"იავნანამ" რა ჰქმნა - კვირის პალიტრა

"იავნანამ" რა ჰქმნა

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ "იავნანას" ეგიდით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ჰაიტიში მიწისძვრით დაზარალებული ბავშვებისთვის და მასში მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები მარჩელო ალვარესი (ტენორი), მიშელ კრაიდერი (სოპრანო), ამბროჯიო მაესტრი (ბარიტონი) და თავად პაატა ბურჭულაძე მონაწილეობდნენ, კონცერტის მიმდინარეობისას 72 ათასზე მეტი ზარი განხორციელდა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" მუშელაშვილების შვიდშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კონცერტზე მიბრძანდა და პაატა ბურჭულაძე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

KvirisPalitra.Geპატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს 55 წლის იუბილეც მიულოცა. "მინდა, ქართველი ხალხის სახელით მოგილოცოთ 55-ე წლისთავი. ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი თქვენი ღვაწლისთვის დაჯილდოვდეთ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. ეს ორდენი ბატონ პაატას საზეიმო ვითარებაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაეცემა", - ბრძანა პატრიარქმა.

"კვირის პალიტრა" ულოცავს დიდ მომღერალსა და მოღვაწეს, ბატონ პაატას იუბილეს და წარმატებებს უსურვებს იმ დიდ საქმეში, რასაც უმწეოთა დახმარება ჰქვია.

"მომღერლის კარიერაში მთავარი და განმსაზღვრელი იღბალია, შემდეგ პიროვნულობა. პიროვნება თუ არა ხარ, ხმას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და ხმას მხოლოდ ამის შემდეგ ვაყენებ... ეს სამივე ფაქტორი აუცილებელია. ლუჩიანო პავაროტი ავიღოთ, ის, პირველ რიგში, პიროვნება იყო, მას როცა უსმენდი, თვალები გეხუჭებოდა ყველაფერზე...

მაგრამ უიღბლოდ არაფერი გამოდის... რომ არა იღბალი, ხომ არ შედგებოდა ჩემი პირველი გამოსვლა "კოვენტ-გარდენის" სცენაზე? ერთმა ბანმა უარი თქვა ამ სპექტაკლზე და მის მაგივრად მოვხვდი პარტნიორად პირდაპირ ლუჩიანო პავაროტისთან და კატია რიჩარელისთან, დირიჟორობდა ზუბინ მეტა... თანაც, ლუჩიანო პავაროტი თავის კარიერაში პირველად მღეროდა რადამესს და მთელი მუსიკალური მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ამ სპექტაკლისკენ. ამ დროს ასეთ ვარსკვლავურ შემადგენლობაში გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც აღმოაჩნდა კარგი ხმა.

ასე დაიწყო ჩემი კარიერა... ეს არის იღბალი, ამიტომ გეუბნები: უიღბლოდ, რაც უნდა კარგი იყო, არაფერი გამოგივა..."

"ახლა ჩემი სიმღერით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე 10-15 წლის წინ. ადრე თავს ძალას ვატანდი, ახლა კი მუშაობა სიამოვნებაა. სცენა ჩემთვის ნარკოტიკია, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. სამომავლო გეგმა კი ბევრია, პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში ცუდად არ ვიმღერო, კარგად გამოვიდე სცენაზე და სულ წინ და წინ ვიარო. ეს არის ყველაზე დიდი გეგმა".

ახლა უკვე ვალდებული ვარ, ვიზრუნო ამ ბავშვებზე და ეს კიდევ უფრო მეტად მახარებს. ერთხელ პატრიარქთან ვიყავი სტუმრად. "იავნანას" საქმიანობაზე ვუყვებოდი და ცოტა ტრაბახიც გამომივიდა, როცა ჩამოვყევი: ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, ამას ხელი გავუმართეთ, იმას დავეხმარეთ-მეთქი... პატრიარქმა ღიმილით მითხრა: "ბატონო პაატა, კიდევ საკითხავია, ვინ ვის ეხმარება, ჩვენ - ბავშვებს, თუ ბავშვები - ჩვენ... ისინი გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ დავეხმაროთ..." ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. მართლაც თითოეული ბავშვი მეხმარება თავისი არსებობით... სამწუხაროდ, მათ მარტო სცენაზე ვნახულობ, სხვა დრო არა მაქვს. მათგან ბევრ წერილს ვიღებ, მაგრამ "იავნანას" ფონდის თანამშრომლებს ვთხოვ, იქნებ მე არ წამაკითხონ... იქ იმდენი ტკივილია ჩადებული, გული ვერ დაიტევს, ყველა რომ წავიკითხო, სიმღერას ვეღარ შევძლებ.

- საქართველო მოიარა იმ კადრებმა, თქვენ რომ აგვისტოს ომში დაობლებული პატარა დიტო რაზმაძე გიჭირავთ ხელში...

- ჩვენი დიტო რვა წლის გახდა... რომ ვამბობთ, თვრამეტ წლამდე დავეხმარებითო, იქამდე რომ მივიყვანთ, მერე აბა, როგორ დავანებებთ თავს, სულ მივხედავთ და მივხედავთ...

ვინ იცის, რა გველის ხვალ? ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედავ, როცა ამაზე დაფიქრდები... 2007 წლის შვიდი ნოემბრის შემდეგ, ფონდში მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის თანამშრომელი, არ უნდოდა გამოჩენა, ისე მოჰქონდა შემოწირულობა და უპოვართ ეხმარებოდა. ისე მოხდა, რომ ეს კაცი - გია რომელაშვილი... შარშან, აგვისტოს ომში დაიღუპა და დღეს ჩვენ  ვეხმარებით მის სამ დაობლებულ ბავშვს...

ამონარიდები ჟურნალიდან "ათიანში"