დაბზარული კედლები, ანტისანიტარია, ჟანგიანი მილებიდან აყროლებული წყალი ჟონავს - დევნილების გაუსაძლისი ყოფა
22-12-2014
დაბზარული კედლები, ანტისანიტარია, ჟანგიანი მილებიდან აყროლებული წყალი ჟონავს - დევნილების გაუსაძლისი ყოფა
"აქ ყველაფერს სიბერის სუნი დაჰყვება"

დევნილებს საშხაპე და საპირფარეშო საერთო აქვთ. კედელზე ალაგ-ალაგ შემორჩენილ მეტლახს კი ვერანაირი ქიმიური საშუალებით ვერ გაწმენდ...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ყოფილი "თბილმარგარინმრეწვისა" და "ცხიმკომბინატის" შენობებში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობენ.

21 წლის წინ აფხაზეთიდან დევნილმა 18-მა ოჯახმა "თბილმარგარინმრეწვის" შენობის მესამე სართულზე დაიდო ბინა. დანარჩენ ორ სართულზე მცირე საამქროებია გახსნილი, რომლებიც სხვადასხვა კერძო პირს ეკუთვნის...

დაჟანგულ კიბეს აუყვებით და გრძელ დერეფანში შეხვალთ. აქ მცხოვრებთ ფართი რომ არ
ჰყოფნით, დერეფანში დაუდგამთ მაცივრები, კარადები, მაგიდა, სკამები, ჭურჭელიც კი, ზოგიერთის კართან შეშასაც მოვკარი თვალი.
ერთ-ერთ კარზე დავაკაკუნე. მასპინძელმა შინ შემიპატიჟა. ამ ოთახში სოხუმიდან დევნილი კობა კვირაია მეუღლესთან, სამ შვილსა და დედასთან ერთად ცხოვრობს. იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე ოჯახის ნაბოლარას, ხუთიოდე წლის გოგონას სძინავს. "ამ შენობაში ადრე
დაწესებულება იყო. ეს ოთახები ყოფილი კაბინეტებია. ზოგიერთ ოთახში 3-4 ოჯახი ცხოვრობს",”- მეუბნება კობა კვირაია.
შენობის სახურავი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს დონორმა ორგანიზაციამ შეაკეთა. მას შემდეგ მათი ბედით არავინ დაინტერესებულა. ბუნებრივი აირი არა აქვთ. ამიტომ გათბობის ძირითადი წყარო შეშის ან დენის ღუმელია (დევნილებს შარშან სახელმწიფომ დენის გადასახადზე შეღავათი მოუხსნა).
"ვიხვეწებით, რომ გაზი შემოგვიყვანონ. დენზე გადასახადი ძალიან ბევრი მოდის, თანაც, ყინვას რომ დაიჭერს, ოთახს ვეღარც ვათბობთ, შეფუთნილები დავდივართ. წინა წლებში შეEშას მაინც გვირიგებდნენ, ახლა აღარავის ვახსოვვართ.  ვინ იცის, დევნილთა სამინისტროს რამდენჯერ მივმართეთ, მაგრამ...",“- ჩივიან დევნილები.
საშხაპე და საპირფარეშო აქ ყველას საერთო აქვს. დიასახლისებს საპირფარეშოს მოსაწესრიგებლად მორიგეობის ცხრილიც შეუდგენიათ.

"რაც უნდა ვეცადოთ, სისუფთავეს მაინც ვერ ვიცავთ, ჟანგიანი მილებიდან აყროლებული წყალი ჟონავს, კედელზე ალაგ-ალაგ შემორჩენილ მეტლახს კი ვერანაირი ქიმიური საშუალებით ვერ გაწმენდ, აქ ყველაფერი დრომოჭმულია და სიბერის სუნი დაჰყვება", - მეუბნება მოხუცი ქალბატონი და იქაურობას მათვალიერებინებს.
დევნილებმა გრძელ დერეფანს ხუმრობით "პრასპექტ მირა" შეარქვეს. სკოლიდან და ბაღიდან დაბრუნებული ბავშვებისთვის ეს ერთადერთი გასართობი ადგილია.

- 21 წელი გავიდა და ჩვენი იმედიც, აფხაზეთში დავბრუნდებითო, საბოლოოდ გაქრა. აქ მაინც ხომ უნდა გვქონდეს თავშესაფარი? მთავრობა თუ მოინდომებს, ბინებით დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ არ აწყობს. დევნილებისთვის იმდენი გრანტი შემოდის, ჩვენით შოულობენ ფულს.
პენსიონერები ვართ, ხომ შეიძლებოდა საახალწლოდ რაიმე დანამატი მოეცათ? წინა ხელისუფლებამ საახალწლოდ პენსიონერებს ერთ წელს - 20 ლარი, მომდევნო წელს 50 ლარი დაგვიმატა", - წუხილს ვერ მალავს სოხუმელი ნინო სიჭინავა. 

კობა კვირაია:
"ამ შენობას მესაკუთრე ჰყავს. ჯერჯერობით, არ გვაგდებენ, მაგრამ თავიანთი ტერიტორია ხომ უნდათ? ვაზიანის იქით შემოგვთავაზეს ფართობები. ტრიალ მინდორში დგას შენობა, გაარემონტეს, მაგრამ როგორ ვიცხოვროთ?  სამსახურებში როგორ ვიაროთ ან ბავშვები სკოლაში, ბაღში როგორ ვატაროთ?
ცენტრალურ უბნებში ცხოვრებას არ ვითხოვთ. მთავარია, ტრანსპორტი მოძრაობდეს.”
ყოფილი "ცხიმკომბინატის" შენობა ამავე ეზოშია. აქაც იგივე - დაბზარული და ნესტიანი კედლები, ანტისანიტარია და გაუსაძლისი ყოფა.  შენობაში სამაჩაბლოდან დევნილი 9 ოჯახი 25 წელია, ცხოვრობს.

- ამ შენობის პატრონი ღვთისნიერი ადამიანია, არ გაგაგდებთო... ვეცოდებით, მაგრამ როდემდე გაგვაჩერებს? - ამბობენ სამაჩაბლოდან დევნლები.

ბუნებრივი აირი არც ამ შენობაშია და აქაურები შეშის ღუმლით თბებიან.
"ცხინვალიდან რომ წამოვედით, ჩემი მეუღლე თამარაშენში, სახლში დარჩა. აგვისტოს ომის შემდეგ თამარაშენი მიწასთან გაასწორეს და ჩემი ქმარიც დევნილად იქცა. ახლა მთელი ოჯახი ამ ერთ ოთახს ვაფარებთ თავს, მაგრამ როდემდე? ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ადამიანები, რომელთაც საკუთარი ჭერი არ გვაღირსეს. ჩვენც ხომ ვიმსახურებთ ადამიანურ ყოფას?!", - მითხრა ცრემლმორეულმა დალი გოგიძემ.

დევნილებთან საუბრის შემდეგ, "კვირის პალიტრა" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა.

რეზო ქობალია, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსი:
- მესაკუთრე მათ გაყვანას გვთხოვს, მაგრამ ჯერ ვერ გავიყვანთ. არადა, მესაკუთრესაც არანაირი ვალდებულება არ აქვს... დევნილები კი წლებია, იქ ცხოვრობენ. მომავალ წელს ძალიან ბევრი დაკმაყოფილდება ბინით. აპლიკაციას შეავსებენ და ქულების მიხედვით ბინას მიიღებენ...  ახლა ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და ამ ეტაპზე გასახლება არ ემუქრებათ. გაზი კი იმიტომ არ აქვთ, რომ მესაკუთრის თანხმობის გარეშე "ყაზტრანსგაზს" არ შეჰყავს...”     

სალომე გოგოხია
ალექს
14 იანვარი 2015 18:47
ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს მათი რაოდენობა,
ვიღაც მათ და ჩვენს უბედურებაზე სასირცხვილოდ ხელს ითბობს!!!!!

რედაქტორის რჩევით