ისევ მეცხრე ბლოკის დილემა?! - გვექნება 24-საათიანი ელექტრომომარაგება ზამთარში?
01-12-2014
ისევ მეცხრე ბლოკის დილემა?! - გვექნება 24-საათიანი ელექტრომომარაგება ზამთარში?
მეცხრე ბლოკზე სისტემური ავარიის გამო ელექტროენერგიის ხანგრძლივად გამორთვამ  აღაშფოთა თბილისის მოსახლეობა. რეგიონებში კი მიჩვეული არიან დენის ხშირად გამორთვას. დედაქალაქელების უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ ავარიის შემდეგ ყველაზე გვიან თბილისი განათდა.  მოქალაქეებმა რედაქციაში დარეკეს თხოვნით, იქნებ აგვიხსნათ, რატომ ხდება, რომ მცირე პრობლემაზეც კი მთელი თბილისი ითიშებაო.
"კვირის პალიტრას" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველი სულხან ზუმბურიძე ესაუბრა:

- მცირე პრობლემაზე მთელი თბილისი არ ბნელდება. თუ მოსახლეობა გულისხმობს ბოლოდროინდელ შემთხვევას მეცხრე ბლოკზე, რის გამოც ელექტროენერგიის
მიწოდება დიდი ხნით შეწყდა, ეს არ იყო მცირე პრობლემა. ავარია დიდმა რყევებმა გამოიწვია, გენერატორმა რამდენჯერმე მოიხსნა ტვირთი - 250-დან 20 მეგავატზე დავიდა, შემდეგ ისევ აიღო სიმძლავრე, მაგრამ ისევ მოიხსნა და ასეთი ტიპის რყევებს სისტემის ავარია მოჰყვა.
რაც შეეხება სხვა გამორთვებს, თუ მას აქვს ადგილობრივი ხასიათი,
მოსახლეობამ დისტრიბუტორს უნდა მიმართოს.
სისტემური ავარიების სტატისტიკა შეგვიძლია მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეს და ყველა დარწმუნდება, რომ ამ ტიპის პრობლემები შემცირდა. ბოლოს  დიდი სისტემური ავარია 2010 წელს მოხდა. მას შემდეგ ავარიების ავტომატური მართვა დავნერგეთ და ახალი ინფრასტრუქტურა შევქმენით, რამაც ავარიების მაჩვენებელი შეამცირა.  

- ბოლო დროს თბილისსა და რაიონებში ხშირად ითიშება ელექტროენერგია. ცხელ ხაზზე დაკავშირება ფაქტობრივად შეუძლებელია და თუ დაუკავშირდი, გიპასუხებენ, ახლა ისეთი ამინდია, წარამარა ავარიები ხდებაო...

- არაკვალიფიციური და, ალბათ, ცოტა უპასუხისმგებლო ნათქვამია, თითქოს უამინდობის გამო ელექტროენერგიის გათიშვა არ უნდა გვიკვირდეს. ელექტროენერგიის გათიშვის ცალკეულ შემთხვევას თავისი მიზეზი აქვს და ამაზე პასუხი უნდა გასცენ ენერგოდისტრიბუტორებმა. არ შეიძლება ამინდს დავაბრალოთ ყველაფერი.

- შეიძლება გვქონდეს გარანტია, რომ ზამთარში დაცული ვიქნებით სისტემური ავარიებისგან?
- მაქსიმალურად ვცდილობთ გავთვალოთ ყველა რისკი, მაგრამ ვერავის მივცემთ 100%-იან გარანტიას, რომ გენერატორები არ გაითიშება. თუმცა,
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გათიშვის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით ავარიის შედეგების აღმოფხვრას.

- ბოლო ავარიის შემდეგ ერთი საათი დასჭირდა თბილისის განათებას.
- ერთსაათიანი უშუქობა ძალიან ცუდია, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ათ წუთში აღვადგინეთ ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან სარეზერვო წყაროები ჩავრთეთ, იმპორტი გავზარდეთ რუსეთიდან და შესაბამისად, რუსეთიდან შემომავალი ენერგია ჯერ დასავლეთ საქართველოს მიეწოდა და ასე რიგრიგობით აღვადგინეთ სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ დისპეტჩერებმა ოპერატიულად იმუშავეს, მაინც დიდი დრო დასჭირდა პრობლემის აღმოფხვრას.

- ამ ეტაპზე აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი ქვეყანას?

- რა თქმა უნდა, მოვიხმართ საკუთარ ელექტროენერგიას და ვიღებთ იმპორტსაც დეფიციტის შესავსებად, რომელიც ძალიან მინიმალურია. ზამთარში ვიღებთ იმპორტს, ზაფხულში კი ექსპორტს გავცემთ. წელს 5,5%-ით არის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარე წყაროებით. თუმცა, ვმუშაობთ რომ ახალი ჰიდრო და თბოსადგურები ამუშავდეს. მომავალ წელს ახალი თბოსადგური გვექნება, ბევრი ჰიდროპროექტის განხორციელებაც მიმდინარეობს და შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე უფრო და უფრო შემცირდება.

საქართველო ოთხ ქვეყანას აძლევს ელექტროენერგიას: აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და რუსეთს. გაცილებით  დატვირთულია თურქეთის მხარე, რადგან ახალი ხაზი აშენდა, 2013 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შესაბამისად, თურქეთში ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობა გაიზარდა.

როგორც მოგახსენეთ, ავარიის დროს რუსეთიდან მივიღეთ ელექტროენერგია, მაგრამ თუ არ იქნება ამის საშუალება, სხვა მეზობლებისგან შემოვიტანთ. გააჩნია, იმპორტის საჭიროების დროს რომელს შეუძლია უფრო იაფად მოგვაწოდოს დენი. მთავარია, გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობა როგორც იმპორტის მიღების, ისე ექსპორტის გაცემისა.
aleko
01 დეკემბერი 2014 14:03
დღეს ქვეყნის გენერაცია ფაქტობრივად აკმაყოფილებს მოხმარებას-ეს ბალანსი არსებობს.
მაგრამ როდესაც დამყარებულ ბალანსს მყისიერად წყდება 150-200 მგ.ვატი ცხადია ეს იწვევს რყევებს და შეიძლება სისტემის დაშლაც გამოიწვიოს.
ეს რომ თავიდან იქნეს აცილებული ჩვენი ენერგო სისტემა პარალელობაში უნდა მუშაობდეს უფრო მძლავრ ენერგო სისტემასთან, მაგალითად რუსეთთან ან აზერბაიჯანთან--ზამთარში მაინც.
წინა წლებში სქემა მართლაც ეგრე იყო აწყობილი
ნინი
01 დეკემბერი 2014 10:20
რუსტავსჰი ყოველდგე იტისჰება დენი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები