"საქართველო ერთ-ერთ ყველაზე "დაბინძურებულ ქვეყნად" არის მიჩნეული"
24-11-2014
"საქართველო ერთ-ერთ ყველაზე "დაბინძურებულ ქვეყნად" არის მიჩნეული"
"ნუ დააბინძურებ და არ გადაიხდი!"

"გარემოს დაბინძურების ფაქტებს ვიდეოთვალიც დააფიქსირებს, მაგრამ ორი მოწმის ჩვენებაც საკმარისი იქნება - იმ მოწმეებისა, ვინც დაინახეს, რომ ამა თუ იმ პირმა ქუჩაში რაღაც დაყარა"


ვისაც ჩვენს ქუჩებში დაყრილი მზესუმზირის ნარჩენები თუ ავტობუსის ძველი ბილეთები უნახავს, აუცილებლად გაიფიქრებდა, რომ ასეთი რამ ნამდვილად არ ეკადრება "მზის და ვარდების" ქალაქს. თუ ამ "იდილიას" სიგარეტის ნამწვებსა და ჰაერში მოფრიალე პოლიეთილენის პაკეტებსაც დავუმატებთ, უსიამოვნო შეგრძნება უფრო გაგიმძაფრდებათ... სწორედ ამიტომ ძალიან
ბევრი მოქალაქე იწონებს კანონპროექტს, რომელიც გარემოს დაბინძურების გამო ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს: ჯარიმის მინიმალური ოდენობა 50 ლარი იქნება, ხოლო მაქსიმალური - 5.000 ლარი.


"როდესაც ჩემს ჯგუფელებთან ან ძმაკაცებთან ერთად ვარ, სიგარეტის ნამწვებს ან მზესუმზირის ნარჩენებს ქუჩაში მეც ვყრი. ალბათ, ჯარიმის შიში რომ მქონდეს, ასე აღარ მოვიქცეოდი",
- ამბობს გიორგი, რომელსაც არაერთი ჩვენი თანამემამულე დაეთანხმება.

კანონპროექტს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ჯარიმები სადამსჯელო ღონისძიებად და ბიუჯეტის შევსების წყაროდ გადაიქცევა.
ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ პარლამენტის წევრს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძეს:

-  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველას, ვინც გარემოს დააბინძურებს, 50-დან 5.000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება: 50-დან 150 ლარამდე დაისჯება შედარებით მსუბუქი დაბინძურება, როდესაც მოქალაქე ნარჩენებს ქუჩაში დაყრის ან მანქანიდან გადმოაგდებს, ხოლო 150-დან 500 ლარამდე - როცა ქუჩაში დიდი რაოდენობით ნაგავს დაყრის. არ შეიძლება ქუჩაში ფოთლების დაწვა, საბურავების გადაყრა და სხვა მსგავსი ქმედებები. რაც შეეხება მავნე ნივთებს, მაგალითად, ბატარეების ან აკუმულატორების ქუჩაში დაყრა 250-დან 1.000 ლარამდე დაისჯება. 5.000 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც რეინჯერებს ან პატრულს წინააღმდეგობას გაუწევს.

- ჯარიმა გამოიწერება მხოლოდ საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო ნარჩენების დაყრის გამოც?
- კანონის დამრღვევი ორივე შემთხვევაში დაჯარიმდება. სპეციფიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების გამო ცალკე რეგულაციები დაწესდება. კანონი ჯერ ნაწილობრივ შევა ძალაში და თანდათან სრულყოფილად ამოქმედდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ხელისუფლება ამ რეგულაციების ამუშავებას.

- მგონი, ამ კანონის მიღება არ უნდა გაძნელდეს, რადგან ყველას სურს სუფთა გარემოში ცხოვრება.
- არავინ უარყოფს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრა ან მანქანიდან გადაყრა დაუშვებელია, მაგრამ ამ დროს საჭიროა მტკიცებულება. ალბათ, შეკითხვები სწორედ ამ ნაწილში იქნება. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში საკმარისია მოქალაქის განცხადება, რომ ვიღაცამ ქუჩაში ნარჩენები დაყარა, მაგრამ საკითხავია, ჩვენთან ეს როგორ მოგვარდება? ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჯერ ნაგვის დაყრა დაფიქსირდეს, რომ მერე ეს ყველაფერი მტკიცებულებად გამოდგეს.

თორემ დაჯარიმებულმა რომ გაასაჩივროს და თქვას, ეს ნარჩენები მე არ დამიყრიაო, ხომ უნდა არსებობდეს საწინააღმდეგოს დამტკიცების საშუალება?  სხვათა შორის, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე "დაბინძურებულ ქვეყნად" არის მიჩნეული, ნამდვილად არ მსიამოვნებს ამას რომ ვამბობ, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით.

- ალბათ, მტკიცებულებებისთვის ვიდეოკამერებიც გამოდგება.

-  გარემოს დაბინძურების ფაქტებს ვიდეოთვალიც დააფიქსირებს, მაგრამ ორი მოწმის ჩვენებაც საკმარისი იქნება - იმ მოწმეებისა, ვინც დაინახეს, რომ ამა თუ იმ პირმა ქუჩაში რაღაც დაყარა. გარდა ამისა, ჩვენი ქალაქების სისუფთავეს თვალ-ყურს პატრულიც მიადევნებს რეინჯერებთან ერთად.
თუ რეინჯერი დაინახავს, რომ ვიღაცამ ქუჩაში ნაგავი დაყარა, ეს უკვე საკმარისი მტკიცებულება იქნება.
საოცარია, საცხოვრებელ ბინას ყველა ასუფთავებს, ქუჩასა და ეზოზე კი იშვიათად თუ ვინმე ზრუნავს. სწორედ ამიტომ სახლის ფანჯრიდან  ნარჩენების გადაყრა ან სადარბაზოში დაყრა 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მანქანიდან გადმოყრა - 140 ლარით.
ეს მიზერული ციფრებია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ჯარიმა 2.000-დან 5.000 ევრომდეც კი ადის.

- მართალია, ჯარიმების გამკაცრებას მომხრეები ჰყავს, მაგრამ თქვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტის შესავსებად კეთდება.
- იმასაც ამბობენ, ხალხს უჭირს და კიდევ ჯარიმების დამატება რა საჭიროაო. ნუ დაყრის ქუჩაში ნაგავს და არ დაჯარიმდება! სახელმწიფოს ჩვენი ქუჩების დასუფთავება ხომ ფული უჯდება, ამიტომ ამ თანხის ნაწილს გადაიხდის ის, ვინც ანაგვიანებს. კიდევ ვიმეორებ - ნუ დააბინძურებ და არ გადაიხდი!  
თქვენ არ გინახავთ ქუჩაში მანქანებიდან ბოთლებს და ქაღალდებს როგორ ისვრიან? დაჯარიმება კი არა, მე რომ მკითხოთ, ქუჩებში იმ ხალხის სამარცხვინო ფოტოები უნდა გაიკრას, ვინც საკუთარ ქალაქს ან უბანს ასე უდიერად ექცევა.
სიგარეტის ნამწვს ვინღა ეძებს, უფრო მძიმე საგნების გადმოყრაც ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი შესრულდება?

- გარემოს დაცვის სამინისტროში ამ კოდექსზე დიდი ხანია მუშაობენ. მისი რამდენიმე ვარიანტი წლების წინ შეიმუშავეს, მაგრამ საქმე არ დაიძრა. საბედნიეროდ, კოდექსმა "ნარჩენების შესახებ" უკვე დღის სინათლე იხილა და კანონპროექტს ამ სასესიო კვირაში განვიხილავთ. ვფიქრობ, ეს კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ. რაც შეეხება შედეგებს - შედეგი კანონს მხოლოდ მაშინ მოჰყვება, თუ მისი მოთხოვნები შესრულდება: თუ ის ხალხი, ვინც გარემოს დააბინძურებს, დაჯარიმდება, თუ ამ საქმეში რეინჯერებიც აქტიურად ჩაერთვებიან და საზოგადოებაც ფხიზლად იქნება, ჩვენი შვილები დანაგვიანებულ, უსუფთაო ქუჩებში აღარ გაიზრდებიან.
კანონის დამრღვევმა უნდა იგრძნოს ამ ჯარიმების სიმძიმე - სხვაგვარად ის კანონის მოთხოვნას არ დაიცავს.

"ნეტავ მალე შემოიღებდნენ ამ კანონს"

ეთანხმებით თუ არა გარემოს დაბინძურების გამო ჯარიმების გამკაცრებას? - ამ კითხვით ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართეთ:

ოთარ თუთაშვილი, მცხობელი: - ჯარიმების შემოღებას მივესალმები. პურს ვაცხობ, გამოივლის კაცი და თონის წინ ნაგავს ყრის, ადამიანს ჭამასაც აძულებს და სმასაც... ამისთანა კაცს ჯარიმა ეკუთვნის, აბა, რა ეკუთვნის?!

ნანა სეხნიაშვილი,  დიასახლისი: - რამდენჯერ  დამილაგებია სადარბაზო და რამდენიმე საათში ისევ ნაგვით სავსე დამხვედრია. სისუფთავის ფასი არაფერია. ძალიან კარგი იქნება, თუკი დაბინძურებაზე ჯარიმა დაწესდება; ამისთვის, ალბათ, ყველგან ვიდეოთვალი უნდა დამონტაჟდეს.

ალიკ კალოიანი, მძღოლი: - დაბინძურებაზე ჯარიმების შემოღება მომწონს, ოღონდ პირველ შემთხვევაზე, სანამ კაცს ჯარიმის ქვითარი სახლში მიუვა, გაფრთხილება უნდა იყოს. მე მძღოლი ვარ, სიგარეტი ფანჯრიდან მეც გადამიგდია.

მანანა ლომთაძე: - ადამიანს იმის კულტურა რომ არა აქვს,  თავისი ნაგავი ქუჩაში არ დაყაროს, ჯარიმის გარდა არაფერი უშველის. თავად შვილს ვასწავლი, რომ კანფეტის ქაღალდიც კი ბუნკერში ჩააგდოს, მაგრამ ბავშვი ხომ ხედავს, ვიღაც ნაგავს ბუნკერამდეც კი არ მიიტანს, იქვე ქუჩაში დააგდებს, და თვითონაც იმავეს იმეორებს.
როზა ასოიანი, მეეზოვე: - დილის 6 საათზე ეზოში რომ გამოხვიდეთ, გული გაგისკდებათ -ფანჯრებიდან გადმოყრილი პარკები დამსკდარია და ნაგავი აქეთ-იქით ყრია. ადამიანი ასეთი უსინდისო და ზარმაცი როგორ უნდა იყოს? ეზოში ამდენი ბუნკერი დგას და იქამდე ერთი პარკი ნაგვის  მიტანა ეზარება! ნეტავ მალე შემოიღებდნენ მაგ კანონს.

ზვიად გიგუაშვილი, მონადირე: - მიყვარს ნადირობა და თავისუფალ დროს ხშირად მივდივარ სანადიროდ. ცუდად ვხდები, როცა ტყე-ველი პლასტმასის ბოთლებითა და პარკებით მოფენილი მხვდება. რამდენჯერ მინატრია, ნეტავ ამის გამკეთებელი ხელში ჩამაგდებინა, რომ ეს მოვაშლევინო-მეთქი. ამას თუ კანონი მოაწესრიგებს, ამაზე უკეთესი რა იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე
tbiliseli
11 დეკემბერი 2014 23:04
Kalakshi tsxovrebas kalakuri kultura DA didi jarima chirdeba,mere ikneb gveshvelos.tkve dalotsvilebo isev tkven Ar dadixart mag kuchebshi,Ar gezizgebat nagavs DA virtxebs ROM ukurebt? Ra shuashia evropà,kulturaa sàchiro!
kaxeTi
11 დეკემბერი 2014 17:45
დიდი ხანიაა ევროპელები ნაგვებს აივნიდან არარ ყრიაან? ამ დროს ქართველები ფევხისტყაოსანს ქმნიდნენ.
მათ კი წერა-კითხვაც არა! თქვენი დიდება დაბლა დაემხობა!
თინა
05 დეკემბერი 2014 14:02
მუხიანში, დუმბაძის მოედანზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე ბიოტუალეტი რომ არ ფუნქციონირებს და მძღოლები,მონიტორის სამსახურის თანამშრომლები და სხვა გაჭირვებულები საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში , ან პირდაპირ ქუჩაში და ბუჩქებში რომ დარბიან, ამ სიბინძურეზე ვინ უნდა დაჯარიმდეს, მერია პასუხს არაფერზე აგებს?????

რედაქტორის რჩევით