყვის: "- პატარავ, არასოდეს მიგატოვებ"...

მრავალი წლის შემდეგ, როცა გალა და სალვადორი უკვე დაქორწინებული და მდიდრებიც არიან, მათ სახლში ფუმფულა ბოცვრები სახლობენ, რომლებსაც სალვადორი სულში იძვრენს, მაგრამ სანიმუშო  ქმარი უნებლიეთ უხეშად მიმართავს ცოლს და... გალას ბრძანებით ბოცვრებს ხოცავენ, ატყავებენ, და სუფრაზე მიაქვთ... სკანდალური ორგიები (გალა დალისა და თავის პირველ ქმართან, პოეტ პოლ ელუართან ერთად თავდავიწყებულ სიყვარულს ეძლევა), საყვარლების ცვლა, - გალამ არ იცოდა, რა იყო სირცხვილი. "ნებას ვრთავ ჩემს გალას, იმდენი საყვარელი ჰყავდეს, რამდენიც მოეგუნებება..." - აცხადებდა სალვადორი.

გალა დალი "ავხორც ვალკირიად", "ქვაწვია რუს კახპად" შერაცხეს. თუმცა, გალას შეუძლია სხვანაირიც იყოს - როცა დალის ფერწერა ფასს კარგავდა, გალერეებში დარბოდა და მყიდველს ეხვეწებოდა: "შეიძინეთ ჩვენი გამოგონებები! მალე ამ გენიოსის წყალობით გამდიდრდებით!" გამოგონებები კი სულაც არ იყო ურიგო: გამჭვირვალე მანეკენები, დასაწებებელი ფრჩხილები, ხელოვნური მკერდი, ავტომანქანის მრგვალი ძარა... სხვათა შორის,
"ჩუპა-ჩუპსის" შესაფუთი ქაღალდიც სალვადორ დალის გამოგონილია...

გენიალური და ამასთან, ახირებული მხატვრისთვის, რომელსაც ქალები აშიIნებდა, გალა ღვთაება იყო. წიგნში - "ერთი გენიოსის დღიურები" მხატვარი წერს: "ვუძღვნი ამ წიგნს ჩემს გენიას, ჩემს გამარჯვების ქალღმერთ გალას, ჩემს ელენე ტროელს, ჩემს წმინდა ელენეს, ჩემს ზღვის ზედაპირივით ბრწყინვალე გალათეას"...
ეს "სიურრეალისტური მადონა" პრაგმატული ქალი იყო. 1934 წელს წყვილი ამერიკაში მიემგზავრება, რადგან ქალს ინტუიცია კარნახობს, რომ სწორედ ამერიკელები აღფრთოვანდებიან მხატვრის ტალანტით. არც შემცდარა, აშშ-ში სალვადორს სენსაციური წარმატება ერგო - ქვეყანა სიურრეალისტურმა "ციებ-ცხელებამ" შეიპყრო... აშშ-ში გალა აწყობს ქმრის ნახატების გამოფენებს,  დალი კითხულობს ლექციებს, ხატავს მდიდარი ამერიკელების პორტრეტებს, კოსტიუმებს საბალეტო და საოპერო წარმოდგენებისთვის, თხზავს სცენარებს, აფორმებს მდიდრული მაღაზიების ვიტრინებს მეხუთე ავენიუზე, თანამშრომლობს ჰიჩკოკსა და დისნეისთან.

40-იანი წლების ბოლოს ცოლ-ქმარი ტრიუმფით ბრუნდება ევროპაში. წყვილს ყველაფერი აქვს - სიმდიდრე და სახელი, მაგრამ გალას სიბერე ეპარება...
1968 წელს მხატვარი თავისი 74 წლის  მუზისთვის, რომელიც უწინდებურად ცდილობს მამაკაცების ცდუნებას, შუა საუკუნეების ხანის პუბოლის ციხე-კოშკს ყიდულობს, თავად კი იქ სტუმრობა მხოლოდ ცოლის წერილობითი თანხმობით შეუძლია.

გალამ 88 წელი იცოცხლა. სიცოცხლის ბოლო წლები სნეულებით ეწამლება. ალბათ, ამიტომაც წერს: "სიკვდილის დღე ყველაზე ბედნიერი იქნება ჩემს ცხოვრებაში"... ეს დღე 1982 წლის 10 ივნისს დადგა. სალვადორ დალის ქალღმერთი მინის თავსახურიანი კუბოთი პუბოლის საძვალეში დაკრძალეს. მისი გარდაცვალების შემდეგ მხატვარმა სამუდამოდ მიატოვა ფუნჯი და ტილო, ხანგამოშვებით ყმუოდა, ჭამა აიკრძალა და თუ დააძალებდნენ, მომვლელს სახეს ახოკავდა. საათობით იჯდა დარაბებდახურულ ფანჯარასთან და სიცარიელეს აშტერდებოდა... გენიალურმა მხატვარმა საყვარელ ქალზე 7 წლით მეტი იცოცხლა.
(((
22 ნოემბერი 2014 21:30
ორი გიჟი საგიჟეთში
ნ.მ.
19 ნოემბერი 2014 20:47
ორი გიჟი!

რედაქტორის რჩევით