"უკეთესი სამყაროს" შემოქმედი - კვირის პალიტრა

"უკეთესი სამყაროს" შემოქმედი

ფანტასტიკურ ლიტერატურას დიდი მწერლები ჰყოლია, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ შორის ტოლკინი ლიდერობს

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი... "50 წიგნის" პროექტიც დაასრულა ჩვენმა გამომცემლობამ, "49 წიგნის" სერიის ნახევარზე მეტიც უკვე გამოსულია და ამიტომ მეც უკვე რამდენიმე ათეული საპრეზენტაციო სტატიისა თუ წინასიტყვაობის დაწერის სიამოვნება მხვდა წილად, მაგრამ სრული გულწრფელობით შემიძლია ვთქვა: დღეს ჩემ წინაშე ყველაზე საფრთხილო და დელიკატური ამოცანა დგას! ალბათ, არც ერთ დიდ მწერალს არ ჰყოლია იმდენი თაყვანისმცემელი, რამდენიც ტოლკინს. ყოველ შემთხვევაში, ისე "ორგანიზებული" და თავდადებული, როგორიც "ტოლკინისტები" არიან.

ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა სარკასტულად, მაგრამ ნამდვილად სწორად თქვა: "არც ერთ მწერალს არ დაუსაქმებია იმდენი ადამიანი, რამდენიც ტოლკინს და ასევე არც ერთ მწერალს არ მოუცდენია სისულელეებზე იმდენი ადამიანი, რამდენიც ტოლკინს", - ის პირველ შემთხვევაში მისი წიგნების გრანდიოზული ტირაჟების გამოცემაზე, ეკრანიზაციაზე თუ "ტოლკინისტებისთვის" განკუთვნილი ატრიბუტიკის წარმოებაზე დასაქმებულ ათასობით ადამიანს გულისხმობდა, ხოლო მეორეში - იმ ადამიანთა უზარმაზარ არმიას მსოფლიოში, რომლებიც მთელ თავისუფალ დროს ტოლკინის სამყაროში ატარებენ: თამაშობენ პროფესორის (ასე მოიხსენიებენ ტოლკინს) მიერ აღწერილ მოვლენებს როგორც კომპიუტერში, ასევე ცოცხლად, მწერლის მიერ აღწერილი კოსტიუმებითა და იარაღით; ურთიერთობენ სოციალურ ქსელში; მსჯელობენ პროფესორის მიერ არაღწერილ ამბებზე, ანუ "სინამდვილეში" რა და როგორ მოხდა; ზოგიერთი ელფებისა თუ სხვათა, ტოლკინის მიერ გამოგონილი ენების "მეცნიერულ შესწავლას" შეუდგა; ზოგი (არაინგლისურენოვან ქვეყნებში) ჯერ კიდევ უთარგმნელ მოთხრობას თარგმნის ისე, რომ ინგლისური არ იცის, მაგრამ მაინც ჯახირობს ლექსიკონით და შემდეგ თანამემამულე ტოლკინისტებს აცნობს თავის ნაღვაწს...

რუსეთში ასეთი ამბავიც იყო: 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას რამდენიმე ათასმა ადამიანმა ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში "ელფი" ან "ჰობიტი" ჩაწერა! ალბათ, სხვაგანაც მოხდებოდა ასე, უბრალოდ, ეთნიკურ წარმომავლობას აღარსად აღნიშნავენ ცალკე გრაფაში. შესაძლოა, ეს ადამიანის თანდაყოლილი მისწრაფების - "უკეთეს სამყაროში ყოფნის სურვილის" ილუზიური განხორციელებაა...

ტოლკინი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, მაშინ ჯერ კიდევ "დამოუკიდებელი ორანჟის სახელმწიფოს" დედაქალაქ ბლუმფონტეინში, 1892 წელს (დღეს იქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა). მამამისი ინგლისური ბანკის მოხელე იყო. ოთხი წლის იყო, როცა მამა ციებ-ცხელებით გარდაეცვალა და დედამისი ორ პატარასთან ერთად ინგლისში დაბრუნდა. ძალიან მძიმე ცხოვრება ელოდა მეიბლ ტოლკინს სამშობლოში: მშობლები და ნათესავები უბრად ჰყავდა, რადგან თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ მის ქორწინებას, თან დიაბეტი ტანჯავდა... ბირმინგემთან ახლოს დასახლდნენ. იქ ძალიან რელიგიური გახდა, მალე კათოლიკური სარწმუნოებაც მიიღო, რამაც საბოლოოდ მოუჭრა ანგლიკანი მშობლების სახლში მისასვლელი გზა. შვილებიც ღრმად მორწმუნეებად გაზარდა. დედა 34 წლის ასაკში გარდაიცვალა - დიაბეტი მაშინ უკურნებელი სენი იყო. სიკვდილის წინ 12 და 10 წლის ბიჭებზე მზრუნველობა ბირმინგემის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს, ფრენსის მორგანს სთხოვა. ამ დროს ჯონი უკვე სწავლობდა "მეფე ედვარდის სკოლაში", სადაც ძველ ენებს ეუფლებოდა. 18 წლისაც არ იყო, როდესაც ევროპული ენების გარდა, ძველი ინგლისური, უელსური, ფინური, ძველი ნორვეგიული, გოთური და გადაშენებული პრუსიული ენაც კი იცოდა.

ტოლკინის პირველი ნაწარმოები "შემთხვევით" დაიბადა: ის პირველად 1937 წელს გამოიცა და როგორც ამბობენ, მწერალმა თავისი შვილებისთვის გამოგონილი ზღაპრიდან "ააწყო" და ამაში ვაჟებიც დაეხმარნენ - მათ ერთად დახატეს მთისქვეშეთის რუკა.

მერე მოჰბეზრდათ ან ვერ მოიცალეს, ვერც მამამ და ვერც შვილებმა, და სიუჟეტი დაუსრულებელი დარჩა - ის მხოლოდ ერთ ეგზემპლარად დაბეჭდა ტოლკინმა და მეგობარს მისცა წასაკითხად. ასე გადავიდა ხელიდან ხელში, სანამ მისმა ერთმა მოსწავლემ ცნობილ გამომცემელს, სიუზენ დოგნოლს არ გააცნო ტექსტი. დოგნოლმა ტოლკინს სიუჟეტის დასრულება სთხოვა და მალე "ჰობიტმა" დღის სინათლე იხილა.

წიგნის გამოცემისთანავე დაიწყო ტოლკინმა მის გაგრძელებაზე ფიქრი და "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი მონახაზიც მაშინვე გაჩნდა, თუმცა, ისევ მოუცლელობა უნივერსიტეტში, შემდეგ ომი (მწერალი ორივე მსოფლიო ომის მონაწილეა)... 1948 წელს "ბეჭდების მბრძანებელიც" მზად იყო, მაგრამ გამომცემლები დაბეჭდვას არ ჩქარობდნენ, თუმცა, გამოცემის შემდეგაც არ მოუპოვებია მის წიგნებს ისეთი პოპულარობა სამშობლოში, როგორიც 60-იან წლებში: ის ამერიკაში დაიბეჭდა და ნამდვილი "ტოლკინური ბუმი" დაიწყო! მანამდე გაუგონარი ტირაჟებით დაიბეჭდა რამდენჯერმე და მხოლოდ ამის შემდეგ "დაბრუნდა" ევროპაში. ეკრანიზაციებმა ხომ საბოლოოდ განადიდეს ტოლკინის შემოქმედება.

ფანტასტიკურ ლიტერატურას დიდი მწერლები ჰყოლია, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ შორის ტოლკინი ლიდერობს. თუკი თქვენ ამ ჟანრის თაყვანისმცემელი ხართ, ეს წიგნი თქვენთვის იქნებ სამაგიდო წიგნადაც იქცეს.