"ბავშვმა თვალები დაახამხამა და რაღაცის თქმას ცდილობდა" - კვირის პალიტრა

"ბავშვმა თვალები დაახამხამა და რაღაცის თქმას ცდილობდა"

რუსთავში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა - 12 ნოემბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა ცოლ-ქმარი, სამი წლის ნიკოლოზი და ათი თვის ნინი. გიორგი გაბელაია და ქეთი დანელია აფხაზეთიდან იყვნენ.

ფატი დარსალია, გაბელაიების ოჯახის ახლობელი: - გიორგი და ქეთი ოთხი წელი ელოდნენ შვილს, მერე ორი ანგელოზი ეყოლათ და სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. ჩვენს კორპუსში, მეორე სართულზე იყიდეს ბინა. გიორგის დედ-მამაც აქ ცხოვრობს. გიორგი ხელოსანი იყო და თავად მოაწყო ბინა, მეზობლებსაც გვეხმარებოდა. ცოლ-ქმარი სულ თვალებში შესციცინებდა ერთმანეთს...

- კომპანია "სოკარ გაზის" წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ოჯახში დამონტაჟებული იყო  გაზის გამათბობელი, გაზქურა და წყლის გამაცხელებელი, სავენტილაციო მილი კი პოლიეთილენის პარკით იყო დახშული და მოწამვლა ამან გამოიწვია...

- ტყუილია. გიორგი სამზარეულოში გამწოვის გაკეთებას აპირებდა და ცელოფანი გამწოვის მილს ჰქონდა შემოხვეული. სხვენიდან გარეთ გამავალ სავენტილაციო მილს, საიდანაც ჰაერი ამოდიოდა, ნასვრეტებიანი ფირფიტა ედო, რომელსაც ბეტონის ფილა ეხურა (ალბათ, წვიმა რომ არ ჩასულიყო). საკვამურის ყველა მხარე  დახშული იყო, პატარა ადგილი იყო ღიად დატოვებული, ნამწვი რომ გასულიყო. ცხადია, ბინაში გაზი ჟონავდა. ითქვა, კუსტარული მოწყობილობა ჰქონდათო, არადა, უცხოური წარმოების გამაცხელებელი იყო, რომელიც სამი წლის წინ დაამონტაჟა.

- პირველად ვინ ნახა გარდაცვლილები?

- ოჯახი ადრე იღვიძებდა. ბინიდან ჩამიჩუმი რომ არ ისმოდა, გიორგის მამა შეფიქრიანებულა, დერეფანში ბოლთის ცემა დაუწყია, მაგრამ კარზე დაკაკუნება მოერიდა. მერე უფიქრია, ალბათ, ეზოში ჩაიყვანეს ბავშვები გასასეირნებლადო. იქაც რომ ვერ იპოვა, დაეჭვებულა და მეზობელთან ერთად ნაჯახით შეუმტვრევია კარი... დედა და შვილები საწოლზე იწვნენ, მამა კი იატაკზე ეგდო. გიორგი აბაზანაში შესულა და სავარაუდოდ, იქ გახდა შეუძლოდ - აბაზანის ფარდა იყო ჩამოგლეჯილი. მერე დაცემულა და თავი დაურტყამს. იქვე სისხლის კვალიც იყო. როგორღაც გამოუღწევია აბაზანიდან და სამზარეულოს შესასვლელთან დაცემულა.

- ითქვა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანაო...

- მეზობელმა მაშინვე დარეკა, მაგრამ სასწრაფო 40 წუთის შემდეგ მოვიდა. 3 წლის ნიკოლოზიღა იყო თბილი და ბავშვი სასწრაფოს მოსვლამდე მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. ყური მოვკარი, თითქოს  ექიმს უთქვამს, 20 წუთით ადრე რომ მოგეყვანათ, შეიძლება გადაგვერჩინაო. საავადმყოფოში წაყვანამდე მეზობელმა ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. თქვა, ბავშვმა თვალები დაახამხამა და რაღაცის თქმას ცდილობდაო. რამხელა უბედურება დაგვატყდა თავს!.. ქეთის და გიორგის მშობლებს მხოლოდ ეს ორი შვილიშვილი ჰყავდათ და მოხუცები მათით ცოცხლობდნენ...

მხუთავი აირით მოწამვლის სიმპტომები

ნახშირჟანგი CO უსუნო და უფერო გაზია. იგი სხვადასხვა საწვავის არასრული წვის პროდუქტია. სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკვდილს იწვევს.

მოწამვლის სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, შუბლზე დაწოლის შეგრძნება, გულისრევა, ტკივილი მკერდის არეში, კანკალი, სისუსტე, შემდეგ კი ძილიანობა. იმის გამო, რომ აირს სუნი არ აქვს, ადამიანი ვერ ხვდება დისკომფორტის მიზეზს და ნელ-ნელა ძილბურანში იძირება.

გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილს, თავბრუს, სისუსტეს, გულისცემის გახშირებას, გულისრევასა და პირღებინებას. ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები - ამ დროს გუგები მკვეთრად გაფართოებულია, ირღვევა სუნთქვა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

თუ აღმოაჩინეთ ადამიანი უგონო მდგომარეობაში:

გამოაღეთ ფანჯრები და კარები, გადაკეტეთ გაზი, რაც შეიძლება მალე გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე და ასუნთქეთ ჟანგბადი, მოასულიერეთ ნიშადურით, თუ საჭიროა, დაზარალებულს ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. არ აანთოთ შუქი! თუ მოწამლული გონზეა, დაალევინეთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ნანა ფიცხელაური