ყველაზე ხანდაზმული თბილისელი - კვირის პალიტრა

ყველაზე ხანდაზმული თბილისელი

მის თვალებს - მთელი საუკუნე, მეხსიერებას კი ბევრი მოვლენა და ისტორია ახსოვს...

ზუსტად საუკუნის წინ, 1914 წლის 17 ოქტომბერს, ბაღდასაროვების ოჯახში პირველი ვაჟი დაიბადა. ალბათ, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა ბიჭი საუკუნეს გადააბიჯებდა. ერვანდი პაპა 17 ოქტომბერს 100 წლის გახდა. მის თვალებს - მთელი საუკუნე, მეხსიერებას კი ბევრი მოვლენა და ისტორია ახსოვს... საუკუნის ადამიანს "კვირის პალიტრა"“ესტუმრა.

„წარსულში ხშირად მოგზაურობს“

საწოლის გვერდით, სკამზე გადაკიდებულ ოქროსფერმედლებიან პიჯაკს ერვანდი პაპას  თხოვნით, უკვე წლებია საპატიო ადგილი მიუჩინეს. იშვიათად, მაგრამ, როცა დგება, ამ პიჯაკს იცვამს და ამაყად დააბიჯებს ოთახიდან ოთახში. რატომღაც სტუმარი პენსიის მიმტან კურიერად მიმიჩნია და პირველი სიტყვები, რაც ჩემი დანახვის შემდეგ წარმოთქვა, იყო, -  ჯამაგირი“მოიტანე?

უკვე რამდენიმე წელია, დროს უმეტესად საწოლში ატარებს. მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ჭამის დრო მოდის. ბოლო დროს მეხსიერებაც ღალატობს და როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, წარსულში ხშირად მოგზაურობს. ხანდახან თავი სამამულო ომში ჰგონია და ბრძოლის ველზე გასვლას ითხოვს.

თამაზ ბაღდასაროვი, ერვანდის ვაჟი: - მამა ავლაბარში დაიბადა და გაიზარდა. პაპაჩემი, გარეგინ ბაღდასაროვი, წლების განმავლობაში თამბაქოს ქარხანაში მუშაობდა. ბებია დიასახლისი გახლდათ. მამა 3 წლის ყოფილა, დედა რომ გარდაცვლია.

სამამულო ომის დაწყების მეორე დღესვე გაიწვიეს ის და მისი უმცროსი ძმა, რომელსაც საოფიცრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. უმცროსი ძმა დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მამა სტალინგრადში იბრძოდა. ბრძოლის ველზე, გამთენიისას, როდესაც შეტევაზე გადადიოდნენ, ფეხში დაიჭრა და დაეცა. როგორც ჩანს, ყურადღება არავის მიუქცევია და მთელი ღამე  ეგდო ტრიალ მინდორში. მეორე დღეს პარტიზანებმა შემთხვევით იპოვეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ტყვია კოჭში ჰქონდა მოხვედრილი და ფეხზე 18 ოპერაცია გაუკეთეს, რამდენჯერმე დასჭირდა ძვლის გადანერგვა... ეს მედლებიანი პიჯაკი მისი სიამაყეა. რომ იცოდეთ, თვალები როგორ უბრწყინავს, როცა პიჯაკს პატარა ბავშვივით ეფერება... ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ მუშაობა მამამისთან, თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო. შემდეგ ჭაღების საამქროში გადავიდა და ბოლო წლებში სტუდქალაქსა და სკოლაში დარაჯად მუშაობდა.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცნო?

- დედა გორიდან იყო, ჩოხელის ქალი. ოჯახი გარიგებით, 1947 წელს შექმნეს. 1948 წელს მე დავიბადე. დედა, 88 წლისა, ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამა საწოლში ჩაწვა და მას შემდეგ იშვიათად დგება. ზოგჯერ წარსულსა და აწმყოს ერთმანეთში ურევს... გუშინ მთელი ღამე რუსულად ლაპარაკობდა, ბრძოლის ველზე ეგონა თავი.

ექიმები ამბობენ, რომ ამ ასაკში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. ხანდახან არაყსაც ვასმევ მისივე თხოვნით, მაგრამ ამბობს, ახლანდელი არაყი არაყი აღარ არისო. მშრომელი კაცი იყო. ბევრი გაჭირვება და მძიმე წლები გამოიარა.

- სიგარეტს ეწეოდა?

- 90 წლის რომ იყო, მაშინ დაანება თავი მოწევას. 10 წელია, რაც აღარ ეწევა.

ლია წოწოლაშვილი, ერვანდის რძალი: - ძალიან კარგი მოხუცია, ტკბილი კაცი და ვცდილობთ, არაფერი მოვაკლოთ.

უხუცესმა იუბილარმა 100 წლის იუბილე ოჯახში აღნიშნა. სტუმრებთან ერთად  ჭიქა შამპანურიც მიირთვა.

თამაზ ბაღდასაროვი: -  იუბილეზე სტუმრად ადგილობრივი გამგეობიდან მოვიდნენ, ტკბილეული და 500 ლარი გადმოგვცეს. მერიის წარმომადგენლებმაც თანხა გადმოგვცეს.

- მის თვალწინ მთელმა საუკუნემ ჩაიარა. რას იხსენებს ყველაზე ხშირად?

- ძველი დრო სჯობდაო, სულ ამას ამბობს... ძალიან კარგად ხატავდა. ჯარში მსახურობისას პოლკოვნიკის შვილი დაუხატავს და იმდენად მოსწონებია უფროსს მისი ნამუშევარი, სამადლობელი წერილი გადაუცია. ამ ამბავს განსაკუთრებით სიამაყით იხსნებდა...

P. S. დასანანია, რომ საუკუნის წლოვანების ადამიანები მხოლოდ 9 მაისს, ახალ წელსა და იუბილეებზე ახსენდებათ. არადა, მათ ძალიან სჭირდებათ მოფრთხილება და პატივისცემა, რათა სიცოცხლე უფრო გაუხანგრძლივდეთ...

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ.  palitratv.ge-ზე