მას აქვს შანსი, რომ გაიაროს!
24-11-2014
მას აქვს შანსი, რომ გაიაროს!
"ვერ ვიჯერებ, რომ ეს უბედურება  მე შემემთხვა, ახლაც მგონია, რომ სიზმარში ვარ და მალე გამოვიღვიძებ..."

19 წლის დათო ალიხანაშვილი უბედურმა შემთხვევამ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა


2012 წლის 17 ივლისი, თემქა. უბნის ბიჭები გასაგრილებლად თბილისის ზღვაზე მიდიან. სანამ მეგობრები ზღვაში შევლენ საბანაოდ, დათო პირველი გარბის სანაპიროდან და ზღვაში თავით ეშვება... გონზე მოსული, უკვე პლაჟზე იწვა. თავი აუტანლად სტკიოდა... ის დღე დათო ალიხანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...

წყალში გადახტომის დროს თავი ქვას დაარტყა. დარტყმა იმდენად
ძლიერი იყო, რომ კისრის რამდენიმე მალის კომპრესიული მოტეხილობა და ზურგის ტვინის მძიმე დაჟეჟილობა მიიღო. ოპერაცია მეორე დღესვე გაუკეთეს, მაგრამ ნარკოზიდან გამოსულს, მთელ ტანზე მგრძნობელობა მაინც არ ჰქონდა... მთელი წლის განმავლობაში კისერს ქვემოთ ვერაფერს გრძნობდა...

თანდათან შიმშილის შეგრძნება დაუბრუნდა, ხელები ინტენსიური მასაჟისა და ვარჯიშის შემდეგ აამოძრავა.
ახლა დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეტლი ეხმარება.
დათოს მამა უმუშევარია, დედას ხელფასი 240 ლარი აქვს, ამ ყველაფერს დათოს ყოველთვიური 150-ლარიანი პენსია ემატება, რომლითაც ოჯახს თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი. ოჯახმა შვილის რეაბილიტაციისთვის ყველაფერი გაყიდა, თუმცა, ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა.
იმის გამო, რომ ალიხანაშვილების ყოველთვიური შემოსავალი მწირია, უკვე რამდენიმე თვეა დათო მასაჟს ვეღარ იკეთებს.

დათო ალიხანაშვილი: - თავიდან საკუთარ თავში ჩავიკეტე, მაგრამ ამ მდგომარეობიდან მეგობრებმა გამომიყვანეს. დღემდე არა მაქვს გაცნობიერებული, რა ხდება ჩემს თავს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს უბედურება მე დამატყდა, ახლაც მგონია, რომ სიზმარში ვარ და მალე გამოვიღვიძებ... მესამე წელი დაიწყო და დღესაც არ მჯერა, რაც დამემართა.

- რეაბილიტაციის კურსები სად გაიარე?

- თერაპიიის ცენტრში. ამ ყველაფერში კეთილი ადამიანები დამეხმარნენ...
ექიმები იმედს მაძლევენ და თვითონაც ვგრძნობ, რომ ვარჯიშისა და მასაჟის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ადრე თუ კისრის ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგული მქონდა და სკამზე თავს ვერ ვიკავებდი, ახლა დამოუკიდებლად შემიძლია საწოლიდან ეტლში ჩაჯდომა.
კარგი იქნება, უკრაინაში რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობა, ერთწლიანი კურსი 80 ათას დოლარამდე ჯდება. ძლიერი სპეციალისტები ჰყავთ და ექიმები ამბობენ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ხანდახან,
როდესაც უცხო ექიმები ჩემს დიაგნოზს იგებენ და ასეთ მდგომარეობაში მხედავენ, არ სჯერათ ორ წელში ასეთი პროგრესი.

- ფეხებში მგრძნობელობა გაქვს?

-  მარცხენა ფეხში უფრო მეტი მგრძნობელობა მაქვს, ვიდრე მარჯვენაში. თუ დროულად არ დავიწყე რეაბილიტაციის პროცესი, ეს ყველაფერი წყალში ჩამეყრება...

- ახლა მასაჟს არ იკეთებ?
- არა. ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. იმედია, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება და მე შევძლებ რეაბილიტაციის გავლას. ამის შემდეგ ვიფიქრებ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე. ძალიან მინდა კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტობა...
ვისარგებლებ და თქვენი გაზეთის მეშვეობით ყველა იმ ადამიანს დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც ერთხელ მაინც დამხმარებია.

ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დათომ პროფსასწავლებელში მისაღები გამოცდები ჩააბარა და უნარებში დაგროვებული 94 ქულის წყალობით სწავლის საფასურს არ გადაიხდის...
დათო ახლა 19 წლის არის, იმედია, ორი ოცნება მალე აუხდება - კეთილი ადამიანების დახმარებით რეაბილიტაციის კურსს გაივლის და უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას.

P.S. დათო ალიხანაშვილს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტ: 557-44-13-17.

თორნიკე ყაჯრიშვილი
თეო
16 დეკემბერი 2014 04:54
დათო ჩემო საყვარელო ადამიანოოო
შორენა
29 ნოემბერი 2014 11:42
უფალმა გაგაძლიეროს დათო. როცა ასეთი რწმენა და მონდომება გაქვს აუცილებლად შეძლებ და კარგად იქნები.
ბატონო თორნიკე, მე მესმის თქვენი კეთილშობილური მიზნების, როდესაც ამ ძლიერი ბავშვის დახმარება გსურთ, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას სხვის მდგომარეობას მიაყენოთ შეურაცყოფა.
არც ერთი დაავადება, მათ შორის ანორექსიაც, არ შეიძლება რომელიმე ადამიანმა ისურვოს რომ სჭირდეს. მერწმუნეთ, მარიკაც ულამაზესი გოგონაა, რომელსაც ისევე სურს სიცოცხლე და ჯანმრთელი ყოფნა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს.
ბექა პატარკაცაშვილი
27 ნოემბერი 2014 17:34
ჩემი პაციენტი....

სწორედ ამას ვამბობ... საქართველოში სახელმწიფო არ აფინანსებს რეაბილიტაციას

3 წელია თურქეთში წამოვედი ვინც სამედიცინო დავამთავრეთ 100 იდან 50 კაცი... ფიზიოთერაპისტად ვმუშაობ მესამე წელი მთავრდება...

აქ სახელმწიფო სარეაბილიტაციო კლინიკასაც უხდის თანხას და ოჯახსაც...

რამდენჯერ მინატრია საქართველოში იყოს ასეთი კლინიკები და ქართველ პაციენტებს დავეხმაროთ... ხომ უფრო გულით დავეხმარებოდი...

ღმერთმა გაგაძლიეროს.. აკეთე ვარჯიშები მასაჟები და იქნებ მშობლებმა დახურულ ბასეინზე გატარონ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები