"ნავარსკვლავები" -მიწისქვეშა მდინარეები, სტალაგმიტები, სტალაქტიტები... ვანის ტერიტორიაზე პირველი მღვიმე აღმოაჩინეს
"ნავარსკვლავები" -მიწისქვეშა მდინარეები, სტალაგმიტები, სტალაქტიტები... ვანის ტერიტორიაზე პირველი მღვიმე აღმოაჩინეს
"უწინ აქ, სიცარიელეში ქვას ისროდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოსცემდა და ამიტომაც შეურქმევიათ ,,საქაჯია"

"კვლევას აუცილებლად განვაგრძობთ და მღვიმესაც სრულყოფილად შევისწავლით."

"ეს აღმოჩენა ბზვანში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის"

ვანის მუნიციპალიტეტში მკვეთრად გამოკვეთილი კარსტული მასივის შესახებ ინფორმაცია არც ერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ გვხვდება. ახლახან გეომორფოლოგ, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილის მიერ მოწყობილმა დაზვერვითმა გეომორფოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ბზვანში კარსტულ მასივს მიაკვლია.
გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანიდან. აღმოჩენის შესახებ
გიორგი დვალაშვილი
გვიყვება:

-კარსტული მასივის არსებობა გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში ივარაუდებოდა. თსუ-ის მაგისტრანტმა სალომე ხონელიძემ საგანგებოდ განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხი, შემდეგ ინფორმაცია სოფელ ბზვანის რწმუნებულ ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთანაც გადავამოწმეთ და დაზვერვით ექსპედიციაში სწორედ ბატონი გრიგოლის მეგზურობით წამოვედით. გეომორფოლოგიური კვლევის ჩასატარებლად მღვიმეშიც ჩავედით და დავასკვენით,
რომ ამ ტერიტორიას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდეთ ბზვანის კარსტული მასივი -სოფელში არის როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე -მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო ექსტრემალური მღვიმე, რომლის სიგრძეც სულ ცოტა 800 მეტრი მაინც იქნება.


-მღვიმის თაობაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა?

-მოსახლეობამ იცოდა, თუმცა მღვიმე დღემდე არავის შეუსწავლია, ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნავარსკვლავებს", ზოგიერთი კი -,,საქაჯიას" უწოდებს. თურმე უწინ აქ, სიცარიელეში ქვას ისროდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოსცემდა და ამიტომაც შეურქმევიათ ,,საქაჯია". მეორე სახელწოდებაც -,,ნავარსკვლავები" გადმოცემას უკავშირდება: ამბობენ, უხსოვარ დროში ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, აქ ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანიაო. საერთოდ, ამ უბანს ,,როდინას" ეძახიან, -როდინივით არის ჩავარდნილი და ამიტომ დაურქმევიათ. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს საკმაოდ საინტერესო და აქამდე ნაკლებად ცნობილი კარსტული რელიეფი გვაქვს -ეს არის ახალი გეომორფოლოგიური კვლევის სამეცნიერო ღირებულება. კვლევას აუცილებლად განვაგრძობთ და მღვიმესაც სრულყოფილად შევისწავლით. დღეისთვის კი უკვე შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე გამოვყოთ ოცდამერვე კარსტული მასივი და მის შესახებ პირველადი სამეცნიერო დასკვნაც გავაკეთოთ.
მღვიმეში ჩვენ ზოგადი დაზვერვითი სამუშაოები ჩავატარეთ, თუმცა მღვიმის ბოლომდე შესწავლა და აგეგმვა არცთუ ადვილია, უახლოეს მომავალში კვლევაში ჩავრთავთ თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილებას. დეტალურად შევისწავლით "ნავარსკვლავევის მღვიმეში" ნანახ ნაღვენთ ფორმებს -სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს, აგრეთვე, ავგეგმავთ მღვიმის მიწისქვეშა სამყაროს. ვფიქრობთ, ამ კარსტულ მღვიმეში ექსტრემალური ტურისტული მარშრუტის მარკირებაც შესაძლებელი გახდება.
თუმცა ასეთი კარსტული წარმონაქმნის დაფიქსირება საქართველოს ამ ტერიტორიაზე უკვე საინტერესო ფაქტია. ეს აღმოჩენა ბზვანში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
giga kandelaki
15 იანვარი 2016 10:09
მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ესკველაპერი სიმართლეა. მე ვცხოვრობ 200 მეტრით დაშორებით.
EMIGRANTI
30 ნოემბერი 2014 23:04
მაგისთვის ვის სცალია ძმაო,ნაცები და ქოცები ხოცავენ ერთმანეთს,რამდენი ხანია ეს სტატია დევს,და ერთი გახსნაც არ ქონდა,ერთი კომენტარიც კი....სასაცილოა სატირალი რო არ იყოს....

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები