მერე რა, თუ შემოგაკვდა, მთავარია, "ატვეჩაი" ხარ...
17-11-2014
მერე რა, თუ შემოგაკვდა, მთავარია, "ატვეჩაი" ხარ...
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ქორწილის ესკორტის მანქანის მგზავრმა გადაიღო. მანქანა, რომელშიც ვიდეოს ავტორი ზის, დიღმის ცალმხრივ ტრასაზე, მოძრაობის საპირისპიროდ, დიდი სიჩქარით მოქრის. ვიდეოში ჩანს - შემხვედრი ტრანსპორტი ძლივს არიდებს თავს შეჯახებას - გაბმული სიგნალებით სხვა ზოლში გადადიან, რომ გიჟ მძღოლს გზა დაუთმონ. შეშფოთებული მგზავრები მძღოლს ევედრებიან, - ნელა იარეო, ის კი პასუხობს - დაიკიდე, "ატვეჩაი" ვარ პატრულთანო...

არ ვიცი, ავტომობილი რატომ მიდიოდა მოძრაობის საპირისპიროდ, მაგრამ აშკარაა -
იმ დროს, იმ გზაზე სიკვდილის მანქანა მიქროდა.  სასწაულს უნდა მივაწეროთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
გასაოცარი კი ის არის, რომ საჭესთან ზის ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ვერც საკუთარი მგზავრებისა და ვერც სხვა ადამიანების მიმართ.

აი, რა კომენტარები ერთვის ამ ვიდეოს:

"ორი დღის წინ ზუსტად ასე
მომავალმა მანქანამ ("გეპეიდან" - "მორკინალისკენ") ამაყად მიმითითა, - გზიდან გამეცალეო. ვერ გავეცალე და გავჩერდი, რომ გაევლო. მანქანაში ბავშვები მეჯდა".

"მე ასეთს რომ დავუსიგნალე, მობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა. ბოლო წამს ამიქცია გვერდი. ანუ შემაშინა, რომ გავწეულიყავი და გვერდით მანქანისთვის დამერტყა. საჭეს ლაწირაკი ბიჭი უჯდა".

"მეც მქონდა ასეთი შემთხვევა... მე კი გადავრჩი, მაგრამ ჩემ უკან მომავალმა მანქანამ ვერ აუქცია გვერდი და შეეჯახა. დამრღვევი მძღოლი დაიღუპა. მეორე მანქანაში სამი კაცი დაშავდა".

სამწუხაროდ, თბილისში ხშირად შეხვდებით ისეთ მძღოლებს, რომლებიც მოძრაობის წესებს არად დაგიდევენ. არც საცობში დგომა ვიცით ქართველებმა. მძღოლები ერთი ზოლიდან მეორეში ძვრებიან, საპირისპირო ზოლს იკავებენ და შესაბამისად, საცობს ქმნიან. ზოგჯერ მძღოლს ვერ გაარჩევ, რადგან დაბურული მინა ფარავს. ადვილი მისახვედრია - ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან და ისინიც "ატვეჩაი" არიან პატრულთან - მათ არავინ გააჩერებს.

ამ წერილში მკითხველის ყურადღებას იმ მძღოლებზეც შევაჩერებ, რომლებიც არასწორად აჩერებენ მანქანებს. იმის გამო, რომ გასაჩერებელი ადგილი არსადაა, მანქანები ტროტუარზეა გახირული და ფეხით მოსიარულეს მანქანის სავალ გზაზე უწევს სიარული, რაც უსაფრთხო ნამდვილად არ გახლავთ.

ბევრი მძღოლი არად დაგიდევს და მანქანას პირდაპირ "ზებრაზე" ან შშმ პირებისთვის განკუთვნილ გადასასვლელ პანდუსზე აჩერებს... კანონი ითვალისწინებს იმ მძღოლის დაჯარიმებას, რომელიც "ზებრაზე" გადასვლისას ფეხით მოსიარულეს გზას არ დაუთმობს, მაგრამ ბევრი არც კანონს დაგიდევთ და არც - მორალს. ფეხით მოსიარულეები თავქუდმოგლეჯილი გადარბიან, მძღოლები კი მაინც უსიგნალებენ, - ნუ გვაფერხებთო.
ხშირად ფეხით მოსიარულეებიც სცოდავენ - გზას იქ ჭრიან, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. ზოგი თავხედობს, - ხელით გაჩვენებს, გაჩერდი და გამატარეო, ზოგი კი ისე უეცრად გადმოხტება გზაზე, თუ ფხიზლად არ ხარ, შესაძლოა, უბედური შემთხვევა ვერ აიცილო თავიდან.

როცა თბილისის გზებსა და მძღოლებზე ლაპარაკობ, შეუძლებელია, "სტაიანშჩიკების" შEესახებ არაფერი თქვა. პირადად მე, "სითი-პარკის" 50-ლარიანი საშვი ნაყიდი მაქვს, რაც უფლებას მაძლევს, სპეციალურად მონიშნულ ადგილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვადით გავაჩერო მანქანა (გარდა ფასიანი სადგომებისა). ამის მიუხედავად, თვის განმავლობაში 30-50 ლარს ზედმეტად ვუხდი "სტაიანშჩიკებს".
დილით დავიფიცებ ხოლმე, გროშს არ გადავიხდი პარკირებისთვის-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული ვხდები, ჯიბეზე ხელი გავიკრა და - "გამოდი, გამოდის" ძახილით დაღლილ "არამკითხე მოამბეს" 50 თეთრი ჩავუჩხრიალო. ამას წინათ, ერთს 20-თეთრიანი მივაწოდე. ბურტყუნით შემაგინა. ისეთი შეხლა-შემოხლა მოგვივიდა, ახლაც უსიამოვნოდ მახსენდება.

თბილისის ცენტრალურ უბნებში არის ადგილები, სადაც "სტაიანშჩიკებს" თავიანთი ტარიფი აქვთ დაწესებული. მაგალითად, ზოოპარკის წინ, ესტაკადის ქვეშ მდგარი მამაკაცი პარკირებისთვის 2 ლარს ითხოვს და კედელზეც აქვს მიწერილი ფასი. იმ ადგილზე ჩვენს ფოტოკორესპონდენტ ფრიდონ გეგეშიძესთან ერთად მივედი. 50-თეთრიანი მივაწოდეთ. არ აიღო - 2 ლარი ღირსო.  მე 2 ლარი არ გადავიხადე, იმან 50 თეთრი არ გამოგვართვა, - მათხოვარი ხომ არ გგონივართო?!

სააკაძის მოედანზე, სავალი გზის შუაში, მონიშნულია კუნძული. მანქანას რომ გააჩერებ, მაშინვე გეუბნებიან, 1 ლარი გაქვს გადასახდელიო. გაფრთხილების მიუხედავად, 50 თეთრი მივაწოდე. უკმაყოფილო სახით მიბრუნდა და კოლეგას უსაყვედურა, - რატომ არ ეუბნები დგომის ფასსო? ტარიფი ვინ დაგიწესათ-მეთქი. თვითონვე დავაწესეთო. ქვითარი მომეცი და გადავიხდი 1 ლარს-მეთქი. ლატარიის ბილეთი არ გინდაო? - დამცინა და დააყოლა, - ინტრიგანი ხარ, ვიღაცა ხარო.

როგორც "სითი-პარკის" პრესსამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ მითხრა, "სტაიანშჩიკები" მათი თანამშრომლები არ არიან, თვითნებურად აქვთ დანაწილებული ადგილები და პარკირების ფასსაც თავად განსაზღვრავენ. მოკლედ, თუ "სტაიანშჩიკების" მიერ დაწესებულ ტარიფებსა და მანქანების რაოდენობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ჩემზე მეტს გამოიმუშავებენ. თანაც, ახლო მომავალში ამ საკითხს ალბათ არაფერი ეშველება. ან უნდა გადავუხადოთ დაწესებული ფასი, ან შეურაცხყოფა უნდა ავიტანოთ.

მარი ჯაფარიძე
koba
20 ნოემბერი 2014 21:54
მანქანას აგერ უკვე 34 წელია ვმართავ, რა აღარ მინახავს გზებზე
მაგრამ ახლა რომ მოძრაობაა (თუ ამას მოძრაობას დავარქმევთ)
უკვე ყველა ზღვარს ცილდება, ასეთი განუკითხაობა გზებზე
ჯერ არ მინახავს რაც ეხლა ხდება, დავიჯერო ამდენი კამერები
აყენია, შუქნიშანი ისე არაა კამერა რომ არ იყოს, მარქრამ..... რას აკეთებენ შუქნიშნებზე ყველამ ვიცით, ქალაქში სრული განუკითხაობაა და კაციშვილი პასუხისმგებელი არაა. სადამდე
გაგრძელდება ეს განუკითხაობა კაცმა არ იცის

რედაქტორის რჩევით