ჩამოწერილი ინვენტარი სანაგვეზე ყრია... უპოვართათვის ერთი სკამიც ვერ გაიმეტეს
22-12-2014
ჩამოწერილი ინვენტარი სანაგვეზე ყრია... უპოვართათვის ერთი სკამიც ვერ გაიმეტეს
ინვენტარი სანაგვეზე - "ერთი სკამი ვერ გაიმეტეს ჩემთვის"

"ეს ნივთები აქ ერთ წელზე მეტია, ყრია - წვიმა, თოვლი და მზე ავერანებს. აქაურებს ვთხოვე, ერთი მაცივარი და სკამი მომეცით, მადლია-მეთქი და უარი მითხრეს, - ეს პოლიციის კუთვნილებაა და თუ რამეს უნებართვოდ აიღებ, დაგიჭერენ ქურდობისთვისო"



ამას წინათ, დიღმის მასივში, მეორე კვარტალიდან, პოლიციის სამმართველოს გვერდის ავლით, გზა შევიმოკლე. სამმართველოს შენობასთან ავტოსადგომია, სადაც მხოლოდ თანამშრომელთა მანქანებს აჩერებენ. იქვე ბილიკი ადის, რომელიც მცხეთისკენ მიმავალ დიღმის
ტრასას უერთდება. ავტოსადგომზე უამრავი ხარახურა შევნიშნე. კომპიუტერისა და საოფისე მაგიდები, საოფისე სკამები, რამდენიმე მაცივარი, რომელთაგან ერთი სულ ახალივით გამოიყურებოდა, უჟანგავი ლითონისგან დამზადებული მერხები და ამ ნაგვის გროვის თავზე დიდი ბანერი იდო, წარწერით - პოლიცია. შევჩერდი და ამ უზარმაზარ ნაგვის გროვას დავაკვირდი.

მივხვდი, ეს იყო ჩამოწერილი
ინვენტარი, რომელიც ახლით შეცვალეს, ძველი სამმართველოს შენობიდან გამოიტანეს და მოედანზე დაყარეს... რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო სტუქტურებში სიახლეა, თუნდაც ეს ინვენტარს ეხებოდეს, მაგრამ გამოყენებული ნივთების ღია ცის ქვეშ დაყრა მართებული არ უნდა იყოს.
როცა გადაყრილ ნივთებს ვაკვირდებოდი, ასაკოვანი ქალბატონი მომიახლოვდა:

- ეს ნივთები აქ ერთ წელზე მეტია, ყრია - წვიმა, თოვლი და მზე ავერანებს. აქაურებს ვთხოვე, ერთი მაცივარი და სკამი მომეცით, მადლია-მეთქი და უარი მითხრეს, - ეს პოლიციის კუთვნილებაა და თუ რამეს უნებართვოდ აიღებ, დაგიჭერენ ქურდობისთვისო. ერთი სკამი ვერ გაიმეტეს ჩემთვის, არადა მაგიდები და სკამები ისეთ მდგომარეობაში იყო თავიდან, რომ გაჭირვებული ადამიანი გამოიყენებდა. მაცივრებიც მუშა მდგომარეობაში იქნებოდა, აბა, ამდენი ერთად ხომ არ გაფუჭდებოდა? უკეთესები იყიდეს და ესენი გადასაყრელად გაიმეტეს. ამ გზით დავდივარ ყოველდღე და გული მწყდება, რომ ნივთები, რომელიც მე ასე მჭირდება, უპატრონოდ ყრია. ადრე ამ გროვის ზევიდან ერთი ძალიან კარგი სკამი ეგდო, ყოველდღე მისი ყურებით ვტკბებოდი და წარმოვიდგენდი, ჩემს სახლს როგორ მოუხდებოდა. მერე ალბათ, ვიღაცამ მოიპარა... მაცივრებიც უფრო მეტი იყო, ახლა რამდენიმე დარჩა. თუმცა, აქედან რაიმეს მოპარვა ძალიან ძნელია, გარშემო დაცვა დგას და ვერაფერს გამოაპარებ. 

მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფოტოგრაფმა ჩემი ნაამბობის დამადასტურებელი ფოტოები გადაიღო, შს სამინისტროს დავუკავშირდით, შეგვპირდნენ, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, თუმცა, შემდგომში ამაოდ ვცდილობდი მათთან დაკავშირებას. მეორე დღეს ადგილზე ისევ მივედი - მთელ ნაგვის გროვას უკვე ლურჯი "ბრეზენტი" ჰქონდა გადაფარებული.

ემზარ ჯგერენაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის დოცენტი: - მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ორგანიზაციაში ინვენტარის ჩამოწერა მოხდება, თუ გამოუსადეგარია, ლიკვიდაციას ექვემდებარება. თუ მისი გამოყენება შესაძლებელია, ორგანიზაციას შეუძლია, აუქციონზე გაყიდოს და ფული ბიუჯეტში დააბრუნოს. ასევე, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, გააჩუქოს, თავისი შეხედულებისამებრ - დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს... თუ ჩამოწერილი ინვენტარი ღია ცის ქვეშაა დაყრილი და ზემოთ ჩამოთვლილი პირობიდან არც ერთი არ არის შესრულებული, ეს აღნიშნული ორგანიზაციის დანაშაულებრივი ქმედებაა...

მარი ჯაფარიძე
ლია არაბული
09 იანვარი 2015 15:26
მარტო გარეთ გადაყრილი ნაგავი კი არა, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ნაგავში დაეძებს მოქალაქე საჩირო ნივთებს და არა შესაბამის მაღაზიებში. როდემდე,,, და რომელი ერთი უნდა ითმინო ადამიანმა...ამდენი წლების არც ერთმა მთავრობამ ხალხზე არ იზრუნა, მივაფურთხე ასეთ პოლიტიკას რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე არ არის გათვლილი. მთავრობის სწორი მუშაობა ქვეყანას უნდა ეტყობოდეს, გაპარტახეული,ხალხისგან დაცლილ ქვეყანაში ვინც დარჩა სულს ღაფავს,,,ან აქ ამის წერას რა აზრი აქვს,,,მაინც არაფერი შეიცვლება. საწყალი ჩვენი ქვეყანა და ხალხი ვაიპატრონების ხელში
tata
25 დეკემბერი 2014 08:27
HMM-ს....კიტხვა იცი?ქალი ამბობს,ვტხოვე და არ მომცესო.სატვალე გაიკეტე ტუ ვერ ხედავ ტვალებიდან
avaza
24 დეკემბერი 2014 20:42
ჩვენი საშველი არც ყოფილა და არც იქნება. ერთი დიდი გაუტანელი ერი ვართ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები