ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა... "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა - კვირის პალიტრა

ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა... "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა

"მოდილიანი იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და განაცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო."

"როგორ დაითანხმა გათხოვილი, თანაც თავისი სიამაყით ცნობილი თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი..."

"დიდმა მოდილიანიმ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა, თუ შეიძლება სახელოსნო რქმეოდა ერთ-ერთ მანსარდას. ამ სახელოსნოში დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი... შემდეგ ეს ნამუშევარი სოტბის აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა"... გვიყვება ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი, არტკრიტიკოსი დავით ანდრიაძე...

- ჩვენმა საზოგადოებამ ქართველი მხატვრებიდან მხოლოდ ლადო გუდიაშვილზე თუ იცის, რომ ახლოს იცნობდა ამადეო მოდილიანის... ლადო გუდიაშვილი იგონებდა:" მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ - არა, პოლონელ ქალბატონს ორი ნახატი შესთავაზა. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება, როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად... ქალბატონი გაჯავრებით ამბობდა: – თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო!… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – "ჩემო მეგობარო ლადო, შენ გქონდეს ჩემგან ეს პატარა სახსოვარი"...

- ვინ იყო ალექსანდრა დადიანი, ქართველი ქალი, რომელიც მოდილიანმა დახატა?

- თავადის ქალი, მეგრელების პრინცესა ალექსანდრა დადიანი მოდილიანმა 1911 წელს დახატა... ალექსანდრა გერმანელ ბოტანიკოსზე, კონრად როსტზე იყო დაქორწინებული, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მათ სიყვარულზე წიგნიც კია დაწერილი. ალექსანდრა დადიანი ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა...…

- მოდილიან ალექსანდრა დადიანი სად ნახა?

- პარიზში. იმ დროს მოდილიანი ისეთი ღარიბი იყო, რომ თავის ნამუშევრებს გროშებად ყიდიდა. მოდილიანი იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და ქალბატონებს გამოუცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო. ღარიბმა მაესტრომ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა, თუ შეიძლება სახელოსნო რქმეოდა ერთ-ერთ მანსარდას. სწორედ იქ დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი. როგორ დაითანხმა გათხოვილი, თანაც სიამაყით ცნობილი თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი, არსად წერია... შემდეგ ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა... შემდგომ მოვლენები ამ სამეულისთვის არც თუ ისე იღბლიანად განვითარდა: ახმატოვას და მოდილიანის ამბავი მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, თავადის ქალი ალექსანდრა კი, რევოლუციის შემდეგ, გადაასახლეს... უკვე მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში... ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოში, ჭავჭავაძეების მამულშია დასაფლავებული.

- ძალიან საამაყოა მოდილიანმა რომ ქართველი ქალი დახატა და რატომ არ იყო ეს ისტორია აქამდე ცნობილი ?

- ალბათ იმიტომაც, რომ ეს ალექსანდრა დადიანის პორტრეტი კი არ არის, არამედ არის ნიუ, სადაც მოდილიანმა მოდელად ალექსანდრა დადიანი გამოიყენა. ამასთანავე, ეტყობა, ქართველ ქალს არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს, თუნდაც დიდ შემოქმედად აღიარებულს, გაუშიშვლდა. ეტყობა ალექსანდრამ ეს ამბავი სწორედ ამიტომ დამალა, მით უფრო იმჟამინდელ საქართველოში. თუმცა, მხოლოდ საქართველოში კი არა, ანა ახმატოვა საკმაოდ ემანსიპირებული ქალი იყო, მაგრამ ისიც არ ცდილობდა მოდილიანთან ურთიერთობის აფიშირებას. მიუხედავად იმისა, რომ 60-იან წლებში მოდილიანი საბჭოთა კავშირში უკვე ძალიან პოპულარული იყო, მხოლოდ ახმატოვას სიკვდილის შემდეგ მოხვდა მათი რომანი რუსი კრიტიკოსის წიგნში "ანა და ამადეო"... ანა ახმატოვა რომ წამოვიდა პარიზიდან, დაწერა ლექსი - "უკანასკნელი შეხვედრის სიმღერა". ეს ლექსი იმ პერიოდში ძალიან მოდური გახდა, მაგრამ ანა ახმატოვას ეს ლექსი არ უყვარდა და მის გახსენებას ყველას უკრძალავდა... მანანა გაბრიჭიძე სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია წაიკითხეთ