ეს საგანგაშოა!!! - ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა სტატისტიკა არ არსებობს
24-11-2014
ეს საგანგაშოა!!! - ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა სტატისტიკა არ არსებობს
ისინი თავისუფლად დადიან ქუჩაში, ცხოვრობენ ან მუშაობენ ჩვეულებრივ გარემოში, სადაც მათი თავდასხმისგან არავინ არის დაზღვეული

ზუგდიდში, სოფელ ქვემო კახათში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - შვილმა წამებით 70 წლის მამა მოკლა. მკვლელი ახალი დაბრუნებული იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოდან... \ახლახან სამტრედიის რაიონში 4 წლის ბავშვი ნათესავმა ბალიშით გაგუდა. დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო... საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრაგედიები არ მოხდებოდა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ცხოვრებას ვინმე
რომ აკონტროლებდეს. სპეციალისტების თქმით, ისინი თავისუფლად დადიან ქუჩაში, ცხოვრობენ ან მუშაAობენ ჩვეულებრივ გარემოში, სადაც მათი თავდასხმისგან არავინ არის დაზღვეული. "კვირის პალიტრა" შეეცადა, დაედგინა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მონიტორინგისა და მათი ქცევის მოსალოდნელი შედეგების რა პრევენციული მექანიზმები არსებობს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ასეთი ადამიანების რაოდენობაც კი არ
არის ზუსტად ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „"ადამიანის უფლებათა ცენტრი", რომელმაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა, სპეციალურ ანგარიშში აცხადებს, რომ 2011 წლის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირდა ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობების მქონე 67 736 და შიზოფრენიის მქონე 12 083 ადამიანი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მონაცემები არ ასახავს რეალობას და მსოფლიოს მოსახლეობაში შიზოფრენიის სიხშირის (პრევალენტობის) გათვალისწინებით, საქართველოში ამ სენით დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ უნდა აღემატებოდეს. ამ მოსაზრებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტიც ეთანხმება. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ბაზა მხოლოდ ამბულატორიულ აღრიცხვაზე მყოფი პაციენტების ხარჯზე შეიქმნა. ბაზაში არ არიან დაფიქსირებული ის ადამიანები, ვინც ფსიქიკური აშლილობის ან აფექტური მდგომარეობის გამო სტაციონარში ერთჯერადად მოათავსეს, არადა, წესისამებრ, სტაციონარიდან გამოწერილი პაციენტი უნდა დადგეს აღრიცხვაზე ამბულატორიულ დისპანსერში. ჯანდაცვის დეპარტამენტში ეჭვობენ, რომ ეს წესი, სავარაუდოდ, პაციენტის მოთხოვნით ირღვევა - ადამიანებს რცხვენიათ ამბულატორიაში მისვლა და როგორც თვითონ ამბობენ, "გიჟად შერაცხვა".

სპეციალისტთა თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სოციალური სტიგმა მიიჩნევა. ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს გიჟებად მოიხსენიებენ, ამიტომაც ასეთი ადამიანები ან მათი ნათესავები, იმის შიშით, რომ საზოგადოებაში "თავი არ მოეჭრათ", სამკურნალო დაწესებულებებს გაურბიან და ხშირად ოჯახურ გარემოში არჩევენ მკურნალობას. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია, როცა ბავშვს აქვს ფსიქიკური აშლილობა. საქმე იქამდე მიდის, რომ კარის მეზობლებმაც კი არ იციან დაავადებული მოზარდის არსებობა, რომელიც მშობლებს გარეთაც არ გამოჰყავთ. "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა" გაახმაურა შემთხვევა, როცა მამას საწოლზე ჯაჭვით ჰყავდა დაბმული გოგონა, ვიდრე მეზობლებმა არ გაიგეს და საპატრულო პოლიციას არ უხმეს ჯაჭვით დაბმული ბავშვის დასახმარებლად.

ნესტან ლონდარიძე, "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტი: - „ადამიანის უფლებათა ცენტრის ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უფლებები ირღვევა ორი მიმართულებით: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი არღვევს მსხვერპლთა უფლებებს და ირღვევა ამ პირების, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა, უფლებები. მოკლედ, საგანგაშო მდგომარეობაა.

ქუჩაში ბედის ანაბარად დარჩენილი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უმრავლესობა მეურვის მსხვერპლია.

მეურვედ მათ ნათესავი ენიშნებათ, მაგრამ ამ მოვალეობას ბევრი გაურბის. ვინც თანხმდება, სამწუხაროდ, ხშირად ბოროტად სარგებლობს მეურვეობის ქვეშ მყოფთა მდგომარეობით, უსახლკაროდ ტოვებს, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავთ და სამუდამოდ უარს ამბობენ მათზე. არადა, ეს ადამიანები საავადმყოფოში ხომ ვერ დარჩებიან?

ნებისმიერ ფსიქიკურ დაავადებას აქვს რემისიის პერიოდი, როცა პაციენტი უნდა გაეწეროს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, გარეთ გამოსული კი აღმოაჩენს, რომ მეურვემ გაძარცვა და იძულებულია, ქუჩაში ათიოს ღამე. ამიტომ მეურვეობის ინსტიტუტი უნდა შეიცვალოს, რაც გაზრდის სამეურვეო პირთა უფლებებს.
არც ერთი ფსიქიკური დაავადება არ იწყება მძიმე ფორმით, მას აქვს წინა პირობები. შესაძლოა, ტრაგედია არ დატრიალებულიყო, ნათესავებს თავის დროზე რომ მიეღოთ ზომები ქალის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა, მცირეწლოვან ბავშვზე ეძია შური, რადგან ბიჭუნა, თურმე, მისი შვილის დაკრძალვის დღეს იცინოდა...“
ოლღა კალინა, არასამთავრობო ორგანიზაციის ""თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის" წევრი: - არ შეიძლება სტერეოტიპად დამკვიდრდეს შეხედულება, რომ ყველა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი არის მკვლელი, მოძალადე და დამნაშავე. მკვლელობისკენ მიდრეკილება აქვთ როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ისე ჩვეულებრივ ადამიანებს - გააჩნია, ვის რა მანძილი აშორებს აკრძალვის ზღვარს.
სამწუხაროდ, ბევრი მათგანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ან ქუჩაში კვდება შიმშილით; ხშირია სექსუალური ძალადობა ფსიქიკური პრობლემების მქონე გოგონებისა და ქალების მიმართ.
სამწუხაროდ,

ადამიანებს ერცხვინებათ დაავადების გახმაურება და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა.
დასანანია, რომ ჩვენთან ალტერნატივა არ არსებობს. არადა, სწორედ ალტერნატივების მრავალფეროვნება გაგაოცებთ ევროპაში, განსაკუთრებით - ინგლისში. არსებობს თვითდახმარების, კრიზისინტერვენციის ჯგუფები, ცენტრები.
სოფიო მორგოშია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი: - სახელმწიფო მუშაობს, რომ შეიქმნას ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ბაზები, რაც შექმნის პრევენციის მექანიზმებს. ვფიქრობთ, ამ სტატისტიკური ბაზისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოვიყენოთ პირველადი ჯანდაცვის სამსახური, ოჯახის ექიმი. ვაპირებთ მათ გადამზადებას, რათა დროულად შენიშნონ ფსიქიკური აშლილობა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გაგზავნონ. 

P.S. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების გულისხმიერებასა და ყურადღებას. იყავით ფხიზლად და თუ თქვენს ახლობელს, ოჯახის წევრს, მეგობარს ან უბრალოდ, ნაცნობს ამჩნევთ უცნაურობას, რაც ეწინააღმდეგება ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის ქცევას, დაეხმარეთ პრობლემის მოგვარებაში, რომ კვლავ არ აღმოვჩნდეთ ტრაგედიის წინაშე.
inga
08 დეკემბერი 2014 12:17
ქვებს რომ არ ვისვრით ის არის გასაკვირი,იმდენი გადავიტანეთ ბოლო 25 წელიწადში რომ ერი ჯანმრთელი ვერ დარჩებოდა და კარგად რომ გამოიკვლიონ საზოგადოების 80% იქნება სამკურნალო, მაგრამ გარშემომყოფებმა თუ გაიგეს რომ ეგეთ სტაციონარში დაგჭირდა მკურნალობა მერე ნახეთ თქვენი ბრალი, ყველას როგორც დაჭირდება ისე გამოიყენებს მაგ ფაქტს, ოჯახის წევრებიც კი, ქმრიდან დაწყებული ქმრის ნათესავებით დამთავებული, სამსახურზე აღარ ვსაუბრობ, ბოლოს შეიძლება შვილებმაც წამოგაძახონ
nika misha
29 ნოემბერი 2014 01:54
ვერანაირად ვერ ვარგობს დგევანდელი ჯანდაცვა(((
nika misha
29 ნოემბერი 2014 01:47
მარტლაც რომ ხალხი მალავს ამ პრობლემას, ცუდი მენტალიტეტია დამკვიდრებული საზოგადოებასჰი არადა რაც საქარტველოს მოსახლეობამ ამ დრომდე გამოიარა სჰედეგი სხვანაირი ვერც იქნებოდა. ჯანდაცვამ უნდა განიხილოს ამ პრობლემის საკიტხები, ცჰარტოს აუცილებლად პროგრამასჰი, ვიდრე სჰედეგი უარესი არ დამდგარა, მომავალ ტაობას მაინც მიუსწრონ დროულად, ვიდრე მტლად არ დეგრადირებულა ეს საზოგადოება. კარგია რომ ეს სტატია გამოქვეყნდა, იქნებ ჰქონდეს გამოხმაურებააა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები