”მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებში შეცდომებია” - კვირის პალიტრა

”მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებში შეცდომებია”

"გაუმართავი სისტემის გამო საქართველოს გზებზე უვიცი, არაპროფესიონალი  მძღოლების არმია დადის"

მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტები არასწორად არის შედგენილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 2014 წლის 15 დეკემბრიდან მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ. თუმცა, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის დამფუძნებელი ილია მეკოკიშვილი სააგენტოს მოუწოდებს - არ იჩქაროს.

ილია მეკოკიშვილი: - შს მინისტრის ბრძანებით, 1748 ტესტი დამტკიცდა კატეგორიების და ქვეკატეგორიების სახით. ყველა კატეგორიას აქვს დანართი, სწორი პასუხების ცხრილი. როდესაც მათი თემატურად დალაგება და ექსპერტიზა დავიწყე, უამრავ შეცდომას წავაწყდი. მაგალითად, თემაში "საგზაო ნიშნები" 273 ტესტია და 15-ში შეცდომაა. ბილეთები #606, 657, 668, 672, 673, 674, 675, 677, 678, 1239 აუცილებლად უნდა ჩასწორდეს. ალოგიკურია, ამ ტესტების მიხედვით მომავალ მძღოლს ცოდნა მოვთხოვოთ.

2008 წელს შეცვლილ ტესტებშიც 237 შეცდომა აღმოვაჩინეთ. სამი კვირის განმავლობაში მომსახურების სააგენტო ფედერაციაში იჯდა, უანგაროდ ვაწვდიდი გასწორებულ შეცდომებს პროგრამისტებს. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ყველა ძველი შეცდომა არ გაუსწორებიათ.

მომსახურების სააგენტომ უარი უნდა თქვას გამოცდების ახალი ტესტებით ჩაბარებაზე, ვიდრე ტესტების სრული ექსპერტიზა არ ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 16-17 დეკემბერს მოვიწვევთ ბრიფინგს და ვისაუბრებთ ტესტებში აღმოჩენილ უზუსტობებსა და შეცდომებზე.

არავინ იფიქროს, რომ ულტიმატუმს ვაყენებთ. მომსახურების სააგენტოს უფროსსაც ვაცნობეთ, რომ ტესტებში შეცდომები იყო. ვითანამშრომლოთო, შემოგვითვალა, მაგრამ ჯერ არავის მივუწვევივართ, არადა, 15 დეკემბერი ახლოვდება.

ამ ტესტებით უმძიმეს მდგომარეობაში აგდებენ ყველა ავტოსკოლას. მასწავლებელი  იძულებულია, მომავალ მძღოლს ორმაგი სტანდარტით ასწავლოს.

ახალ ტესტებში მოსაწონია ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  თემებს, რომელთა ცოდნას  ყოველდღიური ცხოვრება მოითხოვს; ასეთია, მაგალითად, გზაჯვარედინების გავლის წესი (გზის დათმობის წესი), მანევრირების, გაჩერება-დგომის, გასწრების და სხვა წესები, მაგრამ ამ სიკეთეს უამრავი შეცდომა აფერმკრთალებს.

- ავტოსკოლებში ვერ შენიშნეს შეცდომები?

- ყველა საავტორო სკოლამ შენიშნა და  ფედერაციას გვეკითხებიან, რა ვქნათო. სამწუხაროდ, არალიცენზირებულ, არასაავტორო ავტოსკოლებში, სადაც ფასები დასწიეს მეტი ადამიანის მისაზიდად, სულ არ ანაღვლებთ ტესტების თემატურად დალაგება, ძირითადად, პასუხებს აზეპირებინებენ მომავალ მძღოლებს, თუმცა,  3D ტესტების ჩაბარების დროს დაზეპირება ვეღარ უშველით. წინასწარ გამოცხადდა, რომ  სავარაუდო პასუხების რიგითობას შეცვლიან. შეიცვლება არა სწორი პასუხის შინაარსი, არამედ მისი რიგითობა. ე.ი. რეალურად მოგთხოვენ ცოდნას, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მოგცეს ეს ცოდნა?

-  ტესტების ცვლილებებზე ვინ იმუშავა?

- მომსახურების სააგენტოში, დიდი ხანია, არის ჯგუფი, რომელიც კანონისა და ტესტების ცვლილებებზე მუშაობს, თუმცა, ამ ჯგუფის წევრებს ერთი წიგნი არ დაუწერიათ და დამოუკიდებლად არაფერი შეუდგენიათ. ასეთი ჯგუფები გაჩნდა 2003-2004 წლების შემდეგ, როდესაც სამინისტროებიდან პროფესიონალები გაუშვეს. ამასთან, სანამ ერთი უწყების - შსს-ს  ხელშია მართვის მოწმობის გაცემაც და მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლიც, პროფესიონალი მძღოლები არ გვეყოლება. ამ უწყებას ხელს არ აძლევს, საჭესთან პროფესიონალი იჯდეს, რადგან საჯარიმო სისტემა ბიუჯეტის შევსებას ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე გეგმავს. აბა, ნახეთ, რაში აძლევენ მართვის მოწმობას! რამდენჯერაც გამოცდაზე ჩაიჭრები, იმდენჯერ შემდეგი გასვლისას თანხას იხდი, ანუ  მოწმობა გეძლევა უცოდინარობაში.

ევროპის ქვეყნებში გამოცდების ჩაბარებაში, კვალიფიკაციის მინიჭებასა და მართვის მოწმობის გაცემაში შსს არ ერევა. ამას აკეთებს დამოუკიდებელი საჯარო სამსახური. მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია სისტემა შსს-ს ხელში. არადა, გერმანიაში პოლიციას იმხელა უფლებები აქვს, რომ  შეუძლია, სასწავლო კურსებზე გაგგზავნოს "დეგენერატების სკოლაში" - ასე უწოდებენ სასწავლებელს, სადაც თავს გიკრავენ იმ შემთხვევაში, თუ გზებზე მოძრაობის დროს რვა საჯარიმო ქულა დაგიგროვდება. იმ სკოლაში ახალგაზრდა სპეციალისტი გასწავლის მოძრაობის წესებს, ამასთან, ფსიქოლოგი გიბურღავს ტვინს, თუ რა სახიფათოა შენი, როგორც დამრღვევი მძღოლის, მოქმედება. ამის შემდეგ გონზე მოდიხარ ან საერთოდ  უარს ამბობ მძღოლობაზე.

ჩვენთან  25 კითხვას რომ უპასუხებ, ან ხუთ დროშაში მანქანას გაატარებ, უკვე მძღოლი ხარ - მართვის მოწმობას გაძლევენ და მერე ყველა დარღვევაზე ჯარიმას იხდი, რითაც ბიუჯეტი სარგებლობს.  გაუმართავი სისტემის გამო საქართველოს გზებზე უვიცი, არაპროფესიონალი  მძღოლების არმია დადის.

- ევროპის ქვეყნებში როგორ იბარებენ გამოცდებს მართვის მოწმობების გასაცემად?

- გერმანიაში მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლის უნარები ფასდება ქულებით. თეორიულ გამოცდაზე მხოლოდ ე.წ. "პტიჩკებით" კი არ მონიშნავ სწორ პასუხს, სრულად წერ განმარტებებს.  გამოცდაზე გასვლამდეც კრიტერიუმების 40 სავალდებულო მინიმუმი უნდა დააკმაყოფილო. ტესტების შეფასების შემდეგ კი მაქსიმალური 110 ან მინიმალური 100 ქულა უნდა დააგროვო. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, დახურულ მოედანზე კი არა, ქუჩაში გიშვებენ, ძალიან საინტერესოდ შერჩეულ მარშრუტზე. დაზღვევის მიზნით, გვერდით პედაგოგი გიზის, მაგრამ მას ტუჩების მოძრაობაც კი ეკრძალება, რადგან ეს კარნახად ჩაეთვლება და თქვენ ჩაჭრილად გამოცხადდებით. ჩვენთან დახურულ სივრცეში აკეთებთ ტექნიკური მართვის და არა  მართვის დემონსტრირებას.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხვალ პედაგოგებიც აღარ გვეყოლება. გამომცდელის ინსტიტუტი არ არსებობს. ახლა გამომცდელებს ირქმევენ, ისევე, როგორც ექსპერტებს ირქმევენ ყველა სფეროში.

გამომცდელი უნდა იყოს გამოცდილი მძღოლი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი მომზადების ოთხი საფეხური, მათ შორის - კონტრავარიული და ექსტრემალური მართვის. შევცვლიდით ამ მახინჯ სისტემებს, რომ მოეცათ საშუალება, მაგრამ...

2004 წელს განათლების მინისტრს, კახა ლომაიას, ვთხოვე, ერთი წელი მადროვეთ, რომ საქმე დავამთავრო-მეთქი. უარი მითხრა, არადა, სამინისტროში მუშაობის დროს, 1999 წლიდან 2004 წლამდე, მე და ჩემმა კოლეგებმა ჩვენი სფეროს განვითარების ყველა  პირობა შევქმენით. მანამდე ქვეყანას არ ჰქონდა პროფესიული სტანდარტი, წესი, წიგნი, პროგრამები. ყველაფერი შექმნილი დავტოვეთ 2004 წელს, თუმცა,  კახა ლომაიამ რატომღაც ერთი ხელის მოსმით განიზრახა ყველაფრის განადგურება. 2007 წლის 31 ივნისის 562-ე ბრძანების მიხედვით,

გაუქმდა პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ მანამდე შექმნილი უმნიშვნელოვანესი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები, მათ შორის - მძღოლთა მომზადების სტანდარტი ისე, რომ ახალი და უკეთესი არ შექმნილა.

- აბა, რითი ხელმძღვანელობდნენ ან ახლა რა გვაქვს?

- მოხდა პარადოქსი. ლომაიას განკარგულებიდან ერთი თვის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა მოაწერა ხელი 1098-ე ბრძანებულებას, მართვის მოწმობის გაცემის წესის შესახებ. ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ შსს მართვის მოწმობის გაცემის დროს ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი სტანდარტებით და პროგრამებით. არადა, მერაბიშვილის განკარგულებამდე ერთი  თვით ადრე ლომაიამ ეს ყველაფერი ძალადაკარგულად გამოაცხადა. შესაბამისად, 2007 წლის 1-ლი აგვისტოდან სამოქალაქო მომსახურების სააგენტო და სკოლები გაუქმებული ნორმატიული აქტებითა და პროგრამებით მუშაობენ.  არ ვიცი, ამას იურიდიულ ენაზე რა ჰქვია.

შეცდომაა?!

"668-ე ბილეთი გვეკითხება, მოცემული ოთხი საგზაო ნიშნიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედნის გავლის უპირატესობა. ნაჩვენებია ორი მაფრთხილებელი და ორიც პრიორიტეტის ნიშანი. ტესტის ავტორების მითითებით, მოცემული ოთხი სავარაუდო პასუხიდან  სწორია პირველი და შესაბამისად, მეორე და მეოთხე საგზაო ნიშნები ანიჭებს გავლის უპირატესობას. ეს შეცდომაა, რადგან პირველ, მეორე და მესამე ნიშანს მოქმედების ზონა არ გააჩნია. მათ აქვთ დადგმის წესი (მძღოლს წინმსწრებად, გარკვეული მანძილიდან აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ) და არა მოქმედების ზონა (გზაჯვარედინის მთელი პერიმეტრი), შესაბამისად, მხოლოდ მეოთხე ნიშანს გააჩნია მოქმედების ზონა და ის განიჭებთ გავლის უპირატესობას. თუმცა, სწორი პასუხი არ არის მითითებული არც ერთ სავარაუდო პასუხში".

"673-ე ბილეთში მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით. ბილეთს უნდა ჰქონდეს დათქმა, რომ შესვლა ეკრძალება ყველას, გარდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა. ტესტის გასასწორებლად საკმარისია დაემატოს ორი სიტყვა: "გარდა სამარშრუტო".