ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - იდუმალი მყიდველი
08-12-2014
ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - იდუმალი მყიდველი
"მახე" პერსონალისთვის

"დაცვის თანამშრომელი გვერდით ამომიდგა და ნაბიჯ-ნაბიჯ დამყვებოდა. თავი უხერხულად ვიგრძენი. როგორც ჩანს, შეეშინდათ, რაიმე არ მომეპარა"


ალბათ, ცოტამ იცის, რას ნიშნავს მისტიკური მყიდველი, მაგრამ ჩვენში არიან ამ ხელობის ადამიანები. სწორედ ეს პროფესია მოვირგე, ანუ ცოტა ხნით მისტიკური (იდუმალი) მყიდველი გავხდი...
ჩვენს ქვეყანაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ამა თუ იმ ობიექტის მეპატრონის დაკვეთით აკვირდება მფლობელის ობიექტზე მომუშავე მომსახურე პერსონალს და დამკვეთს შესაბამის დასკვნასაც წარუდგენს.
მისტიკური მყიდველის "პროფესიული უნარების" შესასწავლად
მივაკითხე კომპეტენტურ ორგანიზაციას, ვინც ასეთ კვლევებს აწარმოებს და კონსულტაცია ვთხოვე.

უყოყმანოდ დამთანხმდნენ და ტრენინგის გასავლელად ერთ-ერთ მისტიკურ მყიდველს - ანი ზურაბაშვილს მიმამაგრეს.

ანისთან ერთად ელექტროტექნიკის ცნობილი ბრენდის მაღაზიას მივაშურე. მაღაზიაში ცალ-ცალკე შევედით - ანისთვის შორი-ახლოდან უნდა მედევნებინა თვალყური, როგორ ჩააბარებდა "გამოცდას" კონსულტანტი. ასეთ დროს შესამოწმებელი
თანამშრომელი შეირჩევა სპონტანურად - ვინც პირველი მიაქცევს ყურადღებას მისტიკურ კლიენტს, მახეშიც ის გაებმება... დავუშვათ, დამკვეთს სურს თანამშრომლების "ნერვული სისტემის" შემოწმება. თუ ხელშეკრულების პირობაში დევს, რომ მისტიკურ მყიდველს შეუძლია წონასწორობიდან გამოიყვანოს კონსულტანტი, მაშინ უნდა შეაწუხოს კითხვებით, პრეტენზიებით, გული გაუწყალოს და მისი ნებისყოფა გამოცადოს...
მაღაზიაში შესვლისთანავე წინ კონსულტანტი გადაგვეღობა და ღიმილით გვკითხა, - დახმარება ხომ არ გნებავთო. მე თავაზიანად უარი ვუთხარი, ანიმ კი ყმაწვილი კაცი ტელევიზორების განყოფილებისკენ გაიყოლა. ერთი ტელევიზორი ამოირჩია და კონსულტანტს უამრავი კითხვა დაუსვა. ის, პირღიმილიანი, მოთმინებით პასუხობდა,  პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა და რასაც არ ეკითხებოდნენ, იმ ინფორმაციასაც კი აწვდიდა... ამას 10-15 წუთი დასჭირდა და როცა ანიმ ტელევიზორი არ იყიდა, არც მაშინ მოშორებია ღიმილი.

მისტიკური მყიდველი კმაყოფილი დარჩა მომსახურებით და კვლევის შესახებ დასკვნა დაწერა, მე კი, უკვე "დატრენინგებულმა", კვლევა განვაგრძე და ახლა ანგარიშს "კვირის პალიტრის" მკითხველს წარვუდგენ.
ჩემს სამსახურთან ახლოს აფთიაქების ცნობილი ქსელის ფილიალია და პირველ კვლევის ობიექტად სწორედ ის ავირჩიე (მით უმეტეს, რომ ექიმის გამოწერილი რეცეპტი ჩანთაში მედო და ბარემ საჭირო მედიკამენტსაც შევიძენდი). ანის რჩევა გავიხსენე და უპირველესად ფარმაცევტების გამომეტყველებას მივაქციე ყურადღება. გოგონები მშვიდად ემსახურებოდნენ კლიენტებს, მაგრამისეთი დაძმარებული გამომეტყველება ჰქონდათ, თითქოს თითოეული ადამიანი წამლის ფულს მათი ჯიბიდან იხდიდა.

ბოლოს, გაზეპირებულ ფრაზას - ჯანმრთელობას გისურვებთო, ისე ესროდნენ, ტყვიასავით ხვდებოდა ზურგში კარისკენ წასულს.

გათავისუფლებულ ფარმაცევტს ვთხოვე, - შამპუნი შემარჩევინეთ-მეთქი. დახლიდან გამოვიდა, კარადის შემინული კარი გააღო და გვერდზე გადგა. სათითაოდ ვიღებდი შამპუნის ფლაკონებს და წარწერებს ვაკვირდებოდი. მდუმარე გოგონას ხელში გასაღებების აცმა სულ უფრო "ნერვიულად" ჩხრიალებდა. თმის მოცულობისთვის რომელია განკუთვნილი-მეთქი, - ვკითხე. აწერია ზედო, - მიპასუხა. კი მაგრამ, ყველა ვნახე და არც ერთს არ აწერია-მეთქი. ე.ი. არ გვაქვს მოცულობისთვისო, - მომახალა და კარის დასაკეტად მოემზადა. მაშინ სახის კრემი მაინც ამარჩევინეთ-მეთქი. ახლა სხვა კარადის კარი გააღო, - ეს ყველაზე კარგიაო, - მითხრა და ერთ-ერთ კრემზე მიმითითა. არც დაინტერესებულა, როგორი ტიპის კანისთვის მინდოდა, არადა, სახის კრემი ხომ ამ პრინციპით უნდა შევარჩიო? მოკლედ, აქ ყველაფერი დღესავით ნათელი იყო... რეცეპტი მივაწოდე. კომპიუტერს ჩახედა და - ეს მედიკამენტი არ გვაქვსო. აფთიაქიდან ისე გამოვედი, ჯანმრთელობაც არ უსურვებია - ეტყობა, ძალიან გავაწვალე...
პარფიუმერიულ მაღაზიაში (ცნობილი ქსელის ერთ-ერთ ფილიალში) ექსპერიმენტი ორჯერ ჩავატარე. ერთსა და იმავე მაღაზიაში ორჯერ მივედი, სხვადასხვა ტანისამოსში გამოწყობილი. პირველად - ცოტა შელანძღული ტანსაცმლით, უმაკიაჟ-უზიზილ-პიპილოდ, მორიდებით შევაღე კარი, ჩამოვუარე სუნამოს დახლებს... ერთადერთი კლიენტი ვიყავი იმ დროს. კონსულტანტები და დაცვის თანამშრომელი ყმაწვილი ერთად მოგროვილიყვნენ და მათვალიერებდნენ... კარგა ხნის შემდეგ (ეტყობა, კენჭი ყარეს, რომელი მოემსახურებოდა "ღარიბ" კლიენტს) გოგონამ სასხვათაშორისოდ მკითხა, - დახმარება გჭირდებათო? უარი ვუთხარი თუ არა, დაცვის თანამშრომელი გვერდით ამომიდგა და ნაბიჯ-ნაბიჯ დამყვებოდა. თავი უხერხულად ვიგრძენი. როგორც ჩანს, შეეშინდათ, რაიმე არ მომეპარა. ისეთი სიტუაცია შეიქნა, რომ ვიფიქრე, შესაძლოა, პატრული გამოიძახონ და მაღაზიიდან გამაძევონ-მეთქი. უკვე აუტანელი იყო ეს ყველაფერი და კონსულტანტს ვუხმე, - დამეხმარეთ-მეთქი. რამდენიმე კითხვა დავუსვი, მოკლედ მპასუხობდა... აშკარად ვერ შემიცნო სარფიან მყიდველად და ცოტა დამცინავადაც კი მელაპარაკებოდა... დიუპონის სუნამოები სად აწყვია-მეთქი.

"ძიუპონი" - ძვირიანი სუნამოაო, - გადაპრანჭულად მითხრა და ეს "ძ" ისე თქვა, აშკარად მაგრძნობინა, რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი და საერთოდ, იქ ჩემი ადგილი არ იყო...
ძვირად ღირებული სუნამოებისკენ რომ წავედი, მითხრა, - მანდ ძალიან ძვირიანი დახლია, თქვენ რა ფასიანი გნებავთო. სამასლარიანი სასაჩუქრე ბარათი მაქვს-მეთქი... გამოცოცხლდა. ჩემი თავი სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს გადაულოცა, რომელიც მანამდე სალაროდან მადევნებდა თვალყურს. აბააა... სამასი ლარიოოო?! და ათასი სუნამო დაასხურა სპეციალურ ტესტერებს, მაყნოსვინა, მარჩევინა... კარგა ხანს ვაწვალე და მაღაზია ისე დავტოვე, არაფერი შემიძენია...

რამდენიმე დღის შემდეგ "მინისტრის ცოლივით" გამოპრანჭული ვეწვიე იმავე მაღაზიას... "შლეიფად" ძვირფასი სუნამოს სურნელი მომყვებოდა, ხელში მანქანის გასაღებს ვათამაშებდი... არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ყირაზე დადგა ყველა. დაცვის თანამშრომელი ახლოსაც არ გამკარებია... ყველაზე ძვირიანი რომელი სუნამო გაქვთ-მეთქი, - ვკითხე. ამან მთლად დაადნო კონსულტანტი გოგონა... "თქვენობითზე" უფრო თავაზიანი ფორმა ვერ მოძებნა, თორემ აუცილებლად მომმართავდა და ალბათ, ხელზეც მემთხვეოდა, რომ მეთხოვა...
სასაჩუქრე ბარათი მართლა მქონდა, შესაძენი შევიძინე და იქაურობა გულდაწყვეტილმა დავტოვე... ამ სტატიას თუ წაიკითხავენ, გავახსენდები ალბათ, მაგრამ "ღარიბს" უფრო გამიხსენებენ, თუ "მდიდარს", არ ვიცი...
იგივე ექსპერიმენტი ჩავატარე ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის მაღაზიაში და აქაც ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღე - თურმე ადამიანი "ჭილოფში" სულაც არ იცნობა.

ამ ორ მაღაზიაში მომხდარმა შემთხვევებმა მოლა ნასრედინის ერთი არაკი გამახსენა: მოლა წვეულებაზე დაპატიჟეს და შელახული ტანისამოსით მივიდა. ზედაც არ შეხედეს. იმავე ოჯახს მეორედ ძვირფასი ქურქით ესტუმრა და თან გადაჰყვნენ - აქ დაბრძანდით, ეს მიირთვითო. მოლამ ქურქი გაიხადა და კერძში ჩააყოფინა "თავი" - ჭამე, ჭამეო, - თან ეუბნებოდა. ასე რატომ იქცევიო? - გაოცებით ჰკითხეს. იმიტომ, რომ პატივცემული ქურქი იმსახურებს რჩეული კერძის მირთმევას და არა - მეო...

დაცვას მიხედე, დაცვას...

დასავლურ ქვეყნებში იდუმალი მყიდველი არა მხოლოდ პერსონალის მომსახურების ხარისხს ამოწმებს, არამედ იმასაც, იცავენ თუ არა ჰიგიენურ ნორმებს ამა თუ იმ დაწესებულების თანამშრომლები. ამ მხრივ დასავლური კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ დაცვის სამსახურს - მათ პიჯაკის ყველა ღილი შეკრული, ბეიჯი კი თავის ადგილას უნდა ჰქონდეთ მიმაგრებული, არ ასდიოდეთ თამბაქოს, სასმლის ან ოფლის სუნი. იდუმალი მყიდველების ტაქტიკა ასეთია - კითხვებს უსვამენ დაცვის თანამშრომლებს, რომელზე პასუხებიც თითქოს არ ესმით, რაც შეიძლება ახლოს მიდიან მათთან და ისე ელაპარაკებიან...

მარი ჯაფარიძე
maia
20 დეკემბერი 2014 18:51
.....ვაი საქართველო,საით მიდიხარ?
pz
19 დეკემბერი 2014 02:46
ეგ სამსახური ევროპაში გამართლებულია, მაგრამ ჩვენთან სისულელეა და მეტი არაფერი, თუნდაც გამყიდველად რო დაიწყო მუშაობა ინგლისურსაც ითხოვენ, რუსულსაც, კომპიუტერსაც და თვეში 300 ლარზე მეტის გადახდა არ უნდათ. მეპატრონე იმაზე ფიქრობს რაც შეიზლება ნაკლები ხელფასები მისცეს თანამშრომლებს რო მას მეტი მოგება დარჩეს და კიდე სრულყოფილ მომსახურებასაც ითხოვს, სირცხვილია რა..
Мария
17 დეკემბერი 2014 16:43
Такое только в Грузии происходит, не обязательно класса Lux в одежде ходит чтобы принимали и оценили!!Больше вам скажу, у кого большие возможности тем меньше уделяют внимание повседневную одежду!! Мне очень жаль таких людей!!!(((

რედაქტორის რჩევით