აფხაზეთის ომი - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ომი

2015 წლის აპრილში "კვირის პალიტრის" დაარსებიდან 20 წელი სრულდება. ყველა ნომერში თავმოყრილია ის, რაც აქტუალური იყო იმდროინდელი საქართველოსთვის. ამ გადასახედიდან შეიძლება ბევრი რამ სხვაგვარადაც აღიქვათ, ბევრი შეფასება არაზუსტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იმ დროის ხმაა - მაშინდელი ცხოვრების რიტმში ჩამჯდარი, მაშინდელი საქართველო. მაგრამ ეს ჩვენი რეალობა და უახლესი ისტორიაა.

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა ხუთ ტომში მოუყაროს თავი საქართველოს მიერ განვლილ 20-წლიან ცხოვრების გზას, რომელიც გაზეთის ფურცლებზე აისახა. თითოეულ ტომში სხვადასხვა ეპოქაა წარმოდგენილი. პირველი წიგნი "კვირის პალიტრის" თვალით დანახულ 90-იან წლებს შემოგთავაზებთ.

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა,.. შედეგი სავსებით ლოგიკური და სავალალო - რბევა, ნგრევა, უამრავი მსხვერპლი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა, საკუთარ მიწაზე დევნილად ქცეული ათასობით ქართველი და… დაკარგული აფხაზეთი.

გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" ხუთტომეულის - "ჩვენი ეპოქა" I ტომიდან.

"სოხუმში ჩამოსვლის დღესვე წითელ ხიდთან აფხაზებმა ნამდვილი ომი გაგვიმართეს... მერე წავედით და საპატიო წრე დაგვარტყმევინეს მინისტრთა საბჭოს მოედანზე. ბიჭებმა, არ ვიცი, თავისი ინიციატივით, არ ვიცი, ვინმეს ბრძანებით, ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ერთი-ორი ავტომატის ჯერიც მივაყოლეთ მინისტრების შენობას და მაგათი დედაც... რამდენიმე დღეა, კომპოზიტორების ცნობილ სანატორიუმში ვართ. ძირითადად, მთელი დღე ქალაქში ვსეირნობთ, ღამღამობით კი საგუშაგოებზე გვიწევს მორიგეობა. ქალაქი თითქმის ჩვენია, მაგრამ აფხაზთა ჯგუფები ხან საიდან გამოჩნდებიან, ხან – საიდან.

"ბატიას" (თენგიზ კიტოვანი) ხალხი სოხუმში გრიმიტობს. ამბობენ, სოხუმელები ბატალიონს ქმნიანო და ლამის ხელჩართული ბრძოლა იწყება თბილისურ "სასტავებსა" და აქაურებს შორის. მოკლედ, ერთმანეთს უკვე კბილების ღრჭენით მივჩერებივართ. სასმელ-საჭმელი ჯერჯერობით არის, თუმცა, ბიჭებს ხანდახან ხელი მაინც წაგვიცდება... იმ დღეს "ვამპირამ" სანაპიროზე ვიღაცის ღორი მოკლა ავტომატით. შუაღამისას ღორის პატრონები მოცვივდნენ. ასეთი წყევლა აქამდე არც გამიგონია – თქვენ არ ჩადით დედათქვენთან ცოცხლები. პური და ღორი კი არა, სოხუმის მიწა გაჭამოთ ღმერთმაო... მთელი ღამე ტანში მბურძგლავდა. ვინ იცის, სად წამოგვეწევა იმ შავკაბიანი მეგრელი დედაკაცის წყევლა..."

"ნიუტონას" დღიურებიდან

"2 ოქტომბერს, გამთენიისას, ჯოჯოხეთურმა ზრიალმა წამოგვყარა ფეხზე. თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ მეორედ ნამდვილი სიკვდილის მოსვლასაც. ბავშვების წივილსაც ჰგავდა, ქალების კივილსა და კაცების ხრიალს, ნელ-ნელა რომ სჭრიან ყელს. ჩვენი ბიჭების ღრიანცელმა მომიყვანა გონს. განგაშია. ვერ გავიაზრეთ, რა ხდებოდა. ქუჩები სავსე იყო დამფრთხალი ხალხით.

ქალები, ბავშვები პერანგებით დარბოდნენ. "აფხაზები უკვე ქალაქში არიან", – ტანში დენივით მივლის. გაგრა სამი მხრიდან ალყაშია მოქცეული. ბრძოლები უკვე ორი ფეხის ნაბიჯზე – ცენტრში, სტადიონსა და პოლიციის შენობასთან მიდის, "წითელ ჯვართან" ბიჭები დაღუპულან, ავტომატებით ტანკებს რა უნდა უყო, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიო...

არეულები, უკანდახეულები დგანან და ბრძანებას ელიან. ბრძანების გამცემი არავინ არის. ბიჭებმა ფეხდაფეხ დადევნებული ბეტეერებიდან სიკვდილი ნახეს. დაგლეჯილ-დაფლეთილები ძლივს მიათრევენ ერთმანეთს. "კრუპო" ვნახე, ცალი ფეხი წაგლეჯილი ჰქონდა, სისხლისგან იცლებოდა და სანამ გონს დაკარგავდა, ღრიალებდა, – ბიჭებო, არ მომკლათ, გადამარჩინეთო. ექიმი რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ რა უნდა უყო ნახევრად მკვდარ კაცს ასეთ აურზაურში? გია ვაშაკიძე კაცია.

თავის ბიჭებთან ერთად ვეფხვივით იბრძვის – ვისაც გული ერჩის, ფეხი არ მოიცვალოთო და პოზიციების გამაგრებას პირველი თვითონ შეუდგა. არავინ არკვევს, "მხედრიონელი" ხარ, პოლიციელი, "ავაზელი" თუ ვიღაც ოხერი. ბიჭები ერთმანეთს ვაგულიანებთ, ვიღაცა გახუმრებასაც ცდილობს, წუთიც და აფხაზთა ტანკები პირდაპირ ჩვენ გვირტყამენ. შენ ძაღლები უძახე და რა იომეს გაგრელმა პოლიციელებმა!.. ისინი პოლიციის შენობაში გამაგრდნენ, ჩვენ ქუჩაზე დავიკავეთ პოზიციები...

რა გინდა ქნა, მიზანში აქვთ ამოღებული ყველა წერტილი ამ შობელძაღლებს. ნახევარი დღე შევაკავეთ მარტო პოლიციის შენობასთან. პოლიციელები შენობაში ჩაიხოცნენ. მე მაგათ სულებს ვენაცვალე. რა სული გქონიათ, ბიჭებო... სად არიან ახვარი გენერლები, მეფეებივით რომ ისხდნენ ცარიელ გაგრაში. ერთი ჩინიანისთვისაც არ მომიკრავს თვალი. ბიჭები – ვინ სად შეხვდა ომს. უბრალო ბიჭები, ადრე პოზიციებზე ძალითაც რომ ვერ გაჰყავდათ, ზოგს ერთი სიტყვაც არ ჰქონდა სამშობლოზე წაკითხული, ახლა რაღაც ცხოველური ინსტინქტით, თავგანწირვით იხოცებოდნენ გაგრის ერთი ქუჩისა და ერთი სახლისთვის.

ვიღაც "ავაზელმა" "გაგრიფშის" გასასვლელთან, მარტომ, ტყვიამფრქვევით 45 წუთი გააჩერა აფხაზები – ხომ აზრზე ხარ, უკანდასახევი გზა რომ მიეცა ბიჭებისთვის. გვარიც ვერავინ გვითხრა, სახეზეც ვერ გამახსენეს, უნდა გავიგო და მისი კაცობის ამბავი თბილისში ჩავიტანო...

ვოვა სელეპანოვი, საბურთალოელი სომეხი ბიჭი, გაგრის გასასვლელთან ტანკს შეუვარდა ხელყუმბარით ხელში – ქართველს ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ურჩევნიაო. ეს არის სომეხი და სანდრო კავსაძე – ქართველი? განთიადში ქალები გვიყვებოდნენ გაგრიდან გამოტანილ ამბავს, – ქუჩებში ქართველების გვამები ძაღლების ლეშებივით ყრიაო. არძინბას დაურეკავს "ვეჩეთი" კავსაძისთვის, თქვენი ცხედრები გაიტანეთო. მერე, რომ არავინ შეეხმიანა, "წითელ ჯვართან" გათხრილ ორმოში ტრაქტორებით ჩაყარეს ერთმანეთში აზელილები...

3 დღის წინ ეგ და ედიკა გაგრაში არ იყვნენ? მაგათი ბრძანებით არ გაიყვანეს ტექნიკა? ისიც რა ტექნიკა იყო – დაფხავებული ტანკები. მაგრამ ტანკი რომ იქნებოდა, გული მაინც მოგეცემოდა კაცს"

"ნიუტონას" დღიურებიდან