დაასკანერე QR კოდი და იმოგზაურე "აბრეშუმის გზაზე" - კვირის პალიტრა

დაასკანერე QR კოდი და იმოგზაურე "აბრეშუმის გზაზე"

უპრეცედენტო ინტერნეტმეგზური - პორტალი საშუალებას გაძლევთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ საჭირო და სასურველი ინფორმაცია...

საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა მედიაჯგუფ "პალიტრას". პროექტის საინფორმაციო ბანერებზე მნიშვნელოვან ინფორმაციასა

და ე.წ. QR კოდთან ერთად "პალიტრამედიის" ლოგოსაც ნახავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს...

ვისაც მოგზაურობა უყვარს, ან სურს გახდეს მოგზაური, შეუძლია  ახალი, უპრეცედენტო ინტერნეტმეგზურის დახმარებით ისარგებლოს. www.blackseasilkroad.com  - ასე ჰქვია ინტერნეტპორტალს, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზით ერთმანეთთან დაკავშირებულ ქვეყნებს აერთიანებს. ინტერნეტპორტალი არის პროექტ "შავი ზღვის აბრეშუმის გზის" კორიდორის“ ერთ-ერთი კომპონენტი და საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და საბერძნეთის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ. ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით  "შავი ზღვის აბრეშუმის გზის" კორიდორი USAID-ის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია  AMAR Human Development, EDMC  პროექტისა და ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. საქართველოში ამ პროექტს ფონდი "ტაძრელი" ახორციელებს. აბრეშუმის გზის მიმართულების მიხედვით, პროექტის მარშრუტმა საქართველოს ტერიტორიაზე 6 რეგიონი მოიცვა: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. ამ რეგიონებში არსებულ 60 ისტორიულ-კულტურულ ძეგლთან განთავსდა საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც გარდა იმისა, რომ ძეგლებთან დაკავშირებული ინფორმაციაა დატანილი, მოცემულია ე.წ. Qღ კოდიც - ეს არის აპლიკაცია, რომლის სმარტფონით დასკანერებით მოხვდებით ოთხი ქვეყნის ერთობლივ პორტალზე. www.blackseasilkroad.com და ონლაინკატალოგის საშუალებით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე მიიღებთ სასურველ ინფორმაციას...

თუ თქვენ ჩახვედით, მაგალითად, ზუგდიდში - გსმენიათ, რომ დადიანების სასახლეში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტის მსოფლიოში არსებული სამი უნიკალური ნიღბიდან ერთ-ერთი, თქვენ მართლაც მოინახულებთ სასახლე-მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნივთებს, მაგრამ ვერაფერს შეიტყობთ იმის შესახებ, ნაპოლეონის ნიღბის მონახულების შემდეგ შეწყვიტოთ მოგზაურობა ზუგდიდში თუ სხვა, არანაკლებ ან უფრო საინტერესო ადგილებიც ნახოთ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ე.წ. QR კოდი. მისი დახმარებით იოლად შეძლებთ ვირტუალურად წარმოიდგინოთ თქვენი მარშრუტი და სრულად მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. შეიტყოთ, რომელი ტურისტული პროვაიდერების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, შეარჩიოთ საცხოვრებელი პირობები, საკვები, დაინტერესდეთ ადგილობრივი რეწვით, სუვენირებით, ტურებით და სხვა. მოკლედ, პორტალი საშუალებას გაძლევთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ საჭირო და სასურველი ინფორმაცია და მოგზაურობით კმაყოფილი დარჩეთ.

კატალოგი და აპლიკაციები სომეხმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ოთხივე ქვეყანაში ერთნაირად გამოიყენება. სულ ერთია, სად წააწყდებით ე.წ. QR კოდს - საქართველოში, საბერძნეთში, სომხეთსა თუ თურქეთში, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან განთავსებულ საინფორმაციო ბანერებზე. თქვენ ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია. მხოლოდ საქართველოდან ონლაინკატალოგში 400-ზე მეტი მეწარმე რეგისტრირდება, რაც მათ ვებპორტალისა და აპლიკაციების მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

პროექტის მიზანია, ადგილობრივი ტურიზმის განვითარებით წვლილი შეიტანოს სოფლის განვითარებაში. ამდიდრებს ვიზიტორების გამოცდილებას და იცავს კულტურულ ძეგლებს...

აბრეშუმის გზა აღმოჩენების გზაა. ის კვალად მიჰყვება ძველი ქარავნების გზებს - გადაჭიმულია 3 000 კილომეტრზე და გადის ზღვის სანაპიროებსა და მთის მწვერვალებზე, აქვს 170-ზე მეტი დანიშნულების პუნქტი. ამ გზის გავლისას დედამიწის უძველეს კულტურებს გაეცნობით. აღმოაჩენთ 10 000-წლიან ისტორიას და ნახავთ შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორში მიმდინარე თანამედროვე ცხოვრებას.

საქართველოში პროექტის პრეზენტაცია 14 ნოემბერს ახალციხეში, რაბათის კომპლექსში გაიმართა. საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა მედიაჯგუფ "პალიტრას".  პროექტის საინფორმაციო ბანერებზე მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ე.წ. QR კოდთან ერთად "პალიტრამედიის" ლოგოსაც ნახავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.