პეპლების უნიკალური კოლექცია - კვირის პალიტრა

პეპლების უნიკალური კოლექცია

სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ქართულ აბრეშუმს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ - ხარისხით არც ინდურ აბრეშუმს ჩამოუვარდებოდა და არც ჩინურს, დღეს კი მისი სახელი მხოლოდ ხსოვნასა და თბილისის აბრეშუმის მუზეუმშია შემონახული. თუმცა, ერთი კინოგმირისა არ იყოს, აქედან ვერ ამოშლიო, რომ ამბობს და თავზე ხელს იდებს - ქართული აბრეშუმის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ცნობიერებიდან ვერაფერი ამოშლის... 1887 წელს საფუძველი ჩაეყარა აბრეშუმის მუზეუმს, იქამდე კი...

ახალგაზრდა ბუნებისმეტყველი და დიპლომატი ნიკოლაი შავროვი რუსთა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ დავალებით გამოგზავნა საქართველოში - ან ქართული აბრეშუმის წარმოება ააღორძინე ჩვენს საკეთილდღეოდ, ან ჩინს დაემშვიდობეო. რა თქმა უნდა, შავროვი ჩინს უფრთხილდებოდა და საქართველოში გამოემგზავრა. თბილისში ჩამოვიდა და პირკატა ეცა - დაავადება პებრინა ქართულ აბრეშუმის ჭიას მუსრს ავლებდა. ამ ამბით შეფიქრიანებულმა იმპერატორმა შავროვი 1884 წელს ევროპაში მიავლინა მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის ჭიის დაავადებების შესასწავლად. ლიონის აბრეშუმის მუზეუმით აღფრთოვანებულმა ახალგაზრდა კაცმა განაცხადა, - რადაც უნდა დამიჯდეს, თბილისში ზუსტად ასეთი მუზეუმი უნდა ავაგოო! ააგო კიდეც. ცნობილ ხითხუროებს მუზეუმისთვის მუხის ავეჯი შეუკვეთა,  ბიბლიოთეკის  კარადები უძველესი წიგნებით გამოავსო. შავროვიც ამ ბიბლიოთეკაში იჯდა და წერდა შრომებს მეაბრეშუმეობის განვითარებაზე. შემდეგ ის დიპლომატიურ სამსახურში გადაიყვანეს, მუზეუმმა კი მისი მაგიდა, სავარძელი და სხვა უნიკალური ნივთები ხელუხლებლად შემოინახა. ამ საგანძურის ნაწილია საუკუნე-ნახევრის ულამაზესი სიფრიფანა აბრეშუმხვევია პეპლებიც, რომლებიც კოლექციონერებმა საკმაოდ ძვირად მიჰყიდეს შავროვს - მას სურდა, თბილისის მუზეუმი  მდიდარი ყოფილიყო.

ასე შეიქმნა მშვენიერი და სევდის მომგვრელი განძი - სილამაზე პეპელასავით სწრაფად წარმავალია, სამაგიეროდ, მთელ სიცოცხლედ ღირს. მუზეუმის თანამშრომელს, ქალბატონ მარინა გონაშვილს სწორედ ამ სილამაზეზე ვესაუბრეთ:

- მუზეუმში უამრავი უნიკალური ნივთია, მათ შორის პეპელებიც. ჩვენი პეპლები უპირველესად იმით არის საინტერესო, რომ მუზეუმის თანადროული არიან. შავროვმა მუზეუმის უნიკალური საგანძურის კოლექცია ხომ შექმნა, მსოფლიოს უძველესი აბრეშუმის პარკის ჩათვლით, პეპლების კოლექციებიც იყიდა. მათ შორის არის ლიონის აბრეშუმის საცდელი ლაბორატორიის ნიმუშების კოლექცია; პარიზის აკლიმატიზაციის ბაღის ზოოლოგიური მუზეუმის  ტროპიკული ნიმუშების კოლექცია; ლაიფციგში, ერნესტ ჰაინესგან შეძენილი ტროპიკული პეპლების კოლექცია, ალბერტ ზაიცის კოლექცია... ამ უკანასკნელის ილუსტრირებული წიგნები დღემდე არ კარგავს მნიშვნელობას. მან მუზეუმს თავისი შეგროვებული ევროპული და კავკასიური აბრეშუმხვევია პეპლების ნიმუშებიც აჩუქა. ამას დავუმატოთ თბილისის კავკასიის მუზეუმისგან ნაჩუქარი პეპლები, ჩვენი თანამშრომლებისაგან ათეული წლების მანძილზე შეგროვებული აბრეშუმხვევიები, კოლექციონერ ვალერი პეტროვის პეპლები და ძალიან მდიდარი, თავმოსაწონი კოლექცია გამოვა.

- ყველა ეს პეპელა აბრეშუმის პეპლის წინაპარია?

- ყველა ეს პეპელა აბრეშუმისებურ ძაფს ქსოვს. აბრეშუმის პეპელა ადამიანმა 5000 წლის წინ შინ შემოიყვანა და ისეთი საოცრება შეაქმნევინა, როგორიც აბრეშუმის ძაფია. აბრეშუმის ჭია ერთი პარკის ამოსახვევად თავს 400 000-ჯერ ატრიალებს და 60 000 "რვიანს" აკეთებს!

- იყო წლები, როცა მუზეუმს სახელმწიფო ვერ პატრონობდა და ბევრს თვალი მის დასაკუთრებაზე ეჭირა. ამ დროს თქვენი პეპლები რა დღეში იყვნენ?

- იყვნენ სარდაფში და ზიანდებოდნენ. ზოგს  ტანი დაუზიანეს მავნებლებმა, ზოგს - ფრთები... როცა საშუალება მოგვეცა, მოვიწვიეთ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები - ეთერ დიდმანიძე და ვალერი პეტროვი. მათ შეაფასეს კოლექციის მდგომარეობა. ბატონმა ვალერიმ კოლექციის აღდგენა რომ დაიწყო, უნიკალური პეპლები თავისი კოლექციიდანაც დაგვიმატა.

- ახლა რამდენი პეპელაა?

- 161 სახეობის 314 პეპელა, აქედან 138 - აღდგენილია...

დავემშვიდობე ქალბატონ მარინას, თქვენ კი ის სილამაზე წამოგიღეთ, რომლის მსგავსსაც ყოველდღე ვერ ნახავთ. დატკბით საუკუნე-ნახევრის პეპლებით და იფიქრეთ იმაზე, რომ სილამაზე, წარმავლობის მიუხედავად, მთელ სამყაროდ ღირს!

ნიკოლაი შავროვი - აბრეშუმის მუზეუმი

1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. 1884 წელს შავროვი მეაბრეშუმეობის შესასწავლად საზღვარგარეთ მიავლინეს. ორი წლის შემდეგ, მივლინებიდან დაბრუნებულმა, წარადგინა პროექტი თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მოწყობის შეEსახებ. შავროვის ევროპაში მიღებული ცოდნა-გამოცდილება და უცხოეთიდან ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები დაედო საფუძვლად აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პეპლების მუზეუმი

მსოფლიოში  ყველაზე ცნობილი პეპლების მუზეუმი ვენაში, სახელგანთქმული ჰოფბურგის სამეფო სასახლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ პავილიონში არის მოთავსებული.  Schmetterling Haus -   მუზეუმი ცოცხალი პეპლების ტროპიკული ბაღია.

კიდევ ერთი, პეპლების მუზეუმი-პავილიონი - პეპლების ფერმა”ბალტიის ზღვის კუნძულ უზედომზე მდებარეობს. პავილიონში არის როგორც ენტომოლოგიური მუზეუმი, ასევე ტროპიკული ორანჟერეა უნიკალური პეპლებისთვის.

ორანჟერეაში 60 სახეობის 2 ათასამდე პეპელა დაფრინავს და შესაძლებელია მათი განვითარების ყველა სტადიის ნახვა: როგორ იკვებებიან, როგორ იჩეკება პეპლის კვერცხიდან მატლი, როგორ ჭუპრდება, მოგვიანებით კი ჭუპრიდან ულამაზესი პეპელა გამოფრინდება.

ორანჟერეაში ტემპერატურა +30 გრადუსია, ტენიანობა - 85%. აქ ეგზოტიკური მცენარეები ხარობენ და პეპლებისთვის იდეალურ მიკროკლიმატს ქმნიან.

აქ პლანეტაზე არსებული მწერების შესანიშნავი ეგზემპლარებია წარმოდგენილი. 40 ტერარიუმში დახტიან ტროპიკული ტარაკნები და დაცოცავენ ოქროს წვეთის მსგავსი ხოჭოები...