"წამალი ტკივილის მიზეზს ვერ არჩენს. ბოლოს, ნარკოტიკებამდე მივედი..."
22-12-2014
"წამალი ტკივილის მიზეზს ვერ არჩენს. ბოლოს, ნარკოტიკებამდე მივედი..."
"ღმერთს ვევედრები, მეტად ნუღარ გამირთულებ ცხოვრებას-მეთქი..."

"გახსოვთ "შერეკილების" ფრაზა: ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი!.. ვინ იცის კიდევ რამდენი აიხდენს ოცნებას!"


მეგონა, მოგზაური იყო. ჯერ ახლო აღმოსავლეთში წავიდა, მაგრამ გული უფრო შორს მიუწევდა, ამიტომ იარა, იარა და იაპონიის საზღვარს მიაღწია... უამრავი ქვეყანა გაიარა, უამრავი კაცი გაიცნო... სთავაზობდნენ, ჩვენთან დარჩიო, მაგრამ თავისი სახლი ჰქონდა და არ დარჩა...
თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. ერთხელ ხანძარი გაჩნდა და მიხვდა, მეთექვსმეტე სართულზე გამომწყვდეულებივით იყვნენ ის და დედა. საბედნიეროდ, ხანძარი
დროზე ჩააქრეს... ოთახი შეშითა და ფურცლებით აქვს გამოტენილი. შეშა ზამთრისთვის, ფურცლები - ზოგი წიგნებია, ზოგიც - ნახატები...

გელა ჯინჭარაძეს სამედიცინო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენაზე  შევხვდი.


- ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, ავღანეთში ომი დაიწყო. იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, მხოლოდ ორი გზა არსებობდა: ან სამედიცინო
ინსტიტუტში უნდა მესწავლა, ან - სამხატვრო აკადემიაში. დედამ სამედიცინო მირჩია და მეც ჩავაბარე. მედიცინას დიდ პატივს ვცემ, თუმცა, მუდამ მოგზაურობაზე ვოცნებობდი, გეოგრაფობა მინდოდა... ერთი ბრიტანელი იახტსმენი, ფრენსის ჩიჩესტერი, მძიმედ დასნეულდა, ალპებში ავიდა და ხახვით და ნივრით იმკურნალა... ოთხჯერ შემოუარა დედამიწას. შინ განკურნებული დაბრუნდა.
ექიმმა ალენ ბომბარმა კი რეზინის გასაბერი ნავით გადაცურა ოკეანე. ამტკიცებდა: ადამიანი შიშით კვდება, სხვა ვერაფერი ერევაო...

- ადამიანი შიშის გარეშე არც არსებობს...
- ერთხელ მკითხეს, რისი გეშინიაო... რისი აღარ მეშინია, ყველაზე მეტად კი - ადამიანის.  მაგრამ შიშსაც ჰქონია საზღვარი, ამიტომ, დგება დრო, როცა შეიძლება აღარაფრის შეგეშინდეს, შენი თავისუფლება დაიცვა.

- სამედიცინოზე სწავლა თავისუფლების სიყვარულის გამო მიატოვეთ?
- ისეთ საგნებს გვასწავლიდნენ, რაც არ უნდა გვესწავლა: ისტმატი, დიამატი... ლექციას გვიკითხავდნენ იმაზე, რაც წიგნში ეწერა, კონსპექტებს გვაწერინებდნენ. ეს საშინელება იყო.  აღარ მინდოდა იქ ყოფნა. ნერვიული აშლილობა დამეწყო დაჩემს მდგომარეობას დეპრესია დაარქვეს. წამლები გამომიწერეს... წამალი ტკივილს აყუჩებს, მაგრამ ტკივილის მიზეზს ვერ არჩენს. ბოლოს, ნარკოტიკებამდე მივედი... ბედიანშიც ვიყავი 8 თვე.

საშინელება იყო. რატომღაც ყველა პაციენტი ჩემთან მოდიოდა და რაღაცას მიამბობდა, მე კი მარტოობა მინდოდა, ბოლოს, საავადმყოფოს დიასახლისს ვთხოვე, საკუჭნაო გამიღე, რომ სულ ცოტა ხნით მარტო დავრჩე და ჩავთვლიმო-მეთქი. მერე სეირნობის უფლება მომცეს... მართალია, სოფელში არ გავდიოდი (იქაც მძიმე მდგომარეობა იყო, უფუნქციოდ დარჩენილი ახალგაზრდები სვამდნენ, მერე ჩხუბობდნენ... არც ღობის აქეთ იყვნენ ჯანმრთელები და არც იქით), ღობეს გადავევლებოდი და ტყეში გავდიოდი. ზოგჯერ დიდხანსაც ვრჩებოდი. თუ ნაწვიმარი არ იყო, რუს წყალს ვსვამდი. ერთი-ორჯერ კოცონიც დავანთე. მართლა არაჩვეულებრივი იყო... დედა ჩამოდიოდა, მოჰქონდა ჩაი, სიგარეტი... საღებავები და ფურცლები, მაგრამ გამიჭირდა ფუნჯის აღება... მოგვიანებით, როცა დავმშვიდდი, ხატვაც დავიწყე. იქაც ასე ვხატავდი იატაკზე, როგორც ახლა ვხატავ. მართალია, ხერხემალი ვიტკინე მოუხერხებლად ჯდომით,  აქ მაგიდის დასადგამი ადგილიც არ არის, სკამებიც არ მაქვს, მაგრამ ღმერთს ვევედრები, მეტად ნუღარ გამირთულებ ცხოვრებას-მეთქი...

- ოცნებები დაიმსხვრა?
- ოცნებები არ იმსხვრევა! მეგობარი მყავს ერთი, გაყიდა სახლი, აისრულა ბავშვობის ოცნება და წავიდა ინდოეთში საცხოვრებლად. ხომ გახსოვთ "შერეკილების" ფრაზა: ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი!.. ვინ იცის, კიდევ რამდენი აიხდენს ოცნებას!

ჩემი ოცნებაა, მიწა და პატარა სახლი მქონდეს. ეზო და ბალახი სულ სხვაა...
ერთ შემოდგომას მეგობარმა ქარელში წამიყვანა. ხეებს ფოთლები დაცვენილი ჰქონდა. ზოგან კარალიოკი ეკიდა შიშველ ტოტებზე. ნისლში დავლანდე ყვითელნისკარტა შავი შაშვი. ამის ტოლფასი რა უნდა იყოს...

- თქვენი ნამუშევრები ხშირად მარტოობასა და მოგზაურობაზეა...
- მარტოობა ზოგს არ შეუძლია, ზოგისთვის კი აუცილებელია. მიყვარს მარტოობა... არ მიყვარს, როცა  მზღუდავენ..

გელა ჯინჭარაძე

გელა ჯინჭარაძე 1965 წლის 10 ნოემბერს დაიბადა თბილისში. 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან აკადემიური შვებულება აიღო და სწავლა აღარ გაუგრძელებია. 2006 წლიდან თანამშრომლობს ფსიქიატრიის ინსტიტუტის არტთერაპიის განყოფილებასთან. მონაწილეობდა გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქალაქებში: ლონდონში, ჰაიდელბერგში, ფრანკფურტში, საარბრიუკენში. შვეიცარიის მუზეუმში მისი 8 ნამუშევარია დაცული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით