"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"
15-12-2014
"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"
"თუ დადასტურდება, რომ ძაღლი დაავადებულია, ინიექციით ვაძინებთ. თუ არ არის დაავადებული, ვაქვეყნებთ ინფორმაციას და ვცდილობთ, ვინმეს მივაბაროთ. თუ მსურველი არ გამოჩნდა, ძაღლს ვუკეთებთ სტერილიზაციას, რომ არ გამრავლდეს, ვცრით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ყურზე ვუკეთებთ ე.წ. ბირკას, სადაც აღნიშნულია მისი ნომერი და ვუშვებთ..."

რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. მოზარდი მაწანწალა ძაღლმა დადორბლა, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვა. ბევრი ამბობს, რომ მაწანწალა ძაღლების დახოცვა გამოიღებს შედეგს და ხალხს საფრთხე აღარ დაემუქრება.
2010 წელს თბილისის მერიის ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "პირველმა ვეტერინარმა", რომლის მოვალეობაც დაავადებული ძაღლის მკურნალობა, ან, თუ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, მისი ინიექციის გზით დაძინება იყო. მაგრამ კომპანიამ ორხევში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო - სასტიკი მეთოდით ხოცავდნენ ცხოველებს, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი დაავადებული. 2010-2012 წლებში
ასეთი გზით 85 ათასი ძაღლი განადგურდა, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.

ლერი ქვარაია, ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

- ბოლო 5 თვეში 112-ში მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლების თაობაზე 10 558 ზარი დაფიქსირდა.
როგორც წესი, ხალხი ამბობს, რომ ცხოველი აგრესიულია, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ მაშინ არიან საშიში, თუ ადამიანი ცუდად მოექცევა, ჭამის დროს წაადგება თავზე ან ძალიან ახლოს მივა. კინოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანოს თუ არა ცხოველი თავშესაფარში, სადაც ვუტარებთ გამოკვლევას. თუ დადასტურდება, რომ დაავადებულია, ინიექციით ვაძინებთ. თუ არ არის დაავადებული, ვაქვეყნებთ ინფორმაციას და ვცდილობთ, ვინმეს მივაბაროთ. თუ მსურველი არ გამოჩნდა, ძაღლს ვუკეთებთ სტერილიზაციას, რომ არ გამრავლდეს, ვცრით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ყურზე ვუკეთებთ ე.წ. ბირკას, სადაც აღნიშნულია მისი ნომერი და ვუშვებთ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში 50 ათასამდე მაწანწალა ძაღლი და ორი ამდენი კატაა, მაგრამ ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან საქართველოში ასეთი კვლევა არასოდეს ჩატარებულა. მალე  ჩატარდება და ზუსტი ციფრი გვეცოდინება.

ძაღლი მშვიდ, ოჯახურ გარემოში წელიწადში ერთხელ 5-6 ლეკვს ყრის, მაწანწალობის დროს კი ორჯერ მრავლდება და შესაძლოა, 10-12 ლეკვიც დაყაროს.

- ორხევში ისევ არის ძაღლების სასაკლაო?
- მაშინ ამ სფეროს კერძო სტრუქტურა კურირებდა.
მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ძაღლი დაეჭირათ, რადგან თითოეულ ცხოველში თანხას იღებდნენ. ხოცავდნენ მხოლოდ ხვადებს, რომ მაწანწალა ძაღლები ისევ გამრავლებულიყნენ და შემოსავალი მუდმივად ჰქონოდათ.

ჩვენ პოპულაციის უსაფრთხო რაოდენობამდე შემცირება გვინდა.

- როგორ დაიცვან მოქალაქეებმა თავი ცხოველთა აგრესიისგან?
- ცხოველის გაღიზიანების მიზეზი ხშირად ადამიანი ხდება. თუ ძაღლი ბუნკერთან იკვებება, თქვენ კი ძალიან ახლოს ჩაივლით, შესაძლოა, აგრესია გამოავლინოს. საჭიროა, ნაგვის გადაყრის შემდეგ ბუნკერს თავი დავახუროთ, ფანჯრიდან ნაგავი არ გადმოვყაროთ, რომ იმ ადგილს ძაღლი არ მიეჩვიოს და ჭამის დროს გამვლელები არ დაკბინოს. ჩვენი მოქალაქეების დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით... ამას წინათ ძაღლების მუნიციპალურმა თავშესაფარმა ერთი მაწანწალა ძაღლის - ჯუნას ფოტო გაავრცელა მისი გაჩუქების მიზნით. იგი უკვე წაიყვანეს კეთილმა ადამიანებმა... იმედია, მალე მოგვარდება პრობლემა და ქუჩაში მხოლოდ აცრილი და ხალხისადმი კეთილად განწყობილი ძაღლები დარჩებიან.

ცოფის ვირუსი

ცოფის ვირუსი ჯერ კიდევ 500 წლის წინ, 1514 წელს აღწერეს ესპანელმა კონკისტადორებმა, მაგრამ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა მე-19 საუკუნემდე არ არსებობდა. ლუი პასტერმა 1885 წელს შექმნა ვაქცინა, რომელსაც დღესაც ანტირაბიულ იმუნოგლობულინთან ერთად იყენებენ. ცოფით დაინფიცირების შემდეგ რაც უფრო დროულად აიცრება ადამიანი, მით მეტია მისი გადარჩენის შანსი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ცოფის ვირუსით წელიწადში 55 ათასი ადამიანი იღუპება. ყველაზე მეტი შემთხვეევა აზიასა და აფრიკაში გვხვდება. დაავადება არასდროს დაფიქსირებულა ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

ცოფის ვირუსის მატარებელია შინაური ან გარეული ცხოველი. დაავადებულ ცხოველთან ურთიერთობისას ვირუსი ადამიანზე გადადის, ნერვული უჯრედების გავლით ვრცელდება და სანერწყვე ჯირკვლებსა და თავის ტვინის ქერქს აღწევს. ვირუსი იწვევს თავის ტვინის ანთებას. შემთხვევათა 60%-ში საინკუბაციო პერიოდი 20-90 დღეა, ხოლო 30%-ში დაავადება 6 თვის შემდეგ იჩენს თავს.

მარი ჯაფარიძე
una
10 იანვარი 2015 17:25
ძალიან მიყვარს ცხოველები მაგრამ ქუთაისში ისეთი ტრაგედია დატრიალდა, მაწანწალა ძაღლის დადორბვლის შედეგად 24-ე საჯარო სკოლის პირველკლასელი ბავშვი გარდაიცვალა. ასეთი ქუჩის ცხოველებით, სავსეა სკოლის ტერიტორია. არაერთი თხოვნის მიუხედავად ყურადღება ნული... რაშია გამოსავალი? რით უნდა დავიცვათ ბავშვები? თუ როგორც პირველყოფილებმა ფიწლებით და შუბებით ვიაროთ სკოლაში.
SH.P.S. NIKORA
21 დეკემბერი 2014 14:11
გლდანის საშაურმე დაიხურა?.... თუ რატო მომრავლდა ისევ ეს ძაღლები....
n-s
19 დეკემბერი 2014 10:38
არ ხარ ღირსი ერთმა ციფიანმა ძაღლმა რომ გიკბინოს?

რედაქტორის რჩევით