რა აიძულებს ქალს, მოკლას შვილი?! - კვირის პალიტრა

რა აიძულებს ქალს, მოკლას შვილი?!

როგორ მიმდინარეობს საქართველოში კრიმინალურ აბორტთან ბრძოლა

"სჯობს, თავის დროზე ვურჩიოთ ახალგაზრდებს, როგორ დაგეგმონ მომავალი და პასუხისმგებელი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ ნაყოფზეც, რომლის გაჩენაც  გადაშენების საფრთხეს აგვაცილებს"

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც არალეგალურ აბორტს კატეგორიულად კრძალავს, ლეგალური აბორტების რიცხვი გაიზრდება. თუმცა, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქალმა ეს უმძიმესი ნაბიჯი არ გადადგას...

შეცვლილი კანონი "აბორტის შესახებ" რამდენიმე თვეა, ძალაში შევიდა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, სულ ცოტა, წელიწად-ნახევარია საჭირო, რომ ცვლილებების შედეგი დავინახოთ.  მანამდე კი ვარაუდობენ, რომ აბორტების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს რამდენიმე ფაქტორი: ექიმს არა აქვს უფლება, დედას ან წყვილს სქესი გაუმხილოს მანამ, ვიდრე ორსულობა არ მიაღწევს ზღვარს, რომლის შემდეგაც აბორტი სიცოცხლისთვის საშიშია და კატეგორიულად იკრძალება. ეს არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების შანსს გამორიცხავს; ქალი, რომელსაც სურს აბორტის გაკეთება, ვალდებულია ექიმისა და ფსიქოლოგის კონსულტაციის შემდეგ, ხუთი დღის განმავლობაში გადაწყვიტოს, თუ უღირს ამ ნაბიჯის გადადგმა; კატეგორიულად იკრძალება და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ე.წ. კრიმინალური, არაოფიციალური აბორტი.

დიმიტრი ხუნდაძე: - ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებდით, გამოვიკვლიეთ, რა ფაქტორები აიძულებს ქალს აბორტის გაკეთებას. სხვანაირად, რა აკრძალვებიც უნდა დააწესო, შედეგს ვერ მივიღებთ. ეს დაახლოებით იგივეა, ავადმყოფს მკურნალობის გარეშე უბრძანო მორჩენა და დაემუქრო, თუ არ მორჩები, სასჯელი არ აგცდებაო.

აბორტის თემა პირდაპირ კავშირშია სოციალურ მდგომარეობასთან. ამიტომაც სახელმწიფომ უპირველესად ამაზე იზრუნა და დღეს, თუნდაც შარშანდელთან შედარებით, სოციალური ვითარება უკეთესია - ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა გაიზარდა; ორსულობას სახელმწიფო აფინანსებს; საჭიროების შემთხვევაში, ორსულები  უფასოდ იღებენ ფოლიუმის მჟავასა და რკინის პრეპარატებს; უფასოა ექიმთან გარკვეული კონსულტაციები; გავზარდეთ დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა; ანაზღაურება 600-ის ნაცვლად, ათასი ლარი გახდა; პირველი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ყოველი  მესამე და შემდგომი ბავშვი ბარში - 150, მთაში კი 200 ლარს იღებს...

თითოეული ბავშვის გაჩენა ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უამრავი ქალისთვის აბორტი პრობლემისგან გაქცევაა. არადა, ბევრმა არ იცის, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს. სექსუალური განათლების დონე რომ მაღალი იყოს, ოჯახის დაგეგმარების ინსტიტუტი არსებობდეს, ასეთი დამოკიდებულება არ იქნებოდა. ახლახან შვედეთში ვიყავი, იქ სპეციალური ახალგაზრდული სახლებია, სადაც 13-დან 25 წლამდე მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან ექიმი და ფსიქოლოგი. შესაბამისად, აბორტების რიცხვი დაბალია.

- როდესაც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო, ითქვა, რომ საერთოდ აკრძალულიყო აბორტი...

- აკრძალვა არ არის გამოსავალი, რადგან არალეგალური აბორტებით ქალთა სიკვდილიანობა გაიზრდება ან მეზობელ ქვეყნებში გაიკეთებენ აბორტს. სახელმწიფომ მაქსიმალურად კარგი პირობები უნდა შეუქმნას ქალებს, რომ არ მიიღონ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება. იკრძალება მხოლოდ არალეგალური აბორტი, რომელსაც არალიცენზირებულ დაწესებულებაში არალიცენზირებული ექიმი აკეთებს და სადაც გართულების რისკი ძალიან მაღალია. ორ წელიწადში შევძლებთ ზუსტად ვთქვათ, აბორტების კლების ტენდენცია გვექნება თუ არა.

- კიდევ რა ცვლილებები იგეგმება?

- ვფიქრობთ შვედეთის გამოცდილების გაზიარებას და ახალგაზრდული სახლების დაფუძნებას. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს.  ბოლო პერიოდში იმატა ადრეულ ასაკში ქორწინებებისა და განქორწინებების რიცხვმა. მუშაობა მოგვიწევს ახალგაზრდებთან, თუნდაც გადამდები დაავადებების გავრცელებისა და კონტრაცეპტივების გამოყენების თაობაზე. სჯობს თავის დროზე ვურჩიოთ, როგორ დაგეგმონ მომავალი და პასუხისმგებელი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ ნაყოფზეც, რომლის გაჩენაც დემოგრაფიული კრიზისის დაძლევას შეუწყობს ხელს. ჩვენ ეს კრიზისი გვაქვს, უფრო უხეშად რომ ვთქვათ, გადაშენების საფრთხე გვემუქრება.

აბორტი მსოფლიოში

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველწლიურად ლეგალურად 22 მლნ-ზე მეტი ქალი იკეთებს აბორტს და მათი 98% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. არალეგალური აბორტების რიცხვი რამდენჯერმე მეტია. ბოლო მონაცემებით, აბორტის შემდგომი გართულებებით ხუთი მილიონი ქალი დაინვალიდდა, 47 ათასი დაიღუპა.

აბორტები აკრძალულია:

ჩილეში, სალვადორში, ნიკარაგუაში, მალტაში, ფილიპინებში, ვატიკანში, ირლანდიაში, კოლუმბიაში, პარაგვაიში, ვენესუელაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, ნეპალში, ირანში, ბანგლადეშში, ავღანეთში, ანგოლაში, გვატემალაში, ინდონეზიაში, ერაყში, იემენში, ლიბანში, ლიბიაში, მავრიტანიაში, მალიში, ომანიში, სირიაში, პაპუა-გვინეაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში... სულ 68 ქვეყანაში.

ირლანდიაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ექიმის დასკვნა: 1. ორსულობის პროცესში ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; 2. თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება; 3. თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.