დუბლინი - "დამბლის ცენტრი" - კვირის პალიტრა

დუბლინი - "დამბლის ცენტრი"

ძნელია XX საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში იმდენად "ნატანჯი" წიგნის პოვნა, როგორიც "დუბლინელებია"

სემუელ ბეკეტი, ხორხე ლუის ბორხესი, სალმან რუშდი, ჯონ ჰოიერ აპდაიკი... კიდევ რამდენიმე დიდი მწერალი შეიძლება მივამატოთ იმათ ჩამონათვალს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი თავს ჯეიმზ ჯოისის "მოწაფეებად" მიიჩნევდნენ და რომ ლიტერატურაში მათი სახელების არსებობა ჯეიმზ ჯოისის დამსახურებაა.

თუმცა, თუკი მსოფლიო ლიტერატურაზე ჯეიმზ ჯოისის გავლენაზე ვისაუბრებთ, ზემოთ ჩამოთვლილი მწერლების არგუმენტად მოყვანა იქნებ არც იყოს საჭირო, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რამდენჯერ და რამხელა ტირაჟებით არის გამოცემული ჯოისის ნაწარმოებები; ან სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებს თუ გავიხსენებთ, მაგალითად, ასეთს: ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე დიდმა გამომცემლობა Mოდერნ Lიბრარყ-მ შეადგინა "უახლესი ბიბლიოთეკის 100 საუკეთესო რომანის" სია, რომელშიც ჯოისის სამივე რომანი შევიდა, თანაც "ულისე" - პირველ ნომრად, ხოლო "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში" - მესამედ. "ფინეგანის სამძიმარს" კი "მხოლოდ" 78-ე ადგილი ერგო. სხვათა შორის, ეს რომანი ყოველთვის იწვევდა ერთმანეთის რადიკალურად საწინააღმდეგო რეაქციას. თუნდაც ვლადიმირ ნაბოკოვის გამონათქვამი გავიხსენოთ: "..."ულისე" გენიალური რომანია, "ფინეგანის სამძიმარი" კი - საშინელებაა!"

ჯეიმზ ჯოისი შეიძლება ერთადერთი მწერალიც კი იყო, რომელსაც საბჭოთა პერიოდში საქართველოში უფრო იცნობდნენ, ვიდრე რუსეთში. "ულისე" და "დუბლინელები" არცთუ ურიგო თარგმანით მიიღო ქართველმა მკითხველმა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია ჩვენში. რუსეთში კი, 90-იანი წლების დასაწყისში გამოცემულ ერთ ლიტერატურულ ჟურნალში ცნობილი კრიტიკოსი, გენადი ივანოვი, წერდა: "ირლანდიელი მწერალი ჯოისი ნაკლებად არის რუსეთში ცნობილი. ის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელგანთქმული რომანი "ულისე"  მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოიცა ჩვენში წიგნად".

ეს "ცოტა ხნის წინ" 1989 წელი იყო და იქნებ მკითხველმა ზედმეტადაც ჩამითვალოს რუსეთსა თუ საქართველოში ჯოისის პოპულარობის შედარებისათვის ამხელა ადგილის დათმობა, მაგრამ ეს ინფორმაცია სხვა ამბისთვის დამჭირდა: საბჭოეთში ჯოისი იმთავითვე ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ მტრად იყო მიჩნეული და 1934 წელს საბჭოთა მწერალთა ყრილობაზე,  სადაც "სოციალისტური რეალიზმი" საბჭოთა ხელოვნების ოფიციალურ იდეოლოგიად გამოცხადდა, სწორედ ჯოისი და "ულისე" იყო "მტრული ლიტერატურის" მთავარი მაგალითი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟურნალ "ინტერნაციონალნაია ლიტერატურაში" გამოქვეყნებული რამდენიმე თავის სამივე მთარგმნელი (კოლექტიური თარგმანი იყო) - სტენიჩი, მირსკი და რომანოვიჩი - მხოლოდ ამის გამო დახვრიტეს 1937 წელს!

როგორც ირკვევა, ბოლშევიკებს "პირადი წყენა" ჰქონიათ ჯოისის მიმართ: 1932 წელს მოსკოვში შექმნილმა "რევოლუციურ მწერალთა საერთაშორისო კავშირმა" ჯოისს ასეთი შეკითხვა გაუგზავნა, წერილობით: "თქვენზე, როგორც მწერალზე, რა გავლენა მოახდინა ოქტომბრის რევოლუციამ და როგორია მისი როლი თქვენს ლიტერატურულ მუშაობაში?", რაზეც ჯოისმა თავისი მდივნის სახელით უპასუხა: "მოწყალეო ბატონებო,  მისტერ ჯოისმა მთხოვა, მადლობა გადმომეცა თქვენთვის იმ პატივისთვის, რომლის საშუალებითაც მან  შეიტყო, რომ რუსეთში 1917 წელს რევოლუცია მომხდარა. ოღონდ საკითხის ახლოს გაცნობისას მან გაარკვია, რომ ოქტომბრის რევოლუცია აღნიშნული წლის ნოემბერში მომხდარა. მისთვის ძნელია ამ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბარი, მაგრამ თქვენი მდივნის ხელმოწერიდან გამომდინარე, ასკვნის, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა", - საქმე ის იყო, რომ რუსეთიდან გაგზავნილ "წერილ-შეკითხვას" ხელს ვინმე კავშირის მდივანი აწერდა, სამეფო გვარით - რომანოვი.

ძნელია XX საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში იმდენად "ნატანჯი" წიგნის პოვნა, როგორიც "დუბლინელებია". წიგნში შესული პირველი სამი მოთხრობა ჯოისმა შეკვეთით დაწერა: 1904 წლის ზაფხულში 22 წლის ჯოისს ცნობილმა პოეტმა ჯორჯ რასელმა სთხოვა, ჟურნალ "ირლანდიური მამულისათვის" ისეთი მოთხრობების გაგზავნა, რომელიც "მკითხველს არ აღაშფოთებდა". მოთხრობა "დები" (პირველი ვარიანტი, არა ის, რომელიც ახლა არის წიგნში შეტანილი) აგვისტოშივე გადაუგზავნა რასელს, "ევილინ" და "რბოლის შემდეგ" კი - სექტემბერსა და დეკემბერში, მაგრამ დაგვიანება არ გამხდარა შემდგომი უარის მიზეზი (რაღაც მსგავსს, ალბათ, ელოდა ჯოისი და ფსევდონიმს ამოეფარა - სტივენ დედალუსი).

რასელმა მოსწერა, რომ მკითხველის რეაქციიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, თუკი აღარაფერს დაწერდა. არადა, ჯოისს იმთავითვე დიდი წიგნის ნაწილებად ჰქონდა ჩაფიქრებული ეს მოთხრობები და მაინც განაგრძო მუშაობა. ერთ წელიწადში 10 მოთხრობა დაგროვდა, რომელიც საერთო სათაურით გაერთიანდა. ჯოისი გრან რიჩარდსს დაუკავშირდა - ინგლისელ გამომცემელს, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოეტური კრებულის გამოცემაზე უთხრა უარი. მასთან მოლაპარაკება ნახევარ წელს გაგრძელდა და ამასობაში კიდევ 4 მოთხრობა მიამატა წიგნს. 1906 წელს რიჩარდსმა, როგორც იქნა, პასუხი აღირსა მწერალს, მაგრამ ასეთი: "ზოგიერთი მოთხრობა საფუძვლიანად უნდა გადაკეთდეს".  ჯოისმა გამომცემელს მისწერა: "მე მსურდა ჩემი ქვეყნის მორალური ისტორიის ერთი თავი დამეწერა და სცენად დუბლინი ავირჩიე, რადგან ეს ქალაქი მეჩვენა დამბლის ცენტრად".

შემდეგ კიდევ რამდენიმე გამომცემლობამ უთხრა უარი (ამასობაში მოთხრობა "მკვდრებიც" მიამატა) და 1910 წელს, დუბლინელმა გამომცემელმა განაცხადა თანხმობა! ოღონდ ჯორჯ რობერტსიც ცვლილებებს ითხოვდა და მასთან კამათმაც ორი წელი წაიღო. 1912 წელს, წიგნი სტამბაში წავიდა დასაბეჭდად, მაგრამ საზოგადოებამ წინასწარ გაიგო შინაარსი... რობერტსის სტამბის უფროსმა, ჯონ ფალკონერმა, 999 ეგზემპლარი დაწვა! იმ ერთის გარდა, რომელიც ჯოისს დარჩა... ეს რომ გაიგო, ჯოისი რკინიგზის სადგურზე წავიდა და მოსაცდელ დარბაზში, რიჩარდსა და ფალკონერს სასტიკი პამფლეტი უძღვნა. 1914 წელს ისევ რიჩარდსი "მოვიდა აზრზე" და "დუბლინელები" ყოველგვარი შესწორების გარეშე დაბეჭდა!

აი, ასეთი თავგადასავლის მქონე წიგნი გიჭირავთ ხელში და გარწმუნებთ, სულ მალე უდიდეს ლიტერატურასთან შეხვედრა გელით.