წინასაახალწლო მზადება ქალაქში... - კვირის პალიტრა

წინასაახალწლო მზადება ქალაქში...

წიგნი ყველაზე კარგი საჩუქარია!

წელს "ბიბლუსი" ერთგულ მკითხველს საფესტივალო ფასებს რეგიონებშიც შესთავაზებს.  წიგნების შეძენა -  50%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი

დეკემბერი დადგა და  მაღაზიის ფასადებზე საახალწლო ფასდაკლებების მანიშნებელი წარწერები გაჩნდა. სოციალურ ქსელშიც ახლა ყველაზე აქტუალური თემა მოახლოებული ახალი წელია. თბილისის ქუჩები საახალწლოდ ჯერ არ მორთულა, ევროპის ქვეყნებში კი ნაძვის ხეებიც დადგეს და ქუჩებიც გაანათეს ფერადი ნათურებით. ერთი სიტყვით, დედამიწა 2015 წლის შესახვედრად ემზადება.

ორი დღის წინ სამსახურიდან გამოსულმა პეკინის გამზირზე ფეხით გასეირნება გადავწყვიტე. რამდენიმე მაღაზიაზე შევნიშნე წარწერა: ,,გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლება" და წინასაახალწლო ტრადიციული¬ კითხვა ამეკვიატა: "რა ვაჩუქო საახალწლოდ საყვარელ ადამიანებს?!" ეს კითხვა ყოველი წლის მიწურულსა და ახალი წლის მოლოდინში მოსვენებას არ გვაძლევს. ახალი წელი ყოველთვის ბავშვობასა და  საჩუქრებს მაგონებს. დღესაც მახსოვს, რა დამემართა, ჯერ კიდევ პატარას, პირველ იანვარს, ნაძვის ხესთან საჩუქარი რომ დამხვდა. მაშინ ნაჩუქარმა წიგნმა დროს გაუძლო, წარწერამ (,,თორნიკეს დედიკოსგან") ფასდაუდებელ ნივთად აქცია. მე და წიგნი იმ დღიდან დავმეგობრდით... ახლაც ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს კითხვისთვის ვეღარ ვიცლი, ზუსტად ვიცი, რომ საახალწლო უქმეებზე სიამოვნებით წავიკითხავ რაიმე ახალს ან კარგად დავიწყებულ ძველს.

რას ისურვებდნენ ახალი  წლის საჩუქრად ცნობილი ადამიანები? ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

გივი ბერიკაშვილი: მსახიობი: "ბავშვობაშიც და სტუდენტობის პერიოდიც, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი წიგნი იყო. ძალიან მიხაროდა, როცა წიგნს მჩუქნიდნენ და პირიქით, როდესაც მე ვჩუქნიდი. ბედნიერებაა, ისეთ ადამიანებთან მეგობრობა, როგორებიც იყვნენ: ნოდარ დუმბაძე, მიშა ქვლივიძე, ოტია იოსელიანი... სახლში ბევრი წიგნი მაქვს, ჩვენი სახელოვანი მწერლების ავტოგრაფებით.

წლების წინ, მე და გოგლა ლეონიძე ხაშმში პურმარილზე შევხვდით ერთმანეთს. ათას რამეზე ვისაუბრეთ, ბოლოს მითხრა, ჩემი წიგნი უნდა გაჩუქოო. ბატონო გოგლა, მე გაჩუქებთ თქვენს წიგნს, სახლში იმდენი მაქვს-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ როგორ გაიხარა... დღეს, ძალიან ბევრი კარგი წიგნი გამოდის, რომელსაც სიამოვნებით ვაჩუქებდი ვინმეს, და სიამოვნებით მივიღებდი საჩუქრად".

ლიზა ბაგრატიონი, მომღერალი: ,,ხშირად მიმიღია სხვადასხვა საჩუქარი და მეც ბევრი გამიჩუქებია, მათ შორის კი წიგნი საუკეთესო და ყველაზე ღირებული საჩუქარია.  ჩემი შვილი ისეთ ასაკშია, როდესაც მეგობრების დაბადების დღეზე მიდის და საჩუქრად წიგნებს არჩევს, წიგნის საყიდლად კი ორივე ერთად სიამოვნებით დავდივართ¬ მაღაზიებში. ერთი კვირის წინ ძალიან საყვარელი მეგობრისთვის წიგნი საგულდაგულოდ შევარჩიე და რაოდენ სასიამოვნო იყო, რომ ჩემი საჩუქარი ძალიან მოეწონა".

გარდა წიგნებისა საახალწლოდ საინტერესოა სხვადასხვა მაღაზიების შემოთავაზებები, ადგილები, სადაც ზამთრის ცივ საღამოებს  თბილად გაატარებთ. ყური მოვკარი, ქალაქში დიდი ცენტრი იხსნება, სადაც წინასაახალწლო საჩუქრების შეძენას, ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას და გემრიელი იტალიური კერძების დაგემოვნებას შევძლებთ. ბევრი ვიკვლიე თუ ცოტა, ისევ წიგნებთან და ,,ბიბლუსთან" მივედით. თურმე სწორედ ეს კომპანიაა ამ პროექტის ავტორი.

თათა დგებუაძე, ,,ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი: "ჩვენი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ძალიან მალე, წინასაახალწლოდ, ჭავჭავაძის 7 ნომერში  გაიხსნება ინტელექტუალური, დასასვენებელი სავაჭრო ტიპის ცენტრი ,,ბიბლუსი გალერი".

აქ წიგნებთან ერთად გაიყიდება საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, ელექტრონული პადები, აქვე იქნება საბავშვო გასართობი ცენტრი და კომფორტული სამკითხველო.

,,ბიბლუს გალერიში" მოსულ სტუმრებს უმასპინძლებს იტალიური კაფე ,,ჩი გუსტა!", რომელიც ბევრ ქვეყანაში მომხმარებლის რჩეული იტალიური ბრენდია. ,,ჩი გუსტა!",  კომპანია Pregel-ის შვილობილი კომპანიაა. მათ ნედლეულს იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის  "მაკდონალდსი", "სტარბაქსი",  KFჩი და სხვა. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი სიამოვნებით დაისვენებს, წაიკითხავს სასურველ ლიტერატურას და შეარჩევს სასაჩუქრე წიგნებს.

- რას გვეტყვით თქვენს ტრადიციულ, წინასაახალწლო ფასდაკლებაზე? "ბიბლუს გალერის" ფარგლებში იქნება გათვალისწინებული იგივე ფასდაკლებები, რაც ყოველ წელს გაქვთ ხოლმე?

- ეს უკვე ტრადიციაა და ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ "ბიბლუსი" ახალი წლის პერიოდში, მათ 50 %-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. წელსაც,  საახალწლო ფასები იქნება ყველა წიგნზე, "ბიბლუსის" მთელ ქსელში.

ასევე მომხმარებლის მოთხოვნით, "ბიბლუსი" და ,,გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" ერთობლივად გამართავენ წინასაახალწლო ფესტივალს თბილისი მოლში, სადაც წიგნების შეძენა გრანდიოზული ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

საშობაო ფესტივალით რეგიონის მცხოვრებლებსაც გავახარებთ და "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს ფესტივალის ფასები.

თორნიკე ყაჯრიშვილი