დეტექტივის დედოფალი
15-12-2014
დეტექტივის დედოფალი
თქვენ წინაშეა კლასიკური ინგლისური დეტექტივის ბრწყინვალე ნიმუშები

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ცნობილმა რუსმა კრიტიკოსმა, გაზეთ "კნიჟნოე ობოზრენიეს" რედაქტორმა ალექსანდრ გავრილოვმა ასეთი "იაღლიში" აღიარა: გასული საუკუნის ბოლოს, ლონდონში ყოფნისას, ცნობილ ინგლისელ მწერალს, "მიწისქვეშა ლონდონის" ავტორს, პიტერ ეკროიდს შეხვედრია, რომლის ისტორიულ-დეტექტიური რომანი "ელიზაბეთ ქრის პროცესი" იმ დროს ახალგამოსული და ძალიან პოპულარული იყო, და ასეთი სულელური კითხვა დაუსვამს:

- თქვენ გრძნობთ, რომ როდესაც დეტექტივს წერთ, "დაბალი რანგის" ჟანრზე ცდებით?
მწერალს თანამოსაუბრისთვის ისე შეუხედავს, როგორც
იმსახურებდა, და უპასუხია:
- ეს ინგლისური დეტექტივია! პირველი ინგლისური დეტექტივი დიკენსმა დაწერა და ჩვენ კლასიკურ ინგლისურ დეტექტივებზე ვსწავლობდით. ეს ნამდვილი ლიტერატურის ნიმუშებია!

ამ ამბავს, ალბათ, ახალი არაფერი უთქვამს ზოგადად კარგი ლიტერატურისა და კონკრეტულად დეტექტიური ლიტერატურის მოყვარულთათვის, მაგრამ ინგლისური დეტექტივის განსაკუთრებულობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისათვის გახსენებად მაინც
ღირდა.

ინგლისური დეტექტივის ოსტატები კი, ცხადია, უპირველესად ართურ კონან დოილი და აგათა კრისტი ბრძანდებიან და მათ შორის პირველობის გარკვევას აქ ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ამაზე კამათი ჯერ კიდევ 1926 წელს დაიწყო, როდესაც აგათა კრისტის მეშვიდე წიგნი, "როჯერ ეკროიდის მკვლელობა" გამოქვეყნდა და "დაპირისპირებული მხარეები" დღემდე ვერ შეთანხმდნენ. ისე კი, თუკი ეს ამ დავაში არგუმენტად გამოდგება (რატომაც არა?) ერთ "სტატისტიკურ მონაცემს" გავიხსენებ:
ბიბლიისა და შექსპირის ნაწარმოებების შემდეგ, აგათა კრისტის რომანები და მოთხრობები მესამე ადგილზეა ყველა დროის ყველაზე ხშირად გამოცემულ წიგნებს შორის - მსოფლიოს 100 ენაზე თარგმნილი სულ 4 მილიარდი ეგზემპლარია დასტამბული!

ასეთი შთამბეჭდავი რიცხვის მიუხედავად, საბედნიეროდ, ქართველ მკითხველს ჯერ კიდევ აქვს დოჩანაშვილის პერსონაჟისეული "პირველად წაკითხვის ბედნიერება", რადგან ჩვენდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, აგათა კრისტის 60-ზე მეტი რომანიდან მეოთხედიც კი არ არის ქართულად ნათარგმნი.

ცხადია, როდესაც აგათა კრისტის დეტექტივებს ვახსენებთ, აუცილებლად მისი ორი მთავარი პერსონაჟი, ორი დეტექტივ-მაძებარი - ერკიულ პუარო და მისის მარპლი გაგვახსენდება და ეს ბუნებრივიც არის: პუარო კრისტის 33 რომანში, 1 პიესასა და 54 მოთხრობაში მოქმედებს, მისის მარპლი ასეთი "პროდუქტიულობით" არ გამოირჩევა, მაგრამ არც ბევრი აკლია. ისე, ეს სხვაობაც ადვილად ასახსნელია: პუარო პირველივე რომანში, ანუ 1920 წელს "დაიბადა", ხოლო მისის მარპლი 10 წლით გვიან გამოჩნდა.

ასე რომ, ამ წიგნში შემოთავაზებული ორივე რომანი - "და აღარავინ დარჩა" და "მრუდე სახლი" - იმითაც არის საინტერესო, რომ იმ იშვიათთაგანს წარმოადგენენ, რომლებშიც არც პუაროა და არც მარპლი და ამის მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრისტი მათ გარეშეც ახერხებს მკითხველის "ჩათრევას" და იმას, რომ ბოლო გვერდებამდე "გაუგებრობაში" ამყოფოს.

"და აღარავინ დარჩა" მეორე, "პოლიტკორექტულობის" გამო დარქმეული სათაურია რომანისა "ათი პატარა ზანგი", რომელიც კრისტიმ პოპულარობის ზენიტში, 1939 წელს გამოსცა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში ერთდროულად და მაშინვე უზარმაზარი ტირაჟით გაიყიდა. ამ მაჩვენებლით ის დღემდე ლიდერობს კრისტის რომანებს შორის - 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული (სასიამოვნოა, რომ ამ მილიონებს ახლა "ქართული ათასებიც" შეემატება) და, ალბათ, დამსახურებულადაც, რადგან თვით აგათა კრისტი სწორედ "ათ პატარა ზანგს" თვლიდა თავის საუკეთესო ნაწარმოებად.
რაც შეეხება სათაურის შეცვლას: ამერიკელებს ის თავიდანვე უხერხულად მოეჩვენათ და რომანს "ათი პატარა ინდიელი" უწოდეს, ბევრ ქვეყანაში კი ეს შესანიშნავი ნაწარმოები სწორედ ამ სათაურით - "ათი პატარა ზანგი" - არის გამოცემული.

"მრუდე სახლი" 1949 წელს გამოქვეყნდა და ნაკლებად პოპულარულია მსოფლიოში. უნდა ითქვას, რომ ეს დიდი უსამართლობაა და ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ამ რომანს წაიკითხავთ. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ "მრუდე სახლის" ფინალი თვით აგათა კრისტის - კვანძის მოულოდნელი გახსნის დიდოსტატის სხვა ნაწარმოებებისგანაც კი გამორჩეულია და თუ დეტექტივებში კარგად გაწაფული მკითხველი, რომლის ერთ-ერთი "სპორტული ინტერესი" სიუჟეტის საიდუმლოების წინასწარ გამოცნობაა და ამას სხვაგან, ასე თუ ისე, ახერხებს, "მრუდე სახლში" ეს თითქმის შეუძლებელია.
მაშ, ასე, თქვენ წინაშეა კლასიკური ინგლისური დეტექტივის ბრწყინვალე ნიმუშები და თუკი ამ წინასიტყვაობის დასაწყისში ითქვა, ართურ კონან დოილსა და აგათა კრისტის შორის პირველობის გარკვევას აქ ნამდვილად არ ვაპირებ-მეთქი, ბოლოს მაინც შეიძლება იმის გახსენება, რომ ინგლისელებს (და, ალბათ, უნდა დავეთანხმოთ) ეს საკითხი "მშვიდობიანად" აქვთ გადაწყვეტილი: კონან დოილს "დეტექტივის მეფედ" მოიხსენიებენ, ხოლო კრისტის - "დეტექტივის დედოფლად".
lalo
25 დეკემბერი 2014 22:13
როგორც გემრიელ კერძს, ისე ,,ვაგემოვნებდი,, ხოლმე ამ ორი უდიდესი მწერლის მოთხრობებს)... რა კარგი იყო ბავშვობა(((
lena
16 დეკემბერი 2014 11:50
მოუთმენლად ველოდები. მიყვარს აგათა კრისტი. თანაც მის რომელიმე დეტექტივს პირველად რომ წაიკითხავ, რა საინტერესოა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები