"ხუთოსნების" ახალი პროგრამა, ანუ მაზერ, ფაზერ, ბრაზერ... - კვირის პალიტრა

"ხუთოსნების" ახალი პროგრამა, ანუ მაზერ, ფაზერ, ბრაზერ...

ახლა უკვე ვიცი - ვარ რეზერვში 247-ე. მართალია, რეზერვი ვახსენე, მაგრამ მაინცდამაინც ქვეყნის თავდაცვისთვის დამდგართა რიგები არ იგულისხმება. ხალხის ნაკადის აზვირთება მოჰყვა ტელევიზიით დატრიალებულ სარეკლამო რგოლს, რომელიც მოსახლეობას ცოდნის უფასოდ მიღებას სთავაზობდა და დასაქმების იმედს უსახავდა. მერიის ეს ინიციატივა საზოგადოებას მოეწონა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობებს ხალხი მიაწყდა. გადავწყვიტე ჩემი თვალით მენახა ამ პროგრამის ავკარგიანობა, ტყუილი თუ მართალი და ჩემი უბნის მერიის განყოფილებას მივადექი. დილით ადრე მისულს გრძელი რიგი კი დამხვდა, მაგრამ თავად რეგისტრატორები არსად ჩანდნენ. ჭკუა ვიხმარე და მერიის წარმომადგენლობას ნაშუადღევს, 4 საათისთვის მივაშურე.

- გამარჯობათ, რეგისტრაცია სად გავიარო? - ვიკითხე ღიმილით.

ერთმა ახმახმა ოთახისკენ მიმითითა, სადაც ორი თანამშრომელი (ვაჟი და ქალი), ერთი კი მათთვის კარგად ნაცნობი პირი იმყოფებოდა (მასზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ). მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით ინგლისურის და კომპიუტერის უფასოდ სწავლების სარეკლამო რგოლი ჯერ კიდევ ტრიალებდა, ჩემ წინ მხოლოდ ერთმა ქალმა გაიარა რეგისტრაცია. რეგისტრატორებმა კი მაგრძნობინეს, რომ რეზერვში ყოფნას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ პირადობის მოწმობა მაინც გამომართვეს და თავაზიანად მკითხეს, თქვენ ინგლისურის შესწავლა გსურთ თუ კომპიუტერისო.

ორივესი, - ვუპასუხე ისე მტკიცედ, როგორც ეს მაქსიმალისტებს ახასიათებთ.

- ორივეს ერთად სწავლა არ შეიძლება! - მომიჭრა მერიის თანამშრომელმა. გაოცებისგან ლამის თვალები გადმომცვივდა.

- ჯერ ინგლისური უნდა ისწავლოთ და მერე კომპიუტერი, ან პირიქით. ერთდროულად ორივეგან სიარულს ვერ შეძლებთ. ორივე გაკვეთილი 7-ის ნახევარზე იწყება, 32-ე სკოლაში - ინგლისურის, ხოლო 207-ში - კომპიუტერის, შუაზე ხომ ვერ გაიჭრებით?! - ამიხსნა მან.

- ისეთ ჯგუფებში ჩამსვით, რომ ინგლისურისა და კომპიუტერის გაკვეთილები სხვადასხვა დროს და დღეს იყოს, - ვცადე გამოსავლის პოვნა.

- ამას არ ითვალისწინებს პროგრამა. - ჩემს თანამოსაუბრეს ხმაში სიჯიუტე შეეპარა.

- რა გაეწყობა, ინგლისურს ავირჩევ, - განვაცხადე მე. ჩემს ამ მცდელობას კოჭებშივე ეტყობოდა, რომ დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო. ჰოდა, მეც განახევრებული ენთუზიაზმით ვცადე, გამერკვია, ცოდნის მიღებისა და შემდეგ დასაქმების როგორი პერსპექტივა ჰქონდათ ჩემამდე რეგისტრაციაგავლილ მოქალაქეებს, რომელთაც უდიდესი მოთმინება გამოიჩინეს და დილის 6-ის ნახევრიდან გრძელ რიგებში დგომა არ დაიზარეს.

- გაიცანით ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი! - მითხრა მერიის თანამშრომელმა და იმ "მესამე კაცისკენ" მიმითითა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ეს უკანასკნელი ჩვენი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა გუგეშაშვილი აღმოჩნდა. იგი რეგისტრაციის პროცესს ესწრებოდა და ამომრჩევლებს პირადად ეცნობოდა(!). უბან-უბან და კარდაკარ სიარულს, მერიის თბილ განყოფილებაში ჯდომა არა სჯობს? ეს ის შემთხვევაა, როცა დეპუტატობის კანდიდატი კი არ მიდის ამომრჩეველთან, არამედ თავად ამომრჩეველი მიდის მასთან. მომავალი დეპუტატი ამომრჩეველს აგრძნობინებს, რომ მისთვის "რაღაცის გაკეთება" შეუძლია, რადგან მმართველი პარტიისა და მერიის მხარდაჭერა აქვს. "ხუთოსნები!" - გავიფიქრე და მერიის თანამშრომლის "ალაპარაკება" გადავწყვიტე.

- ე.ი. მამუკა გუგეშაშვილი თქვენი, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია? - ვკითხე მას. "სრულყოფილი" პასუხი თავად საკრებულოს დეპუტატისგან მივიღე:

- მე მაჟორიტარული წესით ვიყრი კენჭს თქვენს რაიონში, მხარს "ნაციონალური მოძრაობა" მიჭერს, თუმცა უპარტიო ვარ. სხვათა შორის, თქვენი მეზობლის (სხვა სახელი თქვა, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო მას "ვახუშტით" მოვიხსენიებ) რეკომენდაციით უნდა მოსულიყავით და გაგატარებდით რეგისტრაციაში. მისი რეკომენდაცია თუ გაქვთ? - გამომცდელად მკითხა მომავალმა დეპუტატმა.

"საშინლად განვიცადე" რეკომენდაციის უქონლობა და მოვუბოდიშე, არ ვიცოდი, ეს თუ საჭირო იყო-მეთქი.

- გეხუმრებით, მაინც დაგარეგისტრირებთ! - გამხიარულდა მამუკა გუგეშაშვილი და უკვე ზედმეტად ფამილარულად მკითხა, - წინა არჩევნებზე ვის მიეცით ხმა?

- ვახუშტი ვისზეც მიგვითითებდა, იმას! - არ დავიბენი მე.

- ვახუშტი ადრე სხვა პარტიას უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა პირობა მომცა, რომ არ დამაღალატებს, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა და წვრილად გამომკითხა, რამდენი კაცი ვართ ოჯახში, ვინ რას წარმოადგენს და ა.შ.

- არჩევნებში აქტიურად მონაწილეობთ? - ჩამეძია დეპუტატობის კანდიდატი.

- რა ვიცი, კენჭი არ მიყრია არასდროს და ისე მოქალაქეობრივად ვაქტიურობ, - ვუპასუხე "შუა ქალაქის" თამარ ღლონტივით.

ამ დროს რეგისტრატორმა პროფესიის თაობაზე დამისვა კითხვა და ჩემი მეორე პროფესია - იურისტობა გავიხსენე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი დატრიალდებოდა, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, რომ მეთქვა. თანაც, მომავალ დეპუტატთან "გულწრფელი" გასაუბრების შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ასე რომ, გრაფაში ჩემზე "დაუსაქმებელი" ჩაწერეს.

თანდათან გავთამამდი და ინფორმაციის მოპოვებაზე გადავედი.

- სამ თვეში კარგად მასწავლიან ინგლისურს? ჯგუფები დონეების მიხედვით შედგება? - მივაყარე შეკითხვები რეგისტრატორს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადამასხა ცივი წყალი.

- არა, ანბანიდან, ეი, ბი, სი-დან დაიწყება სწავლა - მიპასუხა მან. ცოტა არ იყოს, უკმაყოფილება გამოვხატე, მაზერ, ფაზერ ან სხვა მარტივი სიტყვები პირველკლასელმა ბავშვებმაც კი იციან და ჩემი დასაქმების პრობლემას ნამდვილად ვერ გადაწყვეტს-მეთქი, მაგრამ ჩემმა მომავალმა დეპუტატმა დამამშვიდა:

- ყველაფერი თქვენს ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული. მე მაგალითად, სამ თვეში ვერ ვისწავლე ინგლისური, არ აღმომაჩნდა მაგის ნიჭი!

სწორედ ამ დროს მაუწყეს, რომ 247-ედ სარეზერვო ჯგუფში ჩამრიცხეს.

- როცა განაწილება დაიწყება, რომელიმე ჯგუფში მოხვდებით, - დამაიმედა მერიის თანამშრომელმა.

- როდის დაიწყება განაწილება? მოესწრება ამ წელიწადში? - გავცხარდი მე.

ყველამ მხარი აიჩეჩა, რა ვქნათ, ვერაფერს გეტყვითო. მაშინ მომეცით ცნობა, რომ რეგისტრაცია გავიარე და სარეზერვო ჯგუფში 247-ე ვარ-მეთქი, "დოკუმენტი" მოვითხოვე.

- ცნობას ვერ მოგცემთ, მაგრამ კომპტიუტერულ ბაზაში უკვე ხართ, თქვენი ჯერი როცა მოვა, დაგირეკავთ, - უარი მტკიცა მერიის თანამშრომელმა.

- თქვენი ტელეფონის ნომერი მაინც მომეცით, თავად შეგეხმიანებით, - აღარ მოვეშვი "როლის თამაშს".

ძლივს "დამაწყნარეს" და მომაწოდეს ფურცლის ნაგლეჯი, ტელეფონის ნომრებით: 601092; 601093.

მამუკა გუგეშაშვილმა კი პატივი დამდო და როგორც შემდეგ დავადგინე, გიგა ბოკერიას ყოფილ თანაშემწეს, ამჟამად ნაციონალების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირს დაურეკა. ამასობაში დეპუტატობის კანდიდატისთვის ფოტოს გადაღებაც მოვახერხე.

- ჩემი ნაცნობი გოგონა სარეზერვო სიაში 247-ე ნომრად არის დარეგისტრირებული და თუ შეგიძლიათ, წინ გადასწიეთ, - სთხოვა გუგეშაშვილმა ბოკერიას ყოფილ თანაშემწეს.

- მხოლოდ 20 ადგილით წინ გადაწევა შეგვიძლია, 227-ე იქნება, - უპასუხეს მომავალ დეპუტატს.

- ეს თითქმის ერთი და იგივეა, გაეღიმა გუგეშაშვილს.

ასე დავრჩი კვლავაც 247-ე ადგილზე.

მომავალმა დეპუტატმა მომიბოდიშა:

- პირველი ნაკადი სანზონაში ძალიან დიდი იყო. ამიტომ ცოტა გრძელი რიგები დაგვიდგა და რა როგორ გადაწყდება, ჯერ არ ვიცით. ფაქტია, ეს პროგრამა წელს ვერ დასრულდება, არ ეყოფა რესურსი... პედაგოგების რაოდენობაშიც კი გავიჭედეთ. ამიტომ ახლა სკოლებთან მოლაპარაკება მიდის, რომ მათ ხარჯზე მასწავლებლებს საათობრივი დატვირთვა გაუზარდონ. ორიოდე კვირის მერე დამირეკეთ და რაღაცას მოგიხერხებთ.

კანდიდატმა პირადი ტელეფონის ნომერიც  ჩამაწერინა. თითქმის "კმაყოფილი" დავრჩი, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად მომავალ დეპუტატს მაინც ვკითხე:

- როცა დაგირეკავთ, როგორ გამიხსენებთ ან სხვებისგან რით გამომარჩევთ, ჩემი პაროლი იქნება - მე 247-ე.

- თქვენ ისეთი სახელი და გვარი გაქვთ, აუცილებლად გაგიხსენებთ, - დამამშვიდა გუგეშაშვილმა.

კარგია, რომ "კვირის პალიტრაში" ვმუშაობ და გაზეთის ჟურნალისტებს (ტელევიზიის ფეისებისაგან განსხვავებით) გარეგნობით ვერ ცნობენ, კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ჩემი სახელი და გვარი ადვილად ამახსოვრდებათ, მაგრამ იმათ რა ქნან, ვისაც მერიის გამოცხადებულ ამ ინიციატივაზე დასაქმების იმედი კი ჩაესახათ, მაგრამ ისევ მოტყუებულნი დარჩებიან.

ჩემსავით, ალბათ იმათაც მიანიჭებენ "სანუკვარ" ნომრებს - შენი პაროლი 257-ე, 267-ე, 387-ე და ა.შ. ამდენ ციფრებში ჩემი ნომერი არ დამავიწყდეს. ხო, ჩემი პაროლია 247-ეეე!!!