მოგონებებით აკინძული წარსული და კიდევ "ჩუბჩიკა" - კვირის პალიტრა

მოგონებებით აკინძული წარსული და კიდევ "ჩუბჩიკა"

მისი აპლიკაციები ფერადი ნაკუწებით შემდგარი ფერწერული ტილოებია სიყვარულზე, ერთგულებაზე, აღმოსავლურ ზღაპრებსა და ქართულ ფოლკლორზე... მისი ცხოვრებაც პატარ-პატარა "ნაკუწებისგან" შემდგარი "პანოა" - მოგონებების ფრაგმენტებით აკინძული წარსული. საოცარია, რომ გარდა ადრეული ბავშვობისა, ყველა ფრაგმენტი სავსეა "ჩუბჩიკათი" - მისი მეუღლით, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა. ახლებურად შევხედე მანანა თავაძის აპლიკაციებსაც: მგონი, ისინიც სავსეა "ჩუბჩიკათი", რადგან სიყვარულის უკან, რომელსაც აპლიკაციები ასხივებენ, აუცილებლად დგას ამ სიყვარულის ერთი ძლიერი საწყისი - თენგიზ მირზაშვილი...

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ან ფილიპის სევდიანი წიგნი გამახსენა ამ ყველაფერმა... ძალიან საინტერესო ვითარებანი გამოვიდა სიყვარულზე, ხელოვნებაზე, მონატრებაზე...

ჩემი დილა

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მელიქ-აზარიანცის სახლში, პატარა ოთახში. ვიცი, რომ დედაჩემის მშობიარობა მიიღო გრუშა კალანდაძემ, მისმა ახლო მეგობარმა. სახლი იყო მყუდრო და ძალიან საყვარელი. მე და "ჩუბჩიკამ" იქ გავატარეთ ახალგაზრდობა...

დედაჩემის მშობლები ბათუმში ცხოვრობდნენ, გერმანელი პეტინჰოფის არაჩვეულებრივ სახლში. სახლის მმართველი იყო ბაბუაჩემი. ეტყობა, კარგი ჯამაგირი ჰქონდა. მის ყველა შვილს ჰყავდა აღმზრდელი. ბაბუა ბებიასთვის პარიზში უკვეთდა ლამაზ სამოსს. სხვათა შორის, ერთხანს მათ ეზოში ცხოვრობდა ესენინიც... გული მწყდება, რომ ეს სახლი დაანგრიეს. ახალგაზრდობაში ბაბუა მეზღვაური ყოფილა, ერთხელ პატარა გემი გადაარჩინა და ლანგარი აჩუქეს, რომელიც ახლა ჩემთანაა.

სწორედ ბათუმის ბინა გაცვალეს მელიქ-აზარიანცის სახლში.

ბაბუა არაჩვეულებრივი კაცი იყო, ძალიან ალერსიანი. ღამე დგებოდა და ყველას საბანს გვისწორებდა... ბებია უფრო მკაცრი იყო და ძალიან ლამაზი.

ერთ დღეს ბაბუას ზემელზე სატვირთო მანქანა დაეჯახა. იქვე გარდაიცვალა. ძალიან დამამწუხრა მისმა გარდაცვალებამ... მაშინ ათი წლის ვიყავი.

მამა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ხეთაში იყო დაბადებული. ჰყავდა ძმები: შალვა არქიტექტორი იყო, დიმიტრი - რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი, გერონტი - გამომგონებელი. მამა ძალიან ნიჭიერი მოქანდაკე იყო. მხატვართა კავშირის თავმჯდომარე იყო, ჯავშანი ჰქონდა, ომში არ წაიყვანდნენ, მაგრამ წავიდა - ჩემი ძმები იბრძვიან და მათ გვერდით უნდა დავდგეო. მისი ძმები დაბრუნდნენ, თვითონ - ვერა. დეიდაჩემი რაისა და მისი მეუღლე, სახალხო კომისარი არჩილ მიქაძე, ერთხანს ამერიკაში ცხოვრობდნენ - ბიძაჩემი მარგანეცთან დაკავშირებით გაგზავნეს. ჩამოსვლისთანავე დახვრიტეს, დეიდა კი ციმბირში გადაასახლეს, ქიაჩელზე სახლი ჩამოართვეს. მე, ჩემს ორ დეიდაშვილს - ჯინას და გუგას დედა გვზრდიდა.

ვიღაც კაცი დადიოდა ჩვენთან, გაჰქონდა ყველაფერი ოჯახიდან, მოჰქონდა რაღაც პროდუქტები, აწყობდა ხის ყუთებში და ქიმიური ფანქრით მისამართს აწერდა - ციმბირში უნდა გავგზავნოო.

ჩვენებს შინ დიდი დაზგები ჰქონდათ, თავშლებს ქსოვდნენ, ქარგავდნენ, გროშებად აბარებდნენ და ამით ირჩენდნენ თავს.

სადილად რომ ვსხდებოდით, სულ მეგონა, დედა მშიერი დგებოდა, ასეც იყო,  ჩვენ რომ დავპურებულიყავით, თავად ცოტას ჭამდა.

მიყვარდა კითხვა, გაკვეთილებზეც კი ვკითხულობდი ქართულ კლასიკას,  რუსულად - უფრო უცხოურ ლიტერატურას.

მახსოვს დეიდის გადასახლებიდან დაბრუნება. ეს იყო 1945 წელი. გუგა აკადემიის სტუდენტი იყო, ადვილად შეეგუა დედას, ჯინა - ვერა.

ძალიან მძიმედ მახსოვს ბიძაჩემის, სარდიონის დაპატიმრება - ანეკდოტის მოყოლის გამო - "ზა ბალტავნიუ," გადაასახლეს, იქიდან მოტეხილი დაბრუნდა. მაშინ 13 წლის ვიყავი, წითელა მჭირდა და ვიწექი. მახსოვს, როგორ შემოვიდა ოთახში, დადო ჩანთა... ცოტა ხანში დაიწყეს მისი გამოძახება - აქ არ უნდა იყო ჩაწერილი, სადმე წადიო... არ აჩერებდნენ საკუთარ ოჯახში.

ერთ დღეს სარდიმ მოგვცა ფული - წადით ოპერაში "ტრავიატაზეო". მე და მანანა გედევანიშვილი წავედით. დაბრუნებულს აღარ დამხვდა ცოცხალი. წინადღეს ისევ გამოიძახეს. ჩვენ რომ ოპერაში წავედით, ასტკივდა მარცხენა მხარე. მოვიდა გუგას მამამთილი, ბესო ოქროპირიძე: სარდი რა გაწუხებსო, მერე ჰკითხა, გუშინ სად იყავიო... უთქვამს: გამომიძახეს და მითხრეს, რატომ დაიბადეთო! თან ეღიმებოდა. ამ ლაპარაკში გათავდა. ბებია იმის მერე აღარ იყო... სულ სარდის სურათს უყურებდა.

მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი. უცებ გადავწყვიტე აკადემიაში ჩაბარება. დავიწყე ხატვაში მეცადინეობა. ჯინამ მომიყვანა თავისი მეგობარი "ჩუბჩიკა" - ნახოს, როგორ ხარ მომზადებულიო. ეს იყო პირველი შეხვედრა... მახსოვს "ბათინკები" ეცვა.

ჩემი შუადღე

სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. პირველ კურსზე ვიყავი, "ჩუბჩიკა" ასპირანტურაში იყო სერგო ქობულაძესთან და მუშაობდა პერ გიუნტის ილუსტრაციებზე. ერთხელ მთხოვა, ნახაზი გამიკეთეო. იმხანად აფორმებდა სპექტაკლს "მუმლი მუხასა". გავაკეთე ნახაზი და ვიფიქრე, რომ აუცილებლად დამპატიჟებდა სპექტაკლის პრემიერაზე. არ დამპატიჟა. გავიდა ცოტა ხანი და აკადემიაში შემხვდა. გვერდი უბრად ავუარე. გაიკვირვა: რატომ არ მესალმებიო. მეწყინა, რომ პრემიერაზე არ დამპატიჟე-მეთქი. საშინელი გამოვიდა, არ მინდოდა ვინმეს ენახა, მით უმეტეს, შენო... მალე ძველ თბილისში რაღაცებს განახებო. მას მერე ხშირად დავდიოდით ძველ თბილისში, უამრავ ამბავს მიყვებოდა, თვალებგაფართოებული ვუსმენდი. მახსოვს, ვუთხარი, ირანული ფერწერა ბავშვობიდან მომწონს-მეთქი. გაუხარდა. ასეთი ნიუანსები კიდევ უფრო გვაახლოებდა. ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა. შინაც მიმიყვანა. მერე გორში წავედით. ატენის სიონი ვნახეთ...

არაფრით უნდოდა მმაჩში წასვლა: რა სისულელეა ეს ფორმალობებიო. დედაჩემი გაგიჟდა, - აბა, ისე რა ქორწინებააო. წინადღეს პეროვსკაიაზე ენახა პატარა ბიურო, სადაც ხელს აწერდნენ, "ჩუბჩიკას" ბუზღუნის თანხლებით ავირჩიეთ ხელისმომკიდეები და მოვაწერეთ ხელი. გავფრინდით ლენინგრადში, იქიდან - ტალინში.

1961 წელს გია შემეძინა. უსაზღვროდ უხაროდა და უყვარდა შვილი, შეისვამდა მხრებზე და ასე დაჰყავდა. გია იხსენებს, - ხან ერთ კათედრაზე დამტოვებდა, ხან - მეორეზე. საქმეებს რომ მოამთავრებდა, მერეღა წამომიყვანდაო. 1964 წელს ნატო გაჩნდა. ხატვა ორივემ ადრე დაიწყო.

ძალიან უყვარდა ბაზარში სიარული. ელაპარაკებოდა გლეხებს. მოჰქონდა ნაკლებხარისხიანი ხილი. რატომ ყიდულობ ასეთს-მეთქი და - ისეთი კარგი გლეხი იყოო...

აკადემიაში სწავლისას რამდენიმე აპლიკაცია გავაკეთე და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენაზე 15 სხვადასხვანაირი ნამუშევარი წარვადგინე.

დედის გარდაცვალების შემდეგ მუშაობას თავი დავანებე. ისევ "ჩუბჩიკამ" მიშველა, - ნახე, რა კარგი აპლიკაციები გამოგდისო. ის რომ არა, შეიძლება არც მეკეთებინა აპლიკაციები...

დედა სულ მეუბნებოდა: ეს ნიჭიერი კაცია, როგორ შეიძლება, მას ვერ გაუგო, ან მისგან რამე გეწყინოსო!

ჩემი საღამო

დავბერდი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. არც ცხოვრების წესი შემიცვლია. ისევ მაინტერესებს გამოფენებზე სიარული,  წიგნი რომ არ იყოს, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, არც ვიცი! მაგრამ შეიცვალა ერთი დიდი რამ: "ჩუბჩიკა" აღარ არის! ალბათ ამის გამო უფრო ადრე დავბერდი. ყოველთვის მეგონა, მე უფრო ადრე წავიდოდი... უფრო სუსტი და პესიმისტი ვიყავი.

გამახსენდა, როგორ მოსწონდა, როცა შუბლზე თმა გვქონდა ჩამოშლილი მეც, ნატოსაც... გვისწორებდა ხოლმე ხელით თმას... მეც მივეჩვიე - სულ ვისწორებ თმას, მახსენდება, რომ მას მოსწონდა...

კიდევ ბევრი რამ მახსენდება... უიმისოდ მაინც არ ვრჩები, თუმცა ერთად ვეღარ ვართ...