კაცი, რომელმაც ისრაელში ქართული ტელევიზია შექმნა – მორის ჯანაშვილს ვარსკვლავს უხსნიან - კვირის პალიტრა

კაცი, რომელმაც ისრაელში ქართული ტელევიზია შექმნა – მორის ჯანაშვილს ვარსკვლავს უხსნიან

"მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ასეთი გზა მარგუნა წილად, გზა, რომელმაც ერთნაირი სიყვარულით დამაკავშირა საქართველოსა და ისრაელს"

"პირველი მოქალაქე ვიყავი, რომელიც ისრაელის პასპირტით საბჭოთა კავშირში შემოვიდა. ეს ყველაფერი რეჟისორ გიორგი დანელიას დამსახურებით მოხდა"

"10 წლის წინ ირაელში ქართველებმა სატელევიზიო ლიცენზიის აღება შევძელით და შევქმენით ქართული ტელევიზია. გვაქვს 24-სათიანი მაუწყებლობა"

"ყველა ქვეყანაში, სადაც არ მიწევდა ჩასვლა, ქართულ სიტყვას ვამბობდი და ვცდილობდი ქართული საქმე მეკეთებინა. …ასე ვარ 35 წელია. ამ ყველაფერს როგორც ჩანს, ღმერთი ხედავს..." - ამბობს მომღერალი მორის ჯანაშვილი, რომელსაც თბილისში ვარსკვლავს უხსნიან. მორის ჯანაშვილი კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავას, რაც ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის კიდევ ერთი მაგალითი იქნება. ბატონი მორისი უკვე თბილისში, თუმცა ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ კიდევ ისრაელში იმყოფებოდა და საოცარი სიყვარულითა და ნოსტალგიით იხსენებდა საქართველოს.

მორის ჯანაშვილი:

- ყველაფერს ვაკეთებ, რომ საუკეთესო კონცერტი გამოვიდეს, ჩემთან ერთად სცენაზე იდგება ისრაელიდან ჩამოყვანილი 40-კაციანი ორკესტრი, შესრულდება დუეტები ლელა წურწუმიასთან, მერაბ სეფაშვილთან და ჯემალ სეფიაშვილთან. აჟღერდება ჩემი ყველა ჰიტი.. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის ყველაზე დიდი სიხარული ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. არ ვიცი, ამაზე უკეთესი, რა შეიძლება გადამხდენიყო თავს. მადლობა ღმერთს და მერე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს... საქართველოდან 16 წლის ბიჭი წავედი, თუმცა აქაურობის სიყვარული არასდროს გამნელებია. თავიდანვე ქართულ სიმღერას, ესტრადას ვემსახურებოდი, არც გვარი შემიცლია და არც მიმართულება. დავრჩი ქართული სიმღერის, ესტრადის და კულტურის ერთგული. ყველა ქვეყანაში, სადაც არ მიწევდა ჩასვლა, ქართულ სიტყვას ვამბობდი, ვცდილობდი, ქართული საქმე მეკეთებინა... …ასე ვარ 35 წელია.

- რატომ წახვედით საქართველოდან?

- ისეთი პერიოდი იყო, ყველა მიდიოდა. მამა  ახალგაზრდა გარდამეცვალა, დედაჩემი ძალიან განიცდიდა, უნდა წავსულიყავით დედა რომ გადაგვერჩინა. ასე დავტოვეთ მე და დედამ ყველაფერი და წავედით ისრაელში. მამა საქართველოშია დაკრძალული... ეს კიდევ უფრო მიძლიერებს ამ ქვეყნის სიყვარულს. როცა ძვირფასი ადამიანის საფლავი იმ ქვეყანაშია, სადაც დაიბადე და გაიზარდე, როგორ შეიძლება ამ ქვეყანას სამშობლოდ არ მიიჩნევდე...

- ისრაელში როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება?

- 1976 წელს ჩავედით ისრაელში და დავიწყეთ ახალი ცხოვრება... ორ წელიწადში ჯარში გამიწვიეს. ჯარში გაწვევიდან 6 თვეში ლიბანის ომი დაიწყო და ომში წასვლა მომიხდა... სანიტრად ვმუშაობდი, დაჭრილებს ვუვლიდი. ჯარის შემდეგ საავადმყოფოში - საოპერაციოში ვმუშაობდი. იმ პერიოდში ისრაელში ძალიან სერიოზული ქართული ცეკვის ანსამბლი იყო. ბავშვობაში თბილისში ქართული ცეკვის სტუდიაში ვსწავლობდი და ისრაელში, სამსახურის პარალელურად ცეკვა დავიწყე... შემდეგ შევქმენით კვარტეტი, ჩემი ვოკალი დავხვეწე და ნელ-ნელა წავედით წინ. ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ჯგუფში, რეპეტიციებზე ვაგვიანებდი და ერთხელ დამემუქრენ ანსამბლიდან გაგრიცხავთო... ვიფიქრე, ვიდრე გამრიცხავდნენ, თავად წავალ-მეთქი. წავედი და დავიწყე სოლოკარიერა. მერე ჩამოვაყალიბე ანსამბლი, წელიწადნახევარი სარდაფში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები ჩაკეტილი და სიმღერებს ვქმნიდით. შევადგინეთ პროგრამა და პატარა-პატარა გამოსვლები დავიწყეთ.

- მალე პოპულარულიც გახდით...

- 1985 წელს ისრაელში პირველად გაიმართა ქართული სიმღერის ფესტივალი. ფესტივალში ქართველ-ებრაელი მომღერლები მონაწილეობდნენ. მაშინ დავწერე სიმღერა – "ორი სიყვარული". სიმღერა ფესტვალზე შევასრულეთ. ჟიურის წევრები არამარტო ქართველ-ებრაელები, არამედ ისრაელის ძალიან ღვაწლმოსილი კომპოზიტორებიც იყვნენ... ფესტივალზე პირველი ადგილი მომანიჭეს, იმ დღიდან დაიწყო ჩემი კარიერის აღმასვლა.

- საქართველოში როდის ჩამოხვედით?

- 1988 წელს, პირველი მოქალაქე ვიყავი, რომელიც ისრაელის პასპირტით საბჭოთა კავშირში შემოვიდა. ეს ყველაფერი რეჟისორ გიორგი დანელიას დამსახურებით მოხდა... დამტკიცებული ვიყავი მთავარ როლზე ფილმში - "პასპორტი". გიორგი დანელიას მოწვევით ჩამოვედი მოსკოვში, სადაც სასინჯი გადაღებები იყო დანიშნული, მაშინ ბატონმა გიორგი დანელიამ მითხრა, საქართველოში ჩამოვსულყავი და ახლობლები და მამის საფლავი მომენახულებინა, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო... შემდეგ ფილმში მთავარი როლი სხვამ შეასრულა, რადგან ფილმს ბიუჯეტი არ ეყო, რის გამოც ფრანგი პროდუსერი მოიწვიეს, რომელმაც მოითხოვა, მთავარ როლში ფრანგს ეთამაშა...  10 წლის წინ ირაელში ქართველებმა სატელევიზიო ლიცენზიის აღება შევძელით და შევქმენით ქართული ტელევიზია. გვაქვს 24-სათიანი მაუწყებლობა, პოპულარიზაციას ქართული ფილმებს და საერთოდ ქართულ ხელონებას ვუწევთ. როცა ადამიანი იბადება, ბედად თავის გზა დაჰყვება... მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ასეთი გზა მარგუნა , გზა, რომელმაც ერთნაირი სიყვარულით დამაკავშირა საქართველოსა და ისრაელს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)