რიგები წიგნებზე - რაში დაეხმარა პატრული კითხვის მოყვარულებს
22-12-2014
რიგები წიგნებზე - რაში დაეხმარა პატრული კითხვის მოყვარულებს
პატრულის თანამშრომელი: "მსგავსი პრეცედენტი ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა"

ქართველ საზოგადოებას დიდი ხანია, არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი, როცა უამრავი ადამიანი მხოლოდ იმ მიზეზით დგება რიგში, რომ წიგნი შეიძინოს. რამდენიმე დღის წინ "პალიტრა L"-ის პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში, ქართულ ენაზე ნათარგმნმა ბესტსელერმა "ლაბირინთში მორბენალი" ბახტრიონზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიასთან ახალგაზრდების რიგი დააყენა. წიგნის შეძენა მკითხველს მხოლოდ ერთი დღით (ერთი საათით, საღამოს 8-დან 9 საათამდე), აქციის ფარგლებში სპეციალურ ფასად - 9,95 ლარის ნაცვლად 2 ლარად
შეეძლო. წიგნის შეძენის მსურველებს რიგში მოუწია დგომამ.

"პალიტრა L"-ის პროექტ LiberTeens-ში თინეიჯერები არიან ჩართული. ისინი ორიგინალში კითხულობენ წიგნებს, აქვთ შეხვედრები, უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს და შემდეგ აწვდიან რეკომენდაციებს "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებს, რომელი წიგნი გამოიცეს მათი ასაკის მკითხველისთვის. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" პროექტ Lიბერთეენს-ის ფარგლებში პირველი წიგნია,
რომელიც თინეიჯერების ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა.

თინათინ ფეიქრიშვილი, "პალიტრა L"-ის პროექტის მენეჯერი: "გაჩნდა იდეა, რომ თინეიჯერებისთვის თანამედროვე ლიტერატურა გამოგვეცა. გვინდოდა, ამ პროცესში თავად თინეიჯერებიც ჩართულიყვნენ და ჩვენ არ მიგვეღო ერთპიროვნულად გადაწყვეტილება. მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო პროექტი Lიბერთეენს. პროექტში ჩართვის სურვილი უამრავმა თინეიჯერმა გამოთქვა, დღეს გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც კითხულობს მათი ასაკისთვის პოპულარულ ლიტერატურას უცხო ენაზე, წერს რეცენზიებს და თავადვე იღებს გადაწყვეტილებას წიგნების გამოცემის თაობაზე.

პროექტის ფარგლებში გამოვიდა ცნობილი ამერიკელი მწერლის ჯეიმზ დაშნერის წიგნი  "ლაბირინთში მორბენალი", რომელიც გვინდოდა, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მოზარდებისთვის.

წიგნის გაყიდვა 17 დეკემბერს დაიწყო და პირველივე დღეს ყველა მსურველს აქციის ფარგლებში (საღამოს 8-დან 9 საათამდე) მისი შეძენა 2 ლარად შეეძლო. წიგნი 9,95 ლარი ღირს და წიგნის მაღაზიებში იყიდება.
ვფიქრობდით, რომ აქციის ფარგლებში წიგნი მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გაგვეყიდა ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიაში, მაგრამ იმდენად ბევრი მსურველი მოვიდა, არ გვინდოდა, ვინმესთვის გული დაგვეწყვიტა და კიდევ ერთი საათით გაგრძელდა აქცია.

ამ წიგნის გამოშვებისა და აქციის შესახებ მხოლოდ სოციალურ ქსელში დავაანონსეთ და ნამდვილად არ ველოდით ამდენ მსურველს.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ იქ უამრავი თინეიჯერი ვნახეთ, რომელსაც ძალიან უყვარს კითხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თინეიჯერების გარდა, წიგნის შეძენის მსურველთა რიგში თითქმის ყველა ასაკის ადამიანი იდგა. ბოლოს, რომ ვეღარ ვარეგულირებდით სიტუაციას, პატრულის დახმარება გახდა საჭირო".
პატრულის თანამშრომლები ბაჩუკი გრიგალაშვილი და დავით მოხვაში, ბახტრიონის ქუჩაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, როდესაც "ბიბლუსის" მაღაზიასთან რიგში მდგარი წიგნის შეძენის რამდენიმე ასეული მსურველი შენიშნეს. მომხმარებლებს რიგი რომ დაეცვათ და ჭყლეტა არ მომხდარიყო, წესრიგს სწორედ ისინი არეგულირებდნენ.

ბაჩუკი გრიგალაშვილი, პატრული: "მე და ჩემი მეწყვილე, დავით მოხვაში, აღნიშნულ მონაკვეთზე სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით, როდესაც "ბიბლუსის" მაღაზიასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შევნიშნეთ. მათი რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო, ჭყლეტა დაწყებულიყო და მაღაზიის თანამშრომლებს წესრიგის დაცვაში დავეხმარეთ. მსგავსი პრეცედენტი ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, არასოდეს მინახავს წიგნის მაღაზიასთან ამხელა რიგი".

დავით მოხვაში, პატრული: "მაქსიმალურად დავეხმარეთ როგორც მაღაზიის თანამშრომლებს, ასევე რიგში მდგარ მოქალაქეებს, რომ წესრიგი არ დარღვეულიყო. სასიამოვნოა, რომ დღეს ამდენი ადამიანი მიდის წიგნის შესაძენად მაღაზიაში".

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი სხვა გამომცემლობებს მსგავსი ტიპის აქციებისკენ მოუწოდებს.
თათა დგებუაძე, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი: კარგი იქნება, თუ სხვა გამომცემლობებიც მიბაძავენ მსგავს აქციებს, რადგან ბევრ ახალგაზრდას წიგნის ყიდვის სურვილი აქვს.

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში საახალწლო ფასდაკლება უკვე დაწყებულია. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია იმით, რომ ყველა წიგნზე 50%-მდე ფასდაკლებაა.

როგორც წესი, ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს საახალწლო საჩუქრად წიგნებს და შესაბამისად, ბევრ მომხმარებელს ველოდებით "ბიბლუსის" ყველა ფილიალში".
"პალიტრა L"-ის პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში მეორე წიგნი ტოლკინის "სილმარილიონი" იქნება, რომელიც იანვარში გამოვა.

"ლაბირინთში მორბენალის" შეძენა "ბიბლუსის" ნებისმიერ მაღაზიაში 9,95 ლარად არის შესაძლებელი.

თორნიკე ყაჯრიშვილი
გეგა
27 დეკემბერი 2014 10:58
პატრიარქმა თქვა წიგნები იკითხეთო და რიგი დადგა დანარჩენი თქვენ განსაჯეთ ასეთ ადამიანებს რომელიმე წიგნი გაანათლებს
maiko
25 დეკემბერი 2014 20:22
ყველა წიგნზე არ არის ფასდაკლება. მე შევიძინე ბიბლუსში წიგნები თბილისი მოლში, მაგ,კინგზე ფასდაკლება არ იყო

რედაქტორის რჩევით