"სანტა მოკვდა" ანუ ქართველი თოვლის ბაბუების კურიოზები
29-12-2014
"სანტა მოკვდა" ანუ ქართველი თოვლის ბაბუების კურიოზები
"ოჯახის ამერიკელმა უფროსმა  ბოკალში რამდენიმე სასმელი ერთმანეთში აურია და მომაწოდა... მაშინვე თავბრუ დამეხვა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ბავშვებს საჩუქრები გადავეცი და წამოვედი... მოვიძვრე ულვაში, მოვიხადე ქუდი და რომ არ წავქცეულიყავი, კიბეზე ჩამოვჯექი..."

ჩემი 6 წლის მეზობელი ლუკა, ერთი კვირაა, სანტა კლაუსისთვის წერილს წერს. რამდენიმეგვერდიანი საჩუქრების ნუსხა, სადაც ჩამოთვლილია სათამაშოები და კანფეტები, ასე მთავრდება: ,,მალე მოდი ჩემთან, სანტა კლაუსო".
დედაქალაქის სადღესასწაულოდ განათებულ ქუჩებსა და მაღაზიების თეთრად დაფიფქულ ვიტრინებს, რამდენიმე დღეა, ქუჩებში მოსიარულე
სანტა კლაუსებიც მიემატა. მოკლედ, დღეს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სანტა კლაუსის გამოძახება იოლი საქმეა, მთავარია, თქვენი ჯიბე გასწვდეს ხარჯებს. ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში, რადიო-ტელევიზიაში სანტა კლაუსის, თოვლის ბაბუის და ფიფქიების გამოძახების სარეკლამო რგოლები ტრიალებს. როგორც აღმოჩნდა, გამოძახების ადგილზე მისულებს ხშირად დამკვეთების უცნაური ახირებების
შესრულებაც უწევთ.

,,კვირის პალიტრა" რამდენიმე ორგანიზაციას დაუკავშირდა და ,,სანტა კლაუსებს" ყველაზე უცნაური და საინტერესო გამოძახებების ამბები გაახსენებინა.


,,დამიძინე ბავშვი, სანტა!"


შარშან, გამოძახებაზე მისულ სანტას, ოჯახში მთელი ღამის გათენებამ იმის გამო მოუწია, რომ მშობლები პატარას ვერ აძინებდნენ. 12 საათზე მისულ სანტას ოთხი წლის გოგონა სახლიდან აღარ უშვებდა და დაჟინებით სთხოვდა, მიმღერეო. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ერთადერთი შვილის ახირება საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან სანტა კლაუსმა დანარჩენი შეკვეთები გააუქმა.

სანტა და ნიშნობის ბეჭდი

სანტა კლაუსი: "ახალი წლის წინა დღეებში უამრავი ზარი შემოდის. ბევრი უცნაური შეკვეთა შემისრულებია, მაგრამ გამორჩეული ერთი იყო. ერთხელ ჩვენს სერვისცენტრში ახალგაზრდა კაცი მოვიდა. იკითხა სერვისის ღირებულება და, როდესაც ყველაფერი ავუხსენით, დიდი მორიდებით მითხრა, - სათხოვარი მაქვსო. ერთი თვეა, შეყვარებულთან ნაჩხუბარი ვარ. მინდა, ცოლობა ვთხოვო და ნიშნობის ბეჭედი შენ მიუტანოო. უარი არ მითქვამს და ზუსტად 31 დეკემბერს, 12 საათი რომ გახდა, მითითებულ მისამართზე მივედი. კარი ოჯახის უფროსმა გამიღო და გაოცებულმა მკითხა, - ოჯახში ბავშვი არ გვყავს და ვინ გამოგიძახათო? რა ვქნა, დამიკვეთეს, რომ ამ მისამართზე მოვსულიყავი და საჩუქარი გადმომეცა-მეთქი. სტუმარი ღვთისააო და ოჯახში შემიპატიჟეს. გაშლილ სუფრასთან გოგონები ისხდნენ. რამდენიმე ჭიქის მერე იმ გოგონას სახელი ვიკითხე, რომლისთვისაც საჩუქარი უნდა გადამეცა. ერთმა ღიმილით დამიქნია თავი. მეც ჩანთიდან ლამაზად შეფუთული საჩუქარი ამოვიღე და გადავეცი. რომ გახსნა, ბედნიერებისგან კივილი დაიწყო. მაშინვე დაურეკა ნაჩხუბარ შეყვარებულს და უთხრა, რომ ძალიან უყვარდა. დღეს ეს ახალგაზრდები პატარას ელოდებიან. მათი პირველი შვილის თოვლის ბაბუა კი მე უნდა ვიყო...

,,ოჯახი დამილოცე, სანტა!"

ამბავი, რომელიც ერთმა "სტაჟიანმა" სანტამ გვიამბო, ჰოლივიდური ფილმის სიუჟეტს ჰგავს, თუმცა შარშან საქართველოში მოხდა: "სანტა კლაუსის სამსახური დეკემბრის დამდეგს იწყება და იანვრის ბოლომდე გრძელდება. ვცდილობთ, ამ მოკლე დროში გარკვეული ფინანსური სარგებელი ვნახოთ. ყოველთვის, როდესაც გამოძახებაზე გავდივართ, ოჯახის უფროსები სუფრასთან გვეპატიჟებიან და თითო ჭიქა ღვინოსაც გვთავაზობენ. შარშან, 31 დეკემბერს,  15 გამოძახება მქონდა. პირველად ვაკეში წავედი. დიასახლისი ქართველი გახლდათ და მამაკაცი - ამერიკელი. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ, წიწილებივით ყვითლები და საყვარლები. როგორც ჩანს, ამერიკელ სიძეს ქართული ტრადიციები კარგად ჰქონდა ათვისებული და ოჯახში ფეხის შედგმისთანავე სუფრასთან მიმიწვია - არც ქართული კერძები აკლდა და არც უცხოური, სასმელიც ბლომად იყო. ოჯახის უფროსმა - ჯერ ჩემი ქვეყნის სასმელს გაგასინჯებ და მერე ქართული ღვინით ოჯახი დამილოცეო. უარი არ მითქვამს, ბოკალში რამდენიმე სასმელი ერთმანეთში აურია და მომაწოდა, 200 გრამიც არ იქნებოდა. იმის გამო, რომ კიდევ რამდენიმეგან უნდა მივსულიყავი, ოჯახი დავლოცე და ბოკალი ბოლომდე გამოვცალე. მაშინვე თავბრუ დამეხვა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ბავშვებს საჩუქრები გადავეცი, სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და წამოვედი. მოვდივარ და ვხვდები - ძალიან მცხელა, მოვიძვრე ულვაში, მოვიხადე ქუდი და რომ არ წავქცეულიყავი, კიბეზე ჩამოვჯექი. აი, მერე კი არაფერი მახსოვს. დილით პატარა გოგონას კივილმა გამომაღვიძა - სანტა მოკვდაო...


სანტა კლაუსი


19 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია სასწაულმოქმედი წმინდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება სანტა კლაუსის დაბადება. წმინდა ნიკოლაუსს გერმანიაში VI  საუკუნიდან, რომში კი - VIII საუკუნიდან ეთაყვანებიან. ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი დიდი ქველმოქმედი და მოწყალე იყო. მან გადაარჩინა ქალაქი მირონ-ლუკია შიმშილს... ამიტომაც დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ - სანტა კლაუსად იქცა. შობა ღამეს, წმინდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ჩამოვა და წინდებში საჩუქრებს დატოვებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები