პროფესორ ჟორდანიას გმირობა - "საამაყოდ გამოგონილი მითი" თუ სინამდვილე?
17-11-2014
პროფესორ ჟორდანიას გმირობა - "საამაყოდ გამოგონილი მითი" თუ სინამდვილე?
რა მოხდა 1962 წელს "დუგლას DC-8-33"-ის ბორტზე - იოსებ ჟორდანიას საიდუმლოებით მოცული გმირობა

პროფესორმა მცირეწლოვან მგზავრს მაშველი რგოლი დაუთმო...


1962 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი იოსებ ჟორდანია. ბრაზილიაში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციიდან სამშობლოში მომავალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უცხოეთში გაფრენის წინ პროფესორმა მთელი დღე მეგობარ თენგიზ ბოლქვაძესთან და ვაჟთან, კირილე ჟორდანიასთან გაატარა. მაშინ ბიჭუნა ათი წლის ყოფილა. ბავშვს გულუბრყვილოდ უკითხავს მამისთვის, ცურვა რომ არ იცი, არ გეშინია? თვითმფრინავი რომ წყალში
ჩავარდეს, ხომ დაიღუპებიო... ბავშვის ავი წინათგრძნობა გამართლდა - მოგვიანებით, პროფესორის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს...

იმ საბედისწერო დღეს, 20 ივნისს, თვითმფრინავი "დუგლასი" დაგეგმილ რეისს ასრულებდა ბუენოს-აირესიდან რიო-დე-ჟანეიროსა (გალეაოს აეროპორტი) და ლისაბონში. გალეაოს აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. 23 საათსა და 3 წუთზე ხომალდი ასაფრენად მოემზადა, რომ პილოტმა გამოაცხადა, პრობლემა
გვაქვსო - თვითმფრინავის ცხვირი არ ტრიალებდა... პილოტი მიხვდა, რომ ხომალდი ბილიკის დარჩენილ ნაწილზე ვერ გაჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია... შასის ბორბლები ქვიშაში ჩაეფლო, ოთხივე ძრავამ დაკარგა ეჟექტორები და მობრუნების კონუსები, რამაც თვითმფრინავი ააჩქარა - დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და საბოლოოდ ოკეანეში ჩაეშვა. ჯერ ნაპირთან ახლოს, 100 მეტრში დრეიფობდა, შემდეგ კი 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ერთი შეხედვით, მდგომარეობა არც ისე რთული იყო, რომ ვინმე დაღუპულიყო. მიუხედავად ამისა, ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა - ერთი ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი... გადარჩენილი მგზავრებიდან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა პროფესორმა პავლე შუშანიამ საზოგადოებას იოსებ ჟორდანიას უკანასკნელი წუთების შესახებ უამბო:

"როდესაც თვითმფრინავი წყალზე გაჩერდა, მგზავრებმა (რომ არ დამძიმებულიყვნენ და წყალში არ ჩაძირულიყვნენ) ტანსაცმელი გაიხადეს და მაშველ რგოლებს ეცნენ. მე და იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის ფრთაზე ვიდექით. ამაოდ ვეხვეწებოდი, მომეჭიდე და ნაპირამდე გაგიყვან-მეთქი. თავი გააქნია, ასე ორივე დავიხრჩობით, სჯობს, თავს უშველოო. მან არც ცურვა იცოდა და მაშველი რგოლიც არ ჰქონდა - თვითმფრინავის სალონიდან გამოსვლამდე პატარა გოგონას მისცა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უბილეთო იყო და სავარაუდოდ, მაშველი რგოლიც ამიტომ არ ჰქონდა. ლაინერი თანდათან მიიწევდა ფსკერისკენ. ისღა დამრჩენოდა, მარტო გამეცურა ნაპირისკენ. ცურვა რომ სცოდნოდა და ცოტაც გაეძლო, მაშველი მასაც მიუსწრებდა".
კატასტროფის დროს სომეხი პროფესორი აშოტ აგარონოვიც დაიღუპა. ის და ჟორდანია ერთი ასაკის, 67 წლის იყვნენ. მოხუცმა პროფესორმა, იმ იმედით, რომ მაშველი მიუსწრებდა, არჩია თვითმფრინავში, სკამზე მიბმული დალოდებოდა ბედისწერას...

სამწუხაროდ, შუშანიამ არ იცოდა გადარჩენილი გოგონას ვინაობა. თენგიზ ბოლქვაძის მოგონებებში ვკითხულობთ: "შუშანია ამბობდა, რომ ბავშვი დაახლოებით ექვსი წლის იყო. ეკიპაჟის წევრებისგან ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ გოგონა მათთვის ჩაუბარებინათ და უთქვამთ, რომ აეროპორტში დახვდებოდნენ...".

მიუხედავად შუშანიას მონათხრობისა, ჟორდანიას დაღუპვიდან მალევე, საქართველოში გამოჩენილან სკეპტიკოსები, რომლებსაც პროფესორის გმირობაში ეჭვი შეუტანიათ. ამ ამბავთან დაკავშირებით დღემდე არსებობს მითქმა-მოთქმა. ჟორდანიას გმირობით რუსი ბლოგერიც დაინტერესდა. შეეცადა, დაედგინა, მართლა გადაარჩინა ქართველმა პროფესორმა უცნობი გოგონა, თუ ეს "საბჭოთა ზღაპარი" იყო. "ლაივჟურნალში" 2012 წელს დაბეჭდილ კვლევაში ბლოგერი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ჟორდანიას ამბავი ქართველებმა პროფესორის განსადიდებლად გამოვიგონეთ, მასთან ერთად დაღუპული ცნობილი პროფესორის, აშოტ აგარონოვის, თანამემამულე სომხებს კი მსგავსი ზღაპრის“მოგონება არც უცდიათო...

ბლოგერი არა თვითმხილველებისგან მოსმენილ, არამედ ინტერნეტში მოძიებულ მწირ ინფორმაციას ეყრდნობა. ინტერნეტში არსებული ოფიციალური ცნობით არ ჩანს, რომ რიო-დე-ჟანეიროდან აფრენილი "დუგლას Dჩ-8-33"-ის ბორტზე უბილეთო მცირეწლოვანი იყო...

შევეცადეთ გაგვერკვია, ვის შეეძლო ფაქტებზე დაყრდნობით მოეთხრო, რა მოხდა 1962 წლის 20 ივნისს. იოსებ ჟორდანიას ერთადერთი ვაჟი კირილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და ახლა მოსკოვში ცხოვრობს, მაშინ მცირეწლოვანი იყო, მოგვიანებით კი თავმდაბლობის გამო არ უცდია მამის გმირობის კვლევა... ყველაზე მეტი მისი საქმის ერთგულ გამგრძელებელს, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, არჩილ ხომასურიძეს სცოდნია. მას შემდეგ, რაც ჟორდანიას გმირობის გაქარწყლებას შეეცადნენ, პროფესორს კვლევა დაუწყია და მოსკოვშიც ჩასულა "დუგლას DC-8-33"-ის მგზავრების სანახავად.

არჩილ ხომასურიძე:
- გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთებში ჟორდანია თვითმფრინავის ბორტზე ნახა. მაშინ, 25 წლის წინ, ცოცხალი იყო სამი ქალბატონი, სამივე ცნობილი პროფესორი. მათ მიამბეს, რა გააკეთა ჟორდანიამ სიკვდილის წინ. როცა თვითმფრინავს რყევა დაუწყია, სალონში პანიკა ამტყდარა, დაბნეული ხალხი საავარიო გასასვლელს მისწყდომია. სწორედ ამ დროს ქალბატონებმა თვალი მოჰკრეს ატირებულ გოგონას, რომელსაც კამერა არ ჰქონდა და ირგვლივ მყოფთ საშველად უხმობდა... ჟორდანიამ პატარას თავისი კამერა უყოყმანოდ მისცა... იმის გამო, რომ თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, ამ ამბის შემსწრეთ უფიქრიათ, ალბათ, პროფესორი კარგად ცურავს და ამიტომაც დაუთმო რგოლი გოგონასო... მოგვიანებით გაიგეს, რომ ქართველი გმირი დაიხრჩო... იმ გოგონას ვერ მივაგენი, თუმცა, ქალბატონები იხსენებდნენ, რომ ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ტურისტად ჩამოსულა მოსკოვში და ჟორდანიას საფლავს ეძებდაო... ქალბატონებს არ ახსოვდათ მისი სახელი და გვარი...

ვინც იოსებ ჟორდანიას ცხოვრებას იცნობდა,  არასდროს შეეპარებოდა ეჭვი პროფესორის გმირობაში. ის იყო ექიმი,  რომელმაც  ქალთა  და  ბავშვთა  კეთილდღეობას  არა  მხოლოდ  მთელი  სიცოცხლე, სიკვდილიც  კი მიუძღვნა. სამწუხაროა, რომ მისი ხსოვნის შებღალვა ჯერ საქართველოში სცადეს და შემდეგ რუსებმა განაგრძეს. ვიღაცამ ვერ აიტანა, რომ მაშველი რგოლი პროფესორის გმირობის შარავანდედად იქცა...“

რედაქტორის რჩევით