სამედიცინო უნივერსიტეტისა და "პალიტრამედიის" დიდი პროექტი იწყება!
08-12-2014
სამედიცინო უნივერსიტეტისა და "პალიტრამედიის" დიდი პროექტი იწყება!
"რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია"

მათ დაამსხვრიეს სტერეოტიპი: "ჩვენ და ისინი"!


კაფეში "რეას ციყვები" - ნინო, ხათუნა და ირმა ფუსფუსებენ, მწვანე წინსაფრებს ისწორებენ და სტუმრებს თვალებში შესციცინებენ. დღეს განსაკუთრებული დღეა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე.

ნინომ, ხათუნამ და ირმამ კარგად იციან, რომ ამ დღეს გამორჩეულად ზეიმობენ მეორე ოჯახად ქცეულ ცენტრ "რეაში". მეგობრებთან ერთად დიდხანს ამზადებდნენ თექის ნაძვის ხეებს, საახალწლო მოსართავებს, ფარდაგებს, თიხის სათამაშოებს, თან კაფეშიც მუშაობდნენ. კაფე მათთვის სამუშაო ადგილია, სადაც
ხელფასს იღებენ. მაგიდებს ემსახურებიან, მერე კი ბართან ახლოს ჩამოსხდებიან და მხიარულად კისკისებენ. ამბობენ, კიდევ კარგი, ეს კაფე რომ არსებობსო. აქ აღებულ ხელფასს აგროვებენ რაღაც დიდი და მნიშვნელოვნისთვის, იქნებ საჩუქრების საყიდლადაც... ისინი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, მაგრამ მათაც შეუძლიათ განსაკუთრებულად იზრუნონ სხვებზე და მეტი სიყვარულითაც...

3 დეკემბერს
მათი გულღია მიწვევა, მობრძანდითო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას და კიდევ სხვა საპატიო სტუმრებისკენ იყო მიმართული. სტუმრები ხალისით ეწვივნენ "რეას ციყვებს" - ერთადერთ სოციალურ კაფეს საქართველოში, სადაც მენტალური პრობლემების მქონე პირები მუშაობენ.

კაფეს წინ "რეას" ბენეფიციარებმა და ეთნომუსიკის თეატრ "მთიებთან" არსებული ბავშვთა სტუდია "ამერ-იმერის" წევრებმა ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს. იმ მთავარ საქმეში, ქართულ ფესვებთან სიახლოვე და ქართული ხალხური შემოქმედების სისხლხორცეული აღქმა რომ ჰქვია, გვერდიგვერდ იდგნენ როგორც შშმ პირები, ისე "ამერ-იმერის" თვალმერცხალა გოგო-ბიჭები. მათ დაამსხვრიეს სტერეოტიპი: "ჩვენ და ისინი" და ერთ მთლიანობად წარდგნენ სტუმრების წინაშე. მთავარი მიზეზი ამ სტუმრობისა ხომ სწორედ ეს გახლდათ: არავითარი "ჩვენ და ისინი" არ არსებობს. არსებობს რეალობა, რომელიც სწორად უნდა აღვიქვათ, რეაქცია, რომელიც სწორად უნდა გამოვხატოთ და მისია: მოვახდინოთ მათი რეაბილიტაცია სოციუმშიც და ჩვენს ცნობიერებაშიც.
"პალიტრამედიისა" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს სწორედ ასე ჰქვია: "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია". ჟურნალისტები და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთიანდებიან შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მხარდასაჭერად. ამავე მიზნით შეიქმნა კლუბი "ტრირეა". მას თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ბახუტაშვილი ჩაუდგა სათავეში.

იდეა მოიწონა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა. თამარ სანიკიძე მზად არის, მხარი დაუჭიროს კეთილ წამოწყებას და თანადგომა არ მოაკლოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია სიყვარულით უსმენდა ყველა ბენეფიციარს. აღმოჩნდა, რომ "რეას" უსაყვარლესი ბენეფიციარები "პალიტრა თV"-ს უყურებენ და ინტერესით ათვალიერებენ გაზეთ "კვირის პალიტრასა" და სხვა გამოცემებს. მარიკა დარჩიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მედიაჰოლდინგი აუცილებლად გააშუქებს ყველა საკითხს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია "რეას" ბენეფიციარებისთვის უპირველესად ის ადამიანი იყო, რომელიც დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა მათ მიმართ, ამიტომაც ეხუტებოდნენ, მეგობრულად ართმევდნენ ხელს...

"ეს მართლაც არაჩვეულებრივი დღეა, როცა თსსუ-ისა და "პალიტრამედიისგან" ამხელა მხარდაჭერა ვიგრძენით. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული მიანიჭეთ თითოეულ მათგანს",–- ვერ ფარავდა სიხარულს "რეას" დამფუძნებელი ელიდო რეხვიაშვილი.
კაფეში წარადგინეს ფოტოპროექტი, რომელიც ერთი წლის მანძილზე განხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობების პირების, "პალიტრამედიის" ჟურნალისტების, თსსუ-ის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და სხვა გამოჩენილი პირების ერთობლივ ფოტოგრაფირებას გულისხმობს.
სტუმრებმა გამოფენა-გაყიდვაზე ხელნაკეთი ნივთები შეიძინეს... მათ შენაძენთან ერთად ის სითბო და სიყვარული წაიყოლეს, რაც ასე საგრძნობია ცენტრ "რეაში".
"არ ვიცი, მათ უფრო სჭირდებათ ჩვენი დახმარება თუ ჩვენ უფრო გვჭირდება მათი თანადგომა", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

მათი თანადგომა კი მართლა შეუძლებელია, არ დაინახო: XXI საუკუნის ემოციურად გადატვირთული ცხოვრების ფონზე მათ შექმნილი აქვთ ერთგვარი კუნძული, სადაც სიყვარულით უთბობენ სულებს ერთმანეთსაც და ამ კუნძულზე "შეღწეულ" მოყვასსაც...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით