სახიფათო მაშხალები! - დამწვრობის ცენტრში 30-მდე პაციენტი მოათავსეს - კვირის პალიტრა

სახიფათო მაშხალები! - დამწვრობის ცენტრში 30-მდე პაციენტი მოათავსეს

შარშან, ახალი წლის დღეებში, თერმული დაზიანებით დამწვრობის ცენტრში 30-მდე პაციენტი მოათავსეს

რამდენიმე დღის წინ იოსებიძის ქუჩაზე სკოლიდან გამოსული მოსწავლეები საახალწლო მაშხალების აფეთქებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ზოგიერთს ისეთი ხმა ჰქონდა, სუსტი ნერვების პატრონი, ალბათ, ვერც გაუძლებდა.

ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე მაშხალის აფეთქების შედეგად 70 წლამდე ასაკის ქალბატონს, რომელიც სამი-ოთხი წლის შვილიშვილთან ერთად მოდიოდა, შიშისგან გული შეუწუხდა, შეშინებულ პატარას კი ისტერიკული ტირილი აუვარდა. ბებია-შვილიშვილის მოსულიერებას ჩემთან ერთად რამდენიმე გამვლელი ცდილობდა. როგორც შემდეგ გავიგეთ, ქალბატონს გულის იშემიური დაავადება ჰქონია. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ბებია-შვილიშვილი შინ ტაქსით გავაცილეთ.

ეს შემთხვევა შეიძლებოდა ტრაგიკულად დასრულებულიყო.

დასაშვებია თუ არა არასრულწლოვნებისთვის საახალწლო ფეიერვერკებისა და მაშხალების მიყიდვა?

იურისტებმა გვითხრეს, რომ არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა კანონით აკრძალული არ არის, ამით კი მოვაჭრეები სარგებლობენ და სკოლებთან მაშხალებს სარფიანად ყიდიან...

ხმაურის შესახებ კანონი კი ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღეს, თუმცა, კონტროლისა და აღსრულების მექანიზმზე აქამდე არავის უფიქრია. ვიდრე საკრებულო ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებაზე მუშაობს, ქუჩაში წინასაახალწლო ბათქაბუთქი გრძელდება და გამვლელებს გულს უხეთქავს.

ერთი სიტყვით, თუ  მოულოდნელად თქვენს ფეხებთან საახალწლო მაშხალა აფეთქდა და თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა, პასუხს ვერავის მოსთხოვთ...

როგორც მედიკოსები ამბობენ, ზოგიერთ პიროტექნიკას ისეთი ძლიერი ხმა აქვს, თქვენს შორიახლოს აფეთქებულმა მაშხალამ, შესაძლოა, გულის წასვლა, ნერვული შეტევა ან პანიკა გამოიწვიოს.

შარშან, ახალი წლის დღეებში, თერმული დაზიანებით დამწვრობის ცენტრში 30-მდე პაციენტი მოათავსეს. ცოტა ხნის წინ აჭარაში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი სწორედ საახალწლო მაშხალების აფეთქებაა. ხანძარი ფეიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა და მას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-მდე მაღაზია კი დაიწვა.

მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებს პიროტექნიკას ნუ უყიდიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი