"ზოგს ეამაყება, ღატაკი ერქვას" - ვინ და რატომ ამბობს სამუშაოზე უარს?! - კვირის პალიტრა

"ზოგს ეამაყება, ღატაკი ერქვას" - ვინ და რატომ ამბობს სამუშაოზე უარს?!

"სიღატაკის კატეგორიის მქონე პირები უარს აცხადებენ სამუშაო ადგილებზე(?!)"

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-იის საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც უკვე დიდი ხანია მუშაობს სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმებაზე, აღნიშნავს, რომ ძალიან გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც არც სამსახური სურს და პროფესიული გადამზადების უფასო კურსის გავლასა და სხვა სოციალური ტიპის დახმარებაზეც უარს აცხადებენ. ეშინიათ, რომ თუ მუშაობას დაიწყებენ, სახელმწიფო შემწეობა მოეხსნებათ.

მაკა ტატუაშვილი, World Vision-ის დასაქმების სამსახურის მენეჯერი: - ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, გვითხრა, ავტომობილების შეკეთება შემიძლიაო. სამსახური მოვუძებნეთ, მაგრამ უარი გვითხრა, სახელფასო თანხა ბევრად არ აღემატება სოციალურ დახმარებას, რომელსაც ჩემი ოჯახი იღებსო და გასაუბრებაზეც არ მივიდა.

ერთ ბენეფიციარს, რომელსაც ძველმანებით ვაჭრობის გამოცდილება ჰქონდა, შევთავაზეთ ფულადი დახმარება, რათა ამ საქმისთვის კვლავ მოეკიდა ხელი. იუარა, სარეიტინგო ქულას ამიწევს და დახმარებას მომიხსნიანო. იმავე მიზეზით ოჯახები უარს ამბობენ ძროხებზეც და დაბნეულები, რამდენჯერ უკანვე წამოვსულვართ ჩვენს საჩუქართან ერთად.

არადა, ჯერ კიდევ იმ დროში, როდესაც სოციალური დახმარების პროგრამები არ არსებობდა, ვახერხებდით წელიწადში სულ ცოტა, 12 კაცის დასაქმებას, ახლა კი ოთხის დასაქმებასაც ვერ ვახერხებთ. არა იმიტომ, რომ სამუშაო ადგილს ვერ ვპოულობთ, თვითონ ამბობენ უარს - ეშინიათ, თუ სახელფასო ბარათებზე  თანხა დაერიცხებათ, ეს ავტომატურად გამოიწვევს დახმარების მოხსნას.

თეა სტურუა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი: - სიღარიბის კატეგორიის მქონეთა დეკლარაციებში მითითებული ასაკისა და სტატუსის მიხედვით, 420 000 ბენეფიციარიდან 250 ათასი შრომისუნარიანია. თუმცა, სამუშაოს მაძიებელი მხოლოდ 4500 კაცია რეგისტრირებული. მათგანაც ყველა როდი თანხმდება დასაქმებას. მხოლოდ ათასი კაცი გამოგვეხმაურა, დამსაქმებლებამდე კი 11 კაცი მივიდა. სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზე 6700-მა სოციალურად დაუცველმა გვითხრა უარი. მიზეზის ახსნას რომ ვთხოვთ, გაიძახიან, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელსო, თუმცა, სამედიცინო დოკუმენტი არა აქვთ.

სოციალური დახმარება უშრომელი შემოსავალია, რომლის მისაღებადაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ. ამასთან,

სოციალურად დაუცველთა ნაწილი ახერხებს არაფორმალურად დასაქმებას და ვერ ვიჭერთ ფაქტზე... შესაბამისად, აქვთ არალეგალური შემოსავალიც და სოციალური დახმარებაც.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც  სამსახურზე უარს ამბობენ, არის ისიც, რომ ეზარებათ სტრუქტურიზებულ სამუშაო რეჟიმში ჩართვა. უარის თქმის უმნიშვნელოვანესი მოტივია ძალიან დაბალი ხელფასებიც. სამუშაო ადგილებზე საშუალო ხელფასი არ სცილდება 300-500 ლარს. ამ ხელფასად კი არ უღირთ უშრომელად დანიშნული სოციალური დახმარების დაკარგვა. არადა, სოციალურ ბენეფიტებზე (შეღავათებსა და დახმარებებზე) დამოკიდებულება ძალიან მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფოს და ხელს უშლის მის განვითარებას.

- სოციალურად დაუცველები შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თუ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ სამსახურზე უარს იტყვიან, მოეხსნებათ დახმარება.

- თუკი უარს იტყვიან შესაძლებლობების, უნარების, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეთავაზებულ სამუშაოზე, ნამდვილად დადგება მათთვის სოციალური დახმარების მოხსნის საკითხი. ასე შევეცდებით  პროვოცირება მოვახდინოთ, რათა  მუშაობა დაიწყონ. თუმცა, ერთი ხელის მოსმით არავის შეუწყდება დახმარება. ვაფასებთ რისკებს, შემთხვევებს, რის გამოც სამსახურზე უარის თქმა შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს...

ფოცხოეწერში დროებითი დასაქმების პროგრამით,  საავადმყოფოს მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა კაცმა, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს, ცოლი ავად არის. სოციალური დახმარების გარდა არანაირი შემოსავალი არა აქვთ. ეს კაცი 300 ლარამდე ხელფასს იღებს. დავითვალეთ მათი სარეიტინგო ქულები და აღმოჩნდა, რომ ეს ხელფასი და სოციალური დახმარებაც კი ერთად საკმარისი არ არის ოჯახის სარჩენად.

სამი კაცი, რომლებიც ბოლო ხანს დავასაქმეთ, ძალიან რთულ კატეგორიას მიეკუთვნება. ერთი გოგონა დღეგამოშვებით მუშაობს, 180 ლარი რჩება. ეს ფული სოციალურ დახმარებასთან ერთადაც კი არ არის საკმარისი სრულფასოვნად ცხოვრებისთვის, მაგრამ მაინც კმაყოფილია, გვითხრა, - ახლა შემიძლია დამატებითი პურის ნაჭერი და მეტი წვნიანი ვჭამოო. ამ კატეგორიას როგორ მოუხსნი სოციალურ დახმარებას იმის გამო, რომ ხელფასს იღებს?! თუმცა, ამ სოციალურად დაუცველის სტატუსით ბევრი ისეთიც სარგებლობს, ვისაც ეამაყება, მეტიც, იბრძვის იმისთვის, რომ ღატაკი ერქვას.

რას გულისხმობს ქულების დათვლის ახალი მეთოდი

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტოს უფროსის გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, ახალი მეთოდოლოგიით ქულების დათვლის შედეგად მოსალოდნელია სოციალური დახმარების მქონეთა არმია გაიზარდოს. ამ ეტაპზე ბაზაში რეგისტრირებულია 420 000 კაცი...

სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღები შესაძლოა გახდეს ოჯახი, რომელსაც არა აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება, მაგალითად, დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი.

ქულებზე გავლენას არ მოახდენს პირველადი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხი მანქანა...

იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს მიიღებს ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი.