"ჩვენი ეპოქა" 20 წელი - კვირის პალიტრა

"ჩვენი ეპოქა" 20 წელი

ხუთტომეული "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის

"ფაქტები, მოვლენები, შეფასება, ანალიზი - "ჩვენი ეპოქის" პირველი ტომი უნიკალური ფოტომასალით

90-იანი წლების საქართველოში გამოგზაურებთ"

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთი მესიზმრა. არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სიზმრად სოხუმის ქუჩებში დავდიოდი... ყველაფერი ახლობელი იყო. მზის სხივებით ოქროსფრად მოელვარე სოხუმის ზღვაც ვნახე, ნოსტალგიით გაჟღენთილი ნიავი რომ მოჰქონდა... გამეღვიძა... კარგა ხანს ვერ დავიძინე, თავში მხოლოდ უცნობი ქალაქის ქუჩები მიტრიალებდა. ამეკვიატა - ნეტავ როგორია სოხუმი? ისეთივე, როგორიც სიზმარში?! უცებ ჩემი მეგობარი დუდანა გამახსენდა, სოხუმის დაცემის შემდეგ, შარშან პირველად რომ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში. ის ყოველდღე ხედავს სიზმარს და იქ დაბრუნების იმედით ცხოვრობს. ალბათ, ოდესმე მეც ვნახავ ენგურსგაღმა საქართველოს, რომელიც 90-იან წლებში დავკარგეთ... და იყო საქართველო - ნაომარი, გაჭირვებული, ჩაბნელებული, გაყინული... და გაჩნდა იდეა ახალი გაზეთისა, რომელიც გაუსაძლისი ყოფით დამძIიმებულ მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიდა და რაც მთავარია, მომავლის იმედს ჩაუსახავდა.

1995 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" დაიბადა.

"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული. მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა. თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა. ფიქრების ავტორს თანამოაზრეები გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო - გაზეთის გამოშვება. უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო, და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში, თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო"...

გაზეთის პირველი მთავარი

რედაქტორი ლალი გუნთაიშვილი

2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. რამდენიმე თვეა რედაქციაში დიდი ფუსფუსია - საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რედკოლეგია ერთგულ მკითხველს სიურპრიზს უმზადებს - მალე გამოვა საიუბილეო ხუთტომეული - "ჩვენი ეპოქა".

20 წლის წინ...

ნუცა დუმბაძე "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორის, ლალი გუნთაიშვილის მოადგილედ წლების განმავლობაში მუშაობდა. "ჩვენი ეპოქის" ხუთტომეულისთვის მასალების შეგროვება გაზეთის არქივიდან, ძველ თანამშრომლებთან ერთად, სწორედ მას მიანდვეს...

- იდეა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყდა, გამოცემულიყო ხუთტომეული სახელწოდებით "ჩვენი ეპოქა". ბოლო, მეხუთე ტომი სწორედ 2015 წლის აპრილში გამოვა... ახლა გაზეთის ძველ ნომრებს რომ ვკითხულობთ, ყველაფერი თავიდან ცოცხლდება. რამდენიმე თვეა, რაც წიგნზე ვმუშაობთ და პირველი ტომისთვის 1995-დან 1999 წლამდე გამოშვებული გაზეთის ყველა ნომერი თავიდან ბოლომდე გადავიკითხეთ. ძალიან მძიმე და შრომატევადი საქმეა, თუმცა, იმავდროულად ძალიან სასიამოვნოც.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა წარსულში, რომ ვფიქრობ, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს! ბევრ მოვლენას, ახლა უკვე წლების შემდეგ, სხვაგვარად აღიქვამთ და დაინახავთ, გაიხსენებთ უახლეს ისტორიას. საკუთარი ქვეყნის დოკუმენტური ისტორია უნდა იცოდეს მომავალმა თაობამაც. ფაქტობრივად, ეს იქნება ჩვენი 20-წლიანი ისტორიის მატიანე. მით უმეტეს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ჯერ არ გამოცემულა. ამ წიგნის გამოცემა საამაყო და საპასუხისმგებლო ტვირთი გახლავთ... ამ სამუშაოს შემსრულებლებად, ჩვენ, "კვირის პალიტრის" პირველი თაობა შეგვარჩიეს, რადგან თითოეულმა გაზეთში დაბეჭდილმა ინფორმაციამ ჩვენს გულსა და გონებაზე გაიარა...

მანანა ჯანელიძე (სტილისტი): - "კვირის პალიტრის" ეს წიგნი შექმნის ჩვენი ეპოქის მაჯისცემას და ერთგვარ მატიანედ იქცევა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც 90-იანი წლების მონაწილე იყო; ის თაობა ვართ, რომელმაც 9 აპრილის ღამე გაათენა პარლამენტის წინ - ის ტრაგიკული მოვლენები ჩვენ თვალწინ მოხდა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ვიდექით და არ ვიცოდით, როგორ შეგვეჩერებინა ომი ძმებს შორის...

თინა მარგველაშვილი (სტილისტი): "ჩვენი ეპოქა" არა მარტო ჩვენი მკითხველის, არამედ ყველა ქართველის ყურადღებას მიიპყრობს. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობაც სიამოვნებით გაეცნობა საქართველოს უახლეს ისტორიას".

ნანა ანტონოვა-ილურიძე (სტილისტი): ,,ვფიქრობ, ,,ჩვენი ეპოქის" ხუთტომეული ყველაზე საინტერესო და ძვირფასი "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველისთვის იქნება. გახდება გეზის მიმცემი ისტორიკოსებისთვის, რათა პირუთვნელად აღწერონ 20-წლიანი გზა, რომელმაც მიიყვანა საქართველო დამოუკიდებლობამდე".

ნათია გორდელაძე, "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე: "კვირის პალიტრის" რჩეული პუბლიკაციები ხუთ ტომად აიკინძება და მოგვიყვება უახლესი ისტორიის ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელსაც ჩვენი გაზეთი აშუქებდა. თბილისისა და აფხაზეთის ომების ქრონიკა, ტერაქტები, გატაცებები, ჩაბნელებული საქართველო და ყბადაღებული მე-9 ბლოკი. ამასთან ერთად იმედიანი ამბები, პირველი წარმატებები, ეპოქის იუმორი და კურიოზები. პირველ ტომში, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ერთად დეკემბრიდან გაიყიდება, 90-იანი წლების საქართველოა წარმოდგენილი.

"ჩვენი ეპოქა" უნიკალური ფოტომასალით 90-იანი წლების საქართველოში გამოგზაურებთ. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი მკითხველისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება".

ნინო დეკანოსიძე, "გამომცემლობა პალიტრა   L"-ის მთავარი რედაქტორი: "გაზეთი "კვირის პალიტრა" დაარსების დღიდან დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში. ის სტატიები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში იბეჭდებოდა, არის დოკუმენტები და ისტორია. ეს აუცილებლად უნდა მოქცეულიყო ერთ გამოცემაში. სწორედ ამიტომ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" და "გამომცემლობა პალიტრა  L"-მა გადაწყვიტეს, ერთობლივად გამოეცათ წიგნების სერია "ჩვენი ეპოქა". პირველი ტომი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმძიმეს წლებს ასახავს, ქრონოლოგიურად მიჰყვება მოვლენებს. წიგნი ილუსტრირებულია არაჩვეულებრივი ფოტოებით. ბევრ ფოტოს პირველად იხილავს საზოგადოება. ეს წიგნი ყველა თაობის მკითხველზეა გათვლილი..."

5 ტომი 20-წლიანი ეპოქის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს:

I ტომი - 1995-1999;

II ტომი - 2000-2003;

III ტომი - 2004-2007;

IV ტომი -  2008 (08.08.08);

V ტომი - 2009-2014.

პირველი ტომი პატრიარქის ინტერვიუს ამონარიდით მთავრდება, რომელიც "კვირის პალიტრამ" 1999 წელს ჩაწერა: "სიტყვას დიდი ძალა აქვს. საგაზეთო მასალები მისაღები უნდა იყოს, ცოდნის გასაღრმავებელი, ხალხისათვის სარგებლობის მომტანი, ემსახუროს ქვეყნის წინსვლასა და სულიერ აღორძინებას... თესეთ სიკეთე და სიყვარული, იმედი მიეცით ხალხს და დაეხმარეთ, გადაიტანონ ჩვენი მძიმე დროის გამოცდა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, მთელი საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიხარული და ღვთის სათნო ცხოვრება. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!"

P. S. არ მინდა ჩვენი დროის გმირებისა და მოვლენების შესახებ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს მხოლოდ ზოგადი, მოკლე და მშრალი ისტორია ახსოვდეთ. მინდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პიროვნება, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია დაწერეს, სახელებით, მოვლენებითა და ფაქტებით იცოდნენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

"თქვენ მარტო არ ხართ, ბიჭებო!"

კახი კავსაძე: "კარგად მახსოვს ის დღე... თეატრის, კინოსა და ესტრადის მსახიობები სოხუმში ჩავფრინდით, დაახლოებით 20 კაცი ვიყავით და კონცერტი გავმართეთ. გაქანებული ომი იყო... ჩვენი ჩასვლით გვინდოდა, გაგვემხნევებინა ქართველი ჯარისკაცები - ის ბიჭები, რომლებიც თავგანწირვით იბრძოდნენ. "თქვენ მარტო არ ხართ, ბიჭებო!", - ეს იყო ჩვენი ჩასვლის მიზანი.

კონცერტის შემდეგ ბიჭებმა სუფრა გაგვიშალეს. ვეუბნებოდით, რა დროს პურმარილიაო, მაგრამ მაინც მოახერხეს და ამ დაძაბულ და უმძიმეს სიტუაციაში სუფრა გაგვიშალეს. მთელი ღამე ერთად ვიყავით...

უკან რომ მოვფრინავდით, ჩვენმა ბიჭებმა გვითხრეს, დროზე წადით აქედანო. უკან შუქებჩამქრალი შვეულმფრენით გამოვფრინდით და მთელი გზა ჩუმად ვისხედით, არც ის ვიცოდით, საერთოდ თუ ჩავაღწევდით თბილისამდე... გული ცუდს გვიგრძნობდა... მერე გავიგეთ, ის ადგილი, სადაც ერთად ვიყავით, დაუბომბავთ და ჩვენი ბიჭები დაღუპულან..."

თორნიკე ყაჯრიშვილი