ტოლსტოის უკანასკნელი შედევრი
01-12-2014
ტოლსტოის უკანასკნელი შედევრი
"აღდგომა" ტოლსტოის "ჩვეულებრივად გენიალური" რომანია და თუკი "არარომანული ეპიზოდები" კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას, ეს მხოლოდ ღირსებაა და არა ნაკლი

ტოლსტოის მესამე და უკანასკნელი რომანი "აღდგომა" ისევე, როგორც "ანა კარენინა" და "ომი და მშვიდობა", გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა, მით უმეტეს, რომ ის ათი წლის განმავლობაში იწერებოდა და მკითხველი საზოგადოებაც მოუთმენლად ელოდა გენიოსის ახალ შედევრს.

სადავო საკითხია, არის თუ არა "აღდგომა" წინა ორი რომანის სადარი, და ამაზე დღემდე კამათობენ მკითხველებიცა და კრიტიკოსებიც,
მაგრამ ფაქტია, რომ მათგან განსხვავებული ნამდვილად არის.

ამ განსხვავებაში, ცხადია, პირველ რიგში ნაწარმოებში დასმული სოციალური უთანასწორობის პრობლემები იგულისხმებოდა გამოქვეყნების დღიდანვე - ადრე ტოლსტოი ასე მწვავედ არ ამახვილებდა ყურადღებას რუსეთის ცხოვრების ამ მხარეზე. სხვათა შორის, ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბოლშევიკების ბელადი ლენინი სწორედ "აღდგომას"
თვლიდა ტოლსტოის საუკეთესო ნაწარმოებად. კომუნისტების ზეობის 70 წლის მანძილზეც, ალბათ ეს წიგნი იყო საბჭოთა კავშირში დაწერილი ყველაზე მეტი სტანდარტულ-შაბლონური დისერტაციის თემა ლიტერატურათმცოდნეობაში, რომლებიც აუცილებლად იმ დროისათვის ბოლო პარტიის ყრილობის დადგენილების ციტირებით იწყებოდა,  გრძელდებოდა და სრულდებოდა იმით, რომ თურმე თავის ბოლო რომანში ტოლსტოი "აზრზე მოვიდა" და ღიად ამხილა მეფის რუსეთში არსებული განუკითხაობა, თავადაზნაურობის გარყვნილება, ჩინოვნიკთა გულგრილობა-არაადამიანობა და ეკლესიის მსახურთა კაცთმოძულეობა! აი, ასე - არც მეტი, არც ნაკლები! ამ შემთხვევაში სულაც არ ვახდენ ირონიზირებას - წაკითხული მაქვს ასეთი "ნაშრომები" და შემდეგ მათზე გამოქვეყნებული ბრიყვული რეცენზიებიც.

ამ ყველაფრის დაწერა კი იმისთვის მომინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც იმ დროს აქვთ წაკითხული "აღდგომა", ვუთხრა: გვინდა თუ არა, ის დრო და გარემო, რომელშიც ვცხოვრობდით, გავლენას ახდენდა ჩვენზე და მთლად იმ დისერტაციების ავტორებივით არა, მაგრამ რაღაც დოზით მაინც იქნებ შემოგვრჩა ის წინასწარი განწყობა, რომლითაც მაშინ ტოლსტოის ეს მართლაც ბრწყინვალე რომანი ავიღეთ ხელში. აი, ახლაც თავს ძალა დავატანე, რომ ხელმეორედ წამეკითხა, რადგან მე თვითონაც 16-17 წლის ასაკში წაკითხული წიგნიდან ყველაზე ცხოველ შთაბეჭდილებად მოსამართლეთა უგულობა და ნეხლიუდოვის უნამუსობა მქონდა ჩარჩენილი. და კიდევ კარგი, რომ კარგად არ მახსოვდა რომანი და ამიტომ ხელახლა წავიკითხე - მერწმუნეთ, ყველანი, ვინც "ჩემს დღეში" იყავით, ისევე "პირველად" წაიკითხავთ "აღდგომას", როგორც ახალგაზრდა ქართველი მკითხველი და ამიტომ გთხოვთ, გულგრილად არ გადადოთ გვერდზე ეს წიგნი - "ეს წაკითხული მაქვს" - პრინციპით.

რა თქმა უნდა, "კვამლი უცეცხლოდ არ ყოფილა" და "მემარცხენე" ლიტერატურათმცოდნეებსაც ნამდვილად ჰქონდათ საბაბი იმისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ნაწარმოების სიუჟეტის ფონი, მის დედააზრადაც იყო წარმოდგენილი და ეს იყო მთავარი "ეშმაკობა": დიახ - კატიუშა მასლოვა უთვისტომო, ობოლი გოგოა, ხოლო ნეხლიუდოვი დიდგვაროვანი და მდიდარი; დიახ - პირველს ცხოვრება დაუნგრია მეორემ; დიახ - მოსამართლეები იმის გარდა, რომ გულგრილნი არიან ადამიანის ბედის მიმართ, პროფესიონალიზმშიც მოიკოჭლებენ; დიახ - ამაზრზენია ციხეში ჩატარებული საეკლესიო რიტუალი და იმ ღვთისმსახურსაც საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ რწმენასთან... მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, "აღდგომაში" არის ტოლსტოისებრი ადამიანური განცდებიც, მათი ტრაგედიები, სინდისის ქენჯნა და სიყვარულიც, და ამ ყველაფერს ერთნაირად განიცდიან არისტოკრატი ანა კარენინა, ნატაშა როსტოვა, თუ ბოგანო კატიუშა მასლოვაც.
ასე რომ, "აღდგომა" ტოლსტოის "ჩვეულებრივად გენიალური" რომანია და თუკი "არარომანული ეპიზოდები" კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას, ეს მხოლოდ ღირსებაა და არა ნაკლი.

უნდა ითქვას, რომ ინტერესი და პოპულარობა ამ რომანს არასოდეს მოჰკლებია, თუნდაც იმის გამო, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდა, ტოლსტოი რომ ახალ რომანს წერდა. გარდა ამისა, იმ წლებში (XIX საუკუნის ბოლო ათწლეულს ვგულისხმობ) ტოლსტოის მიერ ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლამ, ეკლესიასთან კავშირის საბოლოოდ გაწყვეტამ, მისმა სხვადასხვა "ხალხოსნურმა" მოქმედებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეს ინტერესი (შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდში შექმნა ტოლსტოიმ გამომცემლობა "პოსრედნიკი" (ქართ. - შუამავალი), რომლის მიერ გამოცემულმა კაპიკიანმა წიგნებმა, მასში დაბეჭდილი ასევე იაფფასიანი მოთხრობებით ლამის წალეკა რუსეთი. "ამით ხალხს ზნეობას ვასწავლიო" - ამბობდა).

ამის გამოც იყო, რომ საზოგადოება გარკვეული შიშით ელოდა ახალ რომანს - "პოსრედნიკის" მიერ გამოსაცემი არ გამოვიდესო, მაგრამ შიში არ გამართლდა - 1899 წელს ტოლსტოიმ თავისი ბოლო შედევრი - ახალი რომანი აჩუქა კაცობრიობას.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ პოპულარობას, ამის დასტური ისიც არის, რომ 1909 წლიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკელებმა "აღდგომის" პირველი ეკრანიზება მოახდინეს, კინო თითქმის საუკუნის მანძილზე თითქმის 20-ჯერ მიუბრუნდა მას და ბოლოს, ეს უკვე ამ საუკუნეში, იტალიელებმა, ფრანგებმა და გერმანელებმა გააკეთეს. კინო კი, მოგეხსენებათ "უინტერესო ამბებით" არ ინტერესდება.
დიახ, აღდგომაში ყველაფერია, რაც  XIX საუკუნის დიდ რომანებს ახასიათებთ (რა ნიშანდობლივია, რომ ის სწორედ საუკუნის ბოლო წელს გამოქვეყნდა): ოსტატურად დახატული პერსონაჟები, გულში ჩამწვდომი ემოციები, მრავალ ადგილას გადაკვეთილი სიუჟეტი...

ერთი სიტყვით, თქვენ წინაშე ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის შედევრია და წინ დიდ ლიტერატურასთან კიდევ ერთი სასიამოვნო შეხვედრა გელით.
რომან მეგრელიძე
03 დეკემბერი 2014 20:16
ეხლა ურა პატრიოტები ყაყიტას ქურდებიც რომ არა აქვთ წაკითხული გადმოაფრქვევენ სულელურ ლოზუნგებს,არადა თავსა ვთვლი ბედნიერ კაცად ლევ ტოლსტოის,თ.დოსტოევსკის,ა.ჩეხოვის,კუპრინის,პუშკინის,მ.ცვეტაევას,ა.ბლოკის და ა.შ [ყველას რა ჩამოთვლის] სიყვარულში რომ დავბერდი.ეს დიდი ბედნიერებაა.მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდობას,, ქართული მარგალიტების გარდა წაიკითხონ რუსი კლასიკოსები და გაეცნონ ნამდვილ რუსეთს ამით დიდ სულიერ საგანძურს ეზიარებიან.

რედაქტორის რჩევით