რა უშლის ხელს შვილად აყვანას?
17-11-2014
რა უშლის ხელს შვილად აყვანას?
"მშვილებელთა რიგში დადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებლად აიყვანთ, ეს არის შანსი იმისა, რომ გყავდეთ შვილი"

საქართველოში სამი ათასამდე უშვილო წყვილი ელოდება გასაშვილებელ ბავშვებს, რომელთა რაოდენობა 161-ს არ აღემატება. მათგან 118 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 20 უკვე თინეიჯერია და აღარ სურს ვინმეს შვილი გახდეს. დანარჩენები კანონით დადგენილი წესით შვილდებიან. უშვილო წყვილები ხშირად შემოგვჩივიან, რომ წლობით დგანან რიგში. რა უშლის ხელს ბავშვებისა და უშვილო წყვილების დაახლოებას, რატომ მიიჩნევა შვილად აყვანის პროცედურა
რთულად - ამ საკითხების გარკვევას "კვირის პალიტრა" ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობაზე მზრუნველობის და სოციალური პასუხისმგებლობის სააგენტოს უფროსთან, მარიამ წერეთელთან შეეცადა.


- ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გამომდინარე, ყველა ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში უნდა ცხოვრობდეს. ამიტომაც ბევრს ვმუშაობთ, რათა პატარების მიტოვებამ იკლოს. ოჯახის მომლოდინე ბავშვთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და
მათი შვილად აყვანა, სამწუხაროდ, არ სურთ. არიან ისეთებიც, ვინც მალე სრულწლოვანი გახდება... დანარჩენი ბავშვების გაშვილებაზე კანონმდებლობის მიხედვით ვმუშაობთ. მომსახურებას რიგითობის მიხედვით ვთავაზობთ იმ მშვილებელს, რომლის მოთხოვნებსაც ბავშვის მონაცემები პასუხობს - მშვილებლები ისეთი ბავშვის შვილად აყვანაზეც უარს ამბობენ, რომელთაც ჯანმრთელობის მცირე პრობლემა აქვს, რაღაც რომ აწუხებდა, უმკურნალეს ან ოპერაცია გაუკეთდა. 

მშვილებელი განცხადებაში უთითებს, როგორი ბავშვი სურს, რა სქესის, რა ასაკისა და ა.შ. ამიტომ, როდესაც სისტემაში შემოდის ბავშვის მონაცემები, ვთავაზობთ იმ ოჯახებს (რიგითობა აქაც დაცულია), რომელთაც სწორედ ასეთი მონაცემების მქონე ბავშვის აყვანა სურთ. შესაძლოა მათ წინ რიგში ასი კაცი იყოს, მაგრამ სხვა მოთხოვნა ჰქონდეთ, ამიტომაც მათ არ ვუკავშირდებით.

პრობლემაა დედმამიშვილების გაშვილება. მათ დაცილებას კანონი კრძალავს. ყოფილა შემთხვევები, უარი არ უთქვამთ ორი ბავშვის (ძმების, დების ან და-ძმის) აყვანაზე, მაგრამ საკმარისია ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, რომ უკან იხევენ.

- ამბობენ, გასაშვილებელი ბავშვი მეტი იქნებოდა, კანონი რომ მკაცრი იყოს ბიოლოგიური მშობლების მიმართ. ბავშვთა სახლებში მიტოვებულ პატარებს დედა ან მამა თუ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აკითხავს, ასეთების გაშვილება არ უნდა იკრძალებოდესო.

- სახელმწიფოს პრიორიტეტია, ბავშვებმა იცხოვრონ ბიოლოგიურ ოჯახებში.  როდესაც მშობელი უარს ამბობს ბავშვზე, მის გადაწყვეტილებას მყისიერად არ ვეთანხმებით. ვეკითხებით, რატომ დგამს ასეთ ნაბიჯს, ხომ არ შეგვიძლია დავეხმაროთ... ხშირად შეგვითავაზებია მშობლისთვის მომსახურებები და მას ბავშვზე უარი აღარ უთქვამს.

- გავრცელებული ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები შვილად აყვანის პროცედურის გასამარტივებლად, რას გულისხმობს?..
- გვინდა პროცედურები უფრო მორგებული იყოს ბავშვის ინტერესებსა და მშვილებელზე. დღევანდელი კანონმდებლობით, შვილად აყვანილსა და მშვილებელს შორის მინიმალური ასაკობრივი სხვაობის ზღვარი 16 წელია. ზედა ზღვარი არ არსებობს და გვინდა, 50 წელი დავაწესოთ. ეს ისე გაიგეს, თითქოს 50 წლის შემდეგ ადამიანებს არ აქვთ შვილად აყვანის უფლება. აქვთ, მაგრამ 60 წლის ადამიანი ჩვილს ვერ აიყვანს, რადგან ბავშვის ინტერესი სრულფასოვნად ვერ იქნება დაცული. 60 წლის ასაკში შეგიძლიათ იშვილოთ ათი წლის მოზარდი. ანუ მშვილებელსა და შვილობილს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა იქნება 50 წელი. მიუხედავად იმისა, როგორც უნდა გავამარტივოთ პროცედურები, მშვილებელთა რიგში დადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებლად აიყვანთ, ეს არის შანსი იმისა, რომ გყავდეთ შვილი.

- საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ქალს, რომელიც აპირებს აბორტი გაიკეთოს, ეძლევა ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადა და გინეკოლოგისა და ფსიქოლოგის დახმარებით ცდილობს, გააანალიზოს მოსალოდნელი შედეგები. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს სოციალური მუშაკი და ქალი და მშვილებლები შეთანხმდნენ ბავშვის მათთვის გასაჩენად?
- მთავრობა კატეგორიულად  უარყოფს ასეთ მიდგომას, რადგან შესაძლოა, ის გარიგების, კორუფციის წყარო გახდეს.
- უცხოელებზე გაშვილება ხშირია?

- თუ რვა თვის განმავლობაში ბავშვი არ გაშვილდება საქართველოში, შესაძლებელია მისი საერთაშორისო კანონით გაშვილება. დღეის მდგომარეობით ასეთები არიან მძიმედ დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები. წელს უცხოეთში გაშვილდა სამი ბავშვი. მიმღები ქვეყანა ვალდებულია, მოგვაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ფოტოებით და ყველა საჭირო მასალით. პროცესს მანამ ვაკონტროლებთ, ვიდრე გაშვილებული 18 წლის არ გახდება.
lia
17 ნოემბერი 2014 11:57
ბევრ ქალს ან ოჯახს, ვისაც რქიმე გარემოების გამო-ავადმყოფოა, საცხოვრებელი პირობები, სიდუხჭირე- არ აქვს შვილის აღზრდის საშუალება, ანდა უნდათ, რომ მათ ახლობელს ქონდეს ან შეუნარჩუნდს ოჯახი-ალბათ სიამოვნებით მიაშვილებდა თAვის შვილს ამ უშვილო ახლობელს- თანაც, ბევრ ქართულ ოჯახს არ სურს, უცხო გენეტიკის ბავშვი იშვილოს. ამიტომ ყველაზე ჰოანური ამ ხალხისა და ბავშვებისტვის იქნებოდა, თუ გამშვილებელი და მშვილებელი, მათი ურთიერთთანხმობით იშვილებდნენ ბავშვს და კორუპციის თავიდან აცილება აქ არაფერ შუაშია-მე პირიქით მგონია-ასეთი შესაძლებლობის არსებობა უფრო ზრდის კორუპციის რისკს, ოღონდ იმ პირების მხრიდან, ვინც გაშვილებას აწარმოებენ.

რედაქტორის რჩევით