"შევარდნაძის დავალება იყო, დაჭრილი "თვითმფრინავის ბიჭები" აუცილებლად გადამერჩინა"
17-11-2014
"შევარდნაძის დავალება იყო, დაჭრილი "თვითმფრინავის ბიჭები" აუცილებლად გადამერჩინა"
რას ჰყვება "თვითმფრინავის ბიჭების" პირადი ექიმი

"არც ერთი პატიმარი სამკურნალოდ ქალაქის კლინიკებში არ გაგვიყვანია"


როცა ლეგენდები შენ თვალწინ ცოცხლდება და საზოგადოებას გახმაურებული საქმეების უცნობ დეტალებს უყვები, ფიქრობ, გაგიმართლა. მეც გამიმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ნავოლის ქობულია რამდენიმე ათეული წელი სასჯელაღსრულების რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. 80 წლის ექიმი განვლილ ცხოვრებას, "თვითმფრინავის ბიჭებსა" და დურუ ხურცილავას რამდენიმე ათეული წლის შემდეგ "კვირის პალიტრასთან" იხსენებს...

ციხეში გატარებული ახალგაზრდობა

აბაშაში დაბადებულმა ბავშვობა
ქართლში გაატარა. მომავალი პროფესია 14 წლისამ აირჩია. ექიმობა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ძაღლის დაკბენილი, ცოფის საწინააღმდეგო აცრაზე მიიყვანეს. ძალიან მოეწონა ექიმი-რაბიოლოგი, თუმცა, მამის თხოვნით, ქირურგობა გადაწყვიტა.  
- ოთხი დედმამიშვილი ვართ, სამი ძმა
და ერთი და. სკოლა რომ დავამთავრე, მამაჩემმა მითხრა, მინდა, ერთი შვილი ექიმი მყავდეს და ეს შენ უნდა იყოო. ეს პროფესია მეც მომწონდა. პედიატრიის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ამ პროფილით არასდროს მიმუშავია. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე, ქირურგი ვყოფილიყავი. ვარ ზოგადი ქირურგი და კოლოპროქტოლოგი. 28 წლისა უკვე სასჯელაღსრულების რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიყავი, სადაც 2005 წლამდე ვიმუშავე.

- რამდენი ოპერაცია გაქვთ გაკეთებული?
- ვინ დათვლის... ყოველწლიურად 300 ოპერაციის გაკეთება მიწევდა. ყოფილა შემთხვევა, როცა რამდენიმე დღე სამსახურიდან ვერ გამოვსულვარ და დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად რამდენიმე ათეული ოპერაცია გამიკეთებია. მაშინ ციხეში ხშირი იყო თვითდაზიანების შემთხვევები. ბევრი პატიმრის სიცოცხლე გადამირჩენია... თუმცა, ერთი ასეთი შემთხვევაც მახსენდება: ქალთა განყოფილებაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ულამაზესი 20 წლის გოგონა გვყავდა. მას ურთიერთობა ჰქონდა პატიმარ გოგონასთან. რამდენჯერაც ის თვითდაზიანებას მიიყენებდა, ეს ანგელოზივით გოგოც საკერავ ნემსს ყლაპავდა. რამდენჯერმე გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან, მაგრამ ბოლო ოპერაციის დროს მუცლის ღრუ რომ გავხსენით, თორმეტგოჯა ნაწლავის კედელი გახვრეტილი ჰქონდა და ნემსი ნაწლავის სანათურიდან გასული იყო. დაზიანებული კედლის აღდგენა ძალიან რთული აღმოჩნდა და საწყალი, ამ გართულებამ იმსხვერპლა. 

მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი პატიმარი სამკურნალოდ ქალაქის კლინიკებში არ გაგვიყვანია, დღეს კი უამრავი პატიმარია გაყვანილი ქალაქის კლინიკებში. შექმნილია პოსტები, რაც საბადრაგო სამსახურის საქმიანობას ართულებს, ამას დამატებითი ხარჯიც სჭირდება. იყო დრო, როცა მაღალი თანამდებობის პირები მთხოვდნენ ოპერაციის გაკეთებას, დანანებით ამბობდნენ, ნეტავ ჩვენც შეგვეძლოს მანდ ოპერაციის გაკეთებაო.

65 წლის სტუდენტი

- 65 წლისამ  გადავწყვიტე, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ჩავირიცხე სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექციაზე იმ დროს შევედი, როცა აუდიტორიაში 200-მდე სტუდენტი უკვე იყო. რომ შევედი, ფეხზე წამოდგნენ - ლექტორი ვეგონე. არ შევიმჩნიე და უკანა მერხზე დასაჯდომად წავედი. ყველამ თვალი გამომაყოლა. ამ ასაკის სტუდენტი უნივერსიტეტში მხოლოდ მე ვიყავი. ოთხი წელი თითქმის არც ერთი ლექცია არ გამიცდენია. ხუთებზე დავამთავრე  და წითელი დიპლომი ავიღე.

- ახლა სად მუშაობთ?

- ამჟამად ორ კერძო კლინიკაში ვმუშაობ. ერთგან ვარ მთავარ ექიმად, მეორეში - ქირურგიული განყოფილების გამგე გახლავართ. ვარ ადვოკატი და ბრალდებულებს ვიცავ. ვფიქრობ, კიდევ დიდხანს ვიმუშავებ ორივე პროფესიით. რასაც მივაღწიე, დიდი შრომის ნაყოფია. დღესა და ღამეს ვასწორებდი სწავლაში. ვარ პედაგოგიც, ვკითხულობ ლექციებს ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

- ორი შვილი გყავთ... თქვენი პროფესია რომელიმემ აირჩია?

- ორივე ექიმია. ვაჟი ნეიროქირურგია, გოგონა - პედიატრი.

P. S. ჩემი პროფესიის წყალობით უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, ბევრი რამ მინახავს და მომისმენია, მაგრამ შემთხვევით გაცნობილმა ნავოლის ქობულიამ მაინც გამაოცა. მისი მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა ბევრ ახალგაზრდას შეშურდება.


"თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება"

1983 წლის 17 ნოემბერი. რესტორან "ქალაქურში" გეგა კობახიძისა და თინათინ ფეტვიაშვილის ქორწილია. მეორე დღეს ახალდაქორწინებულები უნდა გაემგზავრონ...
18 ნოემბერი. ახალდაქორწინებულები საქორწინო მოგზაურობით აეროპორტში მიდიან და მეგობრებთან ერთად თვითმფრინავში სხდებიან...

"საბჭოთა კლანჭებიდან" გაქცევის სურვილით შეპყრობილმა ახალგაზრდებმა თვითმფრინავის გატაცება სცადეს, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. დაიღუპა რამდენიმე გამტაცებელი, ეკიპაჟის წევრები და ერთი მგზავრი. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გეგა კობახიძე და პაატა ივერიელი შედარებით მსუბუქად იყვნენ დაჭრილი, კახა ივერიელს კი გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსმა, ნავოლის ქობულიამ გაუკეთა.
ნავოლის ქობულია: - კახა ივერიელს ტყვია ფილტვში ჰქონდა გავლილი და პირიდან სისხლი ამოსდიოდა. რამდენიმე საათი მიმდინარეობდა ოპერაცია. შევარდნაძის დავალება იყო, რომ დაჭრილი ბიჭები აუცილებლად გადამერჩინა.

- შევარდნაძისგან პირადად მიიღეთ დავალება?

- მისი დანაბარები გადმომცეს. ოპერაციის შემდეგ დაჭრილი საკან-პალატაში გადავიყვანეთ. გასაღები მხოლოდ მე მქონდა და ყველა მანიპულაციას მე ვუტარებდი. დაახლოებით ორი თვე იყო ამ ოთახში და იქ ჩემ გარეშე ვერავინ შედიოდა.

- ალბათ, საუბრობდით კიდეც...

- საბჭოთა საქართველოდან მინდოდა გაქცევა, თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრებაო, ამბობდა...

- იმ პერიოდში, ალბათ, თქვენც განსაკუთრებულად გადევნებდნენ თვალს...
- რა თქმა უნდა. სადაც უნდა წავსულიყავი, ალბათ, აგენტები დამყვებოდნენ. ერთხელ ივერიელების მამამ ნაცნობი ექიმის პირით შემომითვალა, როგორია ჩემი შვილების მდგომარეობაო. იმ ექიმს ვუთხარი, სტაბილურად არიან-მეთქი. ჩემი სიტყვები ადრესატამდეც მივიდა და უფრო ზემოთაც. ამის გამო დაკითხვაზე დამიბარეს. 

- პაატა ივერიელსა და გეგა კობახიძეზე რას იტყვით, მათთანაც ხომ გქონდათ ურთიერთობა?
- ერთი ფეხში, მეორე ბარძაყში იყო დაჭრილი. როდესაც საკანში მათ მოსანახულებლად შევედი, საწოლზე ისხდნენ. კობახიძე გაიწია და დაბრძანდითო, მითხრა... უფროსი ივერიელის გამოჯანმრთელებისა და მისი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს.

"დურუს მხრის დარტყმით საკნის კარის ჩამოგდება შეეძლო"


დურუ ხურცილავას საბჭოთა კავშირში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი ჰქონდა. პირველად ყველის ქურდობისთვის გაასამართლეს. ერთ დანაშაულს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, ბოლოს საშიშ ბოროტმოქმედად იქცა... მოსკოვიდან გამოგზავნილ დასკვნაში ეწერა, რომ ფსიქიკური გადახრები ჰქონდა.   
დურუმ ციხის თანამშრომლების თავის ჭკუაზე გადაყვანა შეძლო. შეწინააღმდეგებას ვერავინ  უბედავდა. 11-ჯერ ნასამართლევს, ბოლოს ორი კაცის მკვლელობასა და გაუპატიურებაშიც დასდეს ბრალი. მოსკოვიდან პასუხი მოვიდა - დახვრეტა! სიკვდილმისჯილებს სამუშაო დღეს ხვრეტდნენ. დურუ რომ არ მიმხვდარიყო, შაბათ დღეს საკნიდან მოტყუებით გამოიყვანეს და დახვრიტეს.

ნავოლის ქობულიას კარგად ახსოვს  დურუ ხურცილავა: - დურუ განუზომელი ფიზიკური ძალის ადამიანი იყო. ერთხელ, ღამის 3 საათზე საგამომძიებლო იზოლატორში პატიმართან წამიყვანეს.  კარი გამიღეს და იზოლატორის ეზოში შევედი. დავინახე, კორპუსიდან გამოვიდა ორი ადამიანი, ერთი - მეტად მაღალი, მეორე კი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა. მაღალი დურუ ხურცილავა აღმოჩნდა, მეორე - ციხის თანამშრომელი, რომელსაც მისი ზედამხედველობა ევალებოდა. თუმცა, საკითხავია, ვინ ვისი ზედამხედველი იყო, რადგან დურუ ხურცილავას თხოვნა-მოთხოვნები ისეთი დამთრგუნველი იყო, მას ვერავინ შეჰბედავდა, წინ აღსდგომოდა. მხრის დარტყმით შეეძლო, საკნის კარი ჩამოეგდო... ერთი ასეთი ეპიზოდიც მახსენდება: კონსულტაციაზე მიმიყვანეს საგამომძიებლო იზოლატორში. დღის პირველი საათი იქნებოდა.  მთავარმა ექიმმა, ალეკო თვალავაძემ რამდენიმე პატიმრის გასინჯვა მთხოვა. საკანთან რომ გავიარე, საკნის კარის გამოღებული სარკმელი შევნიშნე, საიდანაც პატიმარმა გამოიხედა და მითხრა: მე გოგი ახალციხელის ძმაკაცი ვარ, დურუ ხურცილავა, თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ გოგის ახლობლობის ხათრით, იქნებ მთავარ ექიმს სთხოვოთ, საავადმყოფოდან ჯერჯერობით არ გამწეროსო. შევუსრულე თხოვნა. ალეკო თვალავაძემ გაიკვირვა, მე რომელი დურუს გამწერი ვარ, დურუ იტყვის, საავადმყოფოში მინდაო და იძულებული არიან, მაშინვე გადმოიყვანონ; იტყვის, საკანში მინდაო და მაშინვე უკან მიჰყავთო... ასეთ გავლენას ახდენდა  მის ირგვლივ მყოფებზე, რაც განპირობებული იყო მისი არაბუნებრივი ძალით და თავზე ხელაღებული ქცევით. იმპულსური და თავნება ადამიანი იყო. დურუ ბევრჯერ გადამირჩენია სიკვდილს - სასამართლო პროცესზე რომ არ გაეყვანათ, რამდენჯერმე მძიმე დაზიანებები მიიყენა კისრისა და მუცლის არეში...

თორნიკე ყაჯრიშვილი
ვაჟა
25 მარტი 2016 11:30
"შევარდნაძის დავალება იყო, რომ დაჭრილი ბიჭები აუცილებლად გადამერჩინა." - იმიტომ, რომ მერე დაეხვრიტა და თავი გამოეჩინა მოსკოვის წინაშე, მაგ ქართველთჭამიას!
iuri
25 მარტი 2016 09:39
ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ და თავისუფლების ფასი ალბათ იცოდნენ, ალბათ არ ის იყო მათი მიზანი რომ იქ ვინმე დაღუპულიყო, მაგრამ დაუშვეს შეცდომები, თვითვფრინავში ცეცხლიარ უნდა აეტეხათ პილოტებისთვის, რასაც უდანაშაულო ხალხის მსხვერპლი მოყვა. დახვრეტას არ იმსახურებდნენ ნამდვილად, მაგრამ ვფიქრობ არც გმირები იყვნენ და მათი იდიალებად ჩამოყალიბება არაა სწორი. შევარდნაზემ გააკეთა ის რაც ყველაზე უკეთ გამოდიოდა - არაკაცობა!
nino
20 ნოემბერი 2015 11:59
ბიჭები დამნაშავე იყვნენ, დასჯას იმსახურებდნენ, მაგრამ არა დახვრეტას.იმ პერიოდში შევარდნაძეს ათიათასობით ადამიანი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი წერილობით თხოვდა მათ შეწყნარებას. იუდამ კი არავის აზრი არ გაითვალისწინა და სასწრაფოდ გამოუტანა ბიჭებს განაჩენი. ამით მოსკოვს ასიამოვნა და ქულები ჩაიწერა, მათაც დააფასეს მისი თავდადება და თავისთან წაიყვანეს. თავის კარიერას შეწირა არა მარტო თვითფრინავის ბიჭები, სხვაც ბევრი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები