"ჩვენ ისევ ომში ვართ..." - რეპორტაჟი ოკუპირებული ზონიდან - კვირის პალიტრა

"ჩვენ ისევ ომში ვართ..." - რეპორტაჟი ოკუპირებული ზონიდან

"მთებზე რუსები დგანან, ტყეში ვერ შეხვალ, საზღვართან ახლოსაც ვერ გაივლი. შორიდან რომ მოიტანო შეშა, ტრანსპორტირების ფული გჭირდება. ძალიან ცუდი დრო დადგა"

რუსებმა 2008 წლიდან სოფელში ახალი რეალობა შექმნეს, ახლა სამი ხურვალეთი არსებობს: დევნილების დასახლება, ძველი სოფელი და ხურვალეთის ნაწილი, რომელიც რამდენიმე მოსახლესთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებში მოაქციეს

"სახელმწიფო დაგვპირდა, რომ ზამთარში ბუნებრივი აირი გვექნებოდა. არადა, დანაპირების შესრულებას პირი არ უჩანს. შემოგვითვალეს, თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ვერ მოვასწრებთ, ოჯახს 200 ლარს მოგცემთ და შეშის ღუმლით გათბითო, თუმცა, ეს 200 ლარიც არ მოუციათ. სოფელს უჭირს, რითი შევიძინოთ შეშა", - გვწერენ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტებმა მავთულხლართით ორად გაყვეს.

საწინააღმდეგოს ვკითხულობთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოდგენილ ანგარიშში: "ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად 11 440 ოჯახს (50 სოფელი) გადაეცა 200-200 ლარი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 288 000 ლარი; მიმდინარეობს 58 სოფლის (13 375 კომლი) გაზიფიცირება, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 19 მლნ ლარი. გაზიფიკაციის სამუშაოები უკვე დასრულდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების უმრავლესობაში (16 სოფელში), ხოლო დანარჩენში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. –ჩატარდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია..."

ხურვალეთში შექმნილი მდგომარეობის სანახავად სოფელს ვესტუმრეთ. სოფლის შესასვლელში, სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტში გვიხსნიან, რომ კონფლიქტის ზონაში ვართ, ამიტომაც სიფრთხილე გვმართებს.

მოუხრეშავი გზა ძველი სოფლისკენ მიდის, გზის მარცხენა მხარეს კი ახალი სოფელია, ახალი ხურვალეთი, დევნილების დასახლება - სამასამდე კოტეჯი. ზოგმა სახლი გააფართოვა, ზოგმა ბაღი გააშენა, ზოგმაც ბოსელი ჩადგა.

აქ უკვე დასრულებულია გაზიფიკაცია, თუმცა, ბუნებრივ აირს ამაოდ ელიან. დაჰპირდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში გაზს ჩაურთავდნენ, თუმცა, დეკემბერი მთავრდება და სოფლელები ეჭვობენ, რომ წელს გაზი არ ექნებათ. სანამ ძველ ხურვალეთშიც არ დასრულდება გაზიფიკაციის პროცესი, ალბათ, ლოდინი მოგვიწევსო, ამბობენ, არადა, შიდა ქართლში ზამთარი მკაცრია და მოსახლეობამ ისევ შეშის მომარაგება დაიწყო.

სხვა დევნილების მსგავსად, ძმებმა ზაზა და ზვიად გუდაძეებმაც, აქვე, ტანას ხეობის ტყეში მოჭრეს ხეები და ახლა ღუმლის ზომაზე ჭრიან.

ზვიად გუდაძე: - გაზი რომც გვქონდეს, დიდი იმედი მაინც არ მაქვს, რომ გავთბებით. სოფელ ბერბუქში ჩართეს, მაგრამ ისეთი დაბალი წნევა აქვს, ერთ ოთახზე მეტს ვერ ათბობს. ეს კოტეჯი 56 კვმ-ია, მაგრამ კედლები და იატაკი თხელი აქვს და მისი გათბობაც ჭირს, ამიტომ შეშა მაინც დაგვჭირდება. მე რომ მკითხოთ,

სახელმწიფოს ჯერ სარწყავი წყლის პრობლემა უნდა მოეგვარებინა, თორემ მიწა გვაქვს და ვერ ვამუშავებთ, რადგან სარწყავი წყალი არ არის.

როდემდე უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ფულადი დახმარების იმედზე? თუმცა, ეგეც აღარ გვაქვს. როგორც იქნა, მუშაობა დავიწყე და მაშინვე მომიხსნეს სოციალური დახმარება. ხუთ თვეში სამსახურიდანაც წამოვედი - ხარჯი დიდი იყო, შემოსავალი - მცირე და არ ღირდა. ახლა დევნილობის დახმარებას, ას ლარზე ცოტა მეტს ვიღებთ, ეგ არის ჩვენი შემოსავალი.

შრომა არ გვეზარება, მთავარია, სახელმწიფომ ისეთი ინფრასტრუქტურა შეგვიქმნას, რომ თვითონ შევქმნათ დოვლათი.

ოკუპანტებმა 2008 წლიდან სოფელში ახალი რეალობა შექმნეს და გლეხები ამბობენ, რომ ახლა სამი ხურვალეთი არსებობს: დევნილების დასახლება, ძველი სოფელი და ხურვალეთის ნაწილი, რომელიც რამდენიმე მოსახლესთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებში მოაქციეს. სწორედ ასეთია დავით და ვალია ვანიშვილების ოჯახი. მათი სახლი და ეზო ყველაზე ახლოს არის მავთულხლართთან, თუმცა, 80 წელს მიტანებული დავითი და 75 წლის ვალია ე.წ. საზღვართან მოახლოებას ვერ ბედავენ. მათ იციან, რომ შეიძლება ეს ძვირად დაუჯდეთ. დავითმა გამოცადა კიდეც ტყვეობის სიმწარე,რუსებმა იმის გამო წაიყვანეს ცხინვალის ციხეში, რომ მავთულხლართს გადაღმა მდგომებს თავის სატკივარს უზიარებდა. თუ ფულს არ გადაიხდი, ციხიდან არ გამოგიშვებენ, მოხუცებს და მათთან მცხოვრებ 25 წლის შვილიშვილს კი ფული არ აქვთ. ვალია ბებო შორიდან გვეძახის, წადით, შარში ნუ გაგვხვევთო, თუმცა, გული მაინც არ უთმენს და შორიდან გველაპარაკება.

- ჩემი ქმარი რუსებთან მივიდა, ცოლი თბილისში ექიმთან უნდა წავიყვანო და გადამიშვითო. ცხინვალში წადიო, უთხრეს. აბა, იქ ვისთან წავიდე, ვინ მოგვხედავს.

მგონი, საქართველოც უარს ამბობს ჩვენზე. პენსია მომიხსნეს. ფული არ გვაქვს, ლარი კიდეც რომ გვქონდეს, აქ მაგას ძალა არ აქვს.

ხალხი მენატრება, მეზობლები, ნათესავები. ამ მავთულით თითქოს ცოცხლად დაგვმარხეს“- ვალია ბებოს ხმა წყდება. შორიდან ვხედავთ, როგორ მიაქვს ხელი ჯერ თვალებთან, მერე კი დამშვიდობების ნიშნად გვიქნევს.

ჩემი მეგზური, ქართულ-ოსური არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" წარმომადგენელი მიამბობს, რომ მოხუცებს საჭმელ-სასმელს საზღვრის აქეთ დარჩენილი ქალიშვილი ჩანთებით აწვდის.

სოფლის დიდი ნაწილი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არის, თუმცა, ფაქტობრივად, რუსული საოკუპაციო საზღვრის ტყვეობაშია. ოკუპანტები ქედზე დადგმული საგუშაგოებიდან ადევნებენ თვალყურს მთელ სოფელს.

სოფლის სკოლის ეზოში კაცები ფიჩხს აგროვებენ.

ნუგზარ მუზაშვილი: - სახელმწიფომ - შეშის ფულს მოგცემთ, 200 ლარსო, მაგრამ ახლა მაგ ფასად რა შეშაც მოგვივა, ერთ კვირას არ გვეყოფა. დაგვიანდა, ფასი გაიზარდა. ერთი "მარშრუტკა" რომ აავსო შეშით, 250 ლარი უნდა და ისიც ორ კვირას გვყოფნის.

- ახლა რითი თბებით?

- ბაღში რის დაჭრაც შეიძლებოდა, დავჭერით,  ვიფიქრეთ, გაზს ჩართავდნენ და შეშის თადარიგი არ დავიჭირეთ. კიდეც რომ დაგვეჭირა, რას გავხდებოდით? აბა, გახედეთ, მთებზე რუსები დგანან, ტყეში ვერ შეხვალ, საზღვართან ახლოსაც ვერ გაივლი. შორიდან რომ მოიტანო შეშა, ტრანსპორტირების ფული გჭირდება. ძალიან ცუდი დრო დადგა. როცა მეურნეობას ვამუშავებდით, არავისი დახმარება არ გვჭირდებოდა. ახლა ვეღარაფერი მოგვყავს, რადგან სარწყავი წყალი აღარ გვაქვს და გამოფიტული მიწა მოსავალს არ იძლევა. სანამ მიწას ძველი ძალა მოსდევდა, გვაჭმევდა, ახლა კი...

თემურ ბატონისაშვილი: - ჩვენ ისევ ომში ვართ. ძროხაც კი, ამ დაწყევლილ საზღვარზე რომ გადავიდეს, თუ იქით ვინმეს არ ვეხვეწეთ და უკან არ გამოგვიგდო, დაკარგულია. რუსებმა საზღვართან ახლოს თუ წაასწრეს ვინმეს, ვინც მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასული ძროხის უკან გადაყვანას ცდილობს, იარაღის მუქარით პატრონიც იქით გადაჰყავთ, ფოტოებს უღებენ, როგორც საზღვრის დამრღვევს და ძროხის ან სხვა საფასურის გადახდის შემდეგ უშვებენ შინ.

- ვინ გეხმარებათ ხოლმე საქონლის უკან დაბრუნებაში?

- საზღვრის იქით დარჩენილი ოსები. სულით და გულით ჩვენკენ არიან, მაგათ დიდი პენსია აქვთ, ამიტომაც პოლიტიკოსებს წინააღმდეგობას არ უწევენ. ზოგიერთი აქაურ პენსიასაც იღებს. მთავარია, რუსებს გამოეპარონ, თორემ საქართველოს ტერიტორიაზე ხმას არავინ სცემთ.

დავით ხუროშვილი: -  მთელი სოფელი სოციალურად დაუცველია. გაზი რომც გვქონდეს, ვერავინ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ მუდმივად ენთოს და გათბეს. ხალხს მშვიდობა და სარწყავი წყალი სჭირდება და თვითონ მიხედავს თავს.

ხურვალეთიდან წამოსულმა გორში ვცადე, გამერკვია, ვინ და რატომ მოუხსნა პენსია ვანიშვილებს. როგორც გაირკვა, მოხუცებისთვის პენსია კი არა, სოციალური დახმარება მოუხსნიათ. რა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ ვანიშვილების ოჯახი გამდიდრდა-მეთქი? - ვიკითხე. გამგეობაში დამაიმედეს, ალბათ, აღუდგენენო, მაგრამ მავთულხლართებს იქით ვანიშვილებთან სოცაგენტს ვინ გადაუშვებს...

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ონიაშვილს, უკვირს, რომ ხურვალეთში მოსახლეობას შეშა არ აქვს. „ტანას ტყეში კარგა ხნის წინ დაინომრა ხეები, შეეძლოთ სპეციალური ტალონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ბანკში ან რეინჯერთან აეღოთ და შეშა მოეჭრათ, ამის შესახებ ყველა გავაფრთხილეთო, მითხრა. არადა, ეს მხოლოდ დევნილთა დასახლებაში იცოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თამაზ გვიმრაძე კი აცხადებს, რომ დევნილებს გაზს უახლოეს მომავალში ჩაურთავენ და მათი ბუნებრივი აირით მომარაგება სოფელ ძველ ხურვალეთში გაზიფიკაციის პროცესის დასრულებაზე დამოკიდებული არ არის.